დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.03.2001
საქმის ნომერი
2კ-14კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.03.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹14კოლ 1 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი

განიხილა სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ პროკურორ ზ. რ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც:

1. ნ. ჯ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,117-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (ძველი რედაქცია) და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა გამასწორებელი სამუშაოები 365 დღე. გამასწორებელი სამუშაოების 3 დღე ჩაეთვალა თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეში, პატიმრობაში გატარებული 122 დღე ჩაეთვალა სასჯელის მოხდის საერთო დროში და პატიმრობიდან გათავისუფლდა.

2. მ. ხ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,117-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა გამასწორებული სამუშაოები 300 დღე. გამასწორებელი სამუშაოების 3 დღე ჩაეთვალა თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეში, წინასწარი გამოძიების დროს პატიმრობაში გატარებული 122 დღე ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში და პატიმრობიდან გათავისუფლდა.

პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით ნ. ჯ-შვილსა და მ. ხ-შვილს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 1999 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 5 საათზე, მთვრალი ჯ-შვილი ხ-შვილთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე მდებარე კერძო კომერციულ ჯიხურთან, სადაც გამყიდველად მუშაობდა მ. ბ-შვილი.

ნ. ჯ-შვილმა მ. ბ-შვილს მოსთხოვა 1 ბოთლი არაყი და სიგარეტი უფასოდ, რაზედაც მიიღეს რა უარი, ნ. ჯ-შვილმა ჩატეხა ჯიხურის მინა და ორივემ გამყიდველს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგ ბ-შვილისაგან მათი მოთხოვნის უარყოფით განაწყენებულმა ნ. ჯ-შვილმა და მ. ხ-შვილმა გადაწყვიტეს მასთან ძალადობის გამოყენებით სქესობრივი ურთიერთობის დამყარება, მაგრამ ამ უკანასკნელის მიერ აქტიური წინააღმდეგობის გამო მათ ჯიხურში ვერ შეძლეს სქესობრივი კავშირის დაჭერა, რადგანაც მ. ბ-შვილმა მოახერხა ჯიხურიდან გაქცევა, რომელსაც დაედევნა როგორც ჯ-შვილი, ასევე ხ-შვილი.

მ. ბ-შვილს დაეწია მ. ხ-შვილი, სტაცა ხელი და წააქცია, ხოლო ნ. ჯ-შვილმა შემოახია ზედა ტანსაცმელი, მთელი ამ ხნის განმავლობაში ნ. ჯ-შვილი და მ. ხ-შვილი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მ. ბ-შვილს და ემუქრებოდნენ ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირის დაჭერით. ნ. ჯ-შვილმა ასევე მითითება მისცა მ. ხ-შვილს, რომ გაეხადა შარვალი ბ-შვილისათვის, რისი შესრულებაც მან დაიწყო, მაგრამ ვერ მოახერხა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ მიწაზე წაქცეული ბ-შვილი იქნევდა ფეხებს და მათ აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა. როდესაც მ. ბ-შვილი დარწმუნდა, რომ მის წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, მოტყუებით შესთავაზა ნ. ჯ-შვილს და მ. ხ-შვილს შესულიყვნენ ჯიხურში და იქ განეხორციელებინათ მათი განზრახვა, მასთან სქესობრივი კავშირის დაჭერის მიზნით.

მ. ბ-შვილს ჯიხურში შეჰყვა ნ. ჯ-შვილი, ხოლო ხ-შვილი დარჩა გარეთ. ჯიხურში ყოფნისას მ. ბ-შვილმა შესძლო ნ. ჯ-შვილის შეცდომაში შეყვანით მისი დაწყნარება, უთხრა, რომ მისულიყვნენ მასთან საღამოს 18 საათზე და გაყვებოდა სქესობრივი კავშირის დასამყარებლად, რაც ჯ-შვილმა და ხ-შვილმა დაიჯერეს და წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან. მ. ბ-შვილმა მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა რაიონის პოლიციას და როდესაც შეთანხმების თანახმად, ნ. ჯ-შვილი და მ. ხ-შვილი მივიდნენ კომერციულ ჯიხურთან, ისინი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, რომ მსჯავრდებულებს ნებაყოფლობით არ აუღიათ ხელი დაზარალებულ ბ-შვილის გაუპატიურებაზე, არამედ დაზარალებულის მხრიდან უკეთესი ვარიანტის შეთავაზების გამო გადადეს მასთან სქესობრივი კავშირის დაჭერა. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღების შესახებ გადაწყვეტილება თვით დამნაშავემ უნდა მიიღოს, მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი გადაწყვეტილება დამნაშავეებს თვითონ არ მიუღიათ.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ღ-შვილმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

მსჯავრდებულმა ნ. ჯ-შვილმა აღნიშნა, რომ მათ თვითონ აიღეს ხელი ბ-შვილის გაუპატიურებაზე და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო კოლეგიამ სავსებით კანონიერად აღნიშნა, რომ მსჯავრდებულების ნ. ჯ-შვილისა და მ. ხ-შვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზარალებულ მ. ბ-შვილის გაუპატიურების მცდელობას, მაგრამ მათ დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით აიღეს ხელი. მათთვის ხელი არავის შეუშლია, რომ ბოლომდე მიეყვანათ თავიანთი განზრახვა, მათ დაუჯერეს მ. ბ-შვილს, რომ საღამოს ნებაყოფლობით დაამყარებდა მათთან სქესობრივ კავშირს, ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ ნ. ჯ-შვილმა და მ. ხ-შვილმა ნებაყოფლობით აიღეს ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, რაც საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლის მეხუთე ნაწილიდან გამომდინარეობს.

ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ნ. ჯ-შვილისა და მ. ხ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.