საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 01.05.2001
საქმის ნომერი
2კ-42დად.-2001
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
01.05.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 42დად 1 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა ქ. სოხუმის და სოხუმის რაიონის პროკურორის მოადგილის ჭ. ც-იას საკასაციო საჩივარი სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა აფხაზეთის ა/რ ტურიზმისა და კურორტების მთავარი სამმართველოს უფროსი გ. მ-იანის საჩივარი და გაუქმდა აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროო სამსახურის მიერ ზ. ბ-იანის მიმართ 1998 წლის 12 დეკემბერს გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

აფხაზეთის ა/რ ტურიზმისა და კურორტების მთავარი სამმართველოს უფროსმა გ. მ-იანმა 1997 წლის 12 ივნისს საჩივრით მიმართა აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს, ამავე სამმართველოს მძღოლი ზ. ბ-იანის მიმართ, რომელსაც სამმართველოს კუთვნილი “ლაზ” 699 მარკის ავტობუსი, გადაცემული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე, ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ავტობუსის გაძარცვისა და ნაწილებად გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით.

აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, 1998 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული ავტობუსის მძღოლად 1988 წლის მაისის თვიდან ქ. სოხუმში ავტობაზა “ტურიზმში” მუშაობდა ზ. ბ-იანის ძმა თ. ბ-იანი. 1990 წელს ავტობაზა “ტურიზმსა” და ამ უკანასკნელს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება.

1993 წლის ივნისის თვეში თ. ბ-იანი აღნიშნული ავტობუსით იმყოფებოდა ოჩამჩირის რაიონის სოფ. კინდღში, სადაც შეიარაღებული ფორმირების წევრებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად ავტობუსი დაზიანდა. თ. ბ-იანმა შეძლო მიმალულიყო. ერთი თვის შემდეგ, თ. ბ-იანმა ავტობუსი გაძარცვულ მდგომარეობაში იპოვა სოფ. კინდღში, მან ავტობუსი ამავე ავტობაზაში მძღოლად მომუშავე ი. გ-უას დახმარებით, რომელმაც ავტობუსის მწყობრში მოსაყვანად საჭირო ნაწილები ათხოვა, ჩამოიყვანა ქ. თბილისში. ამის ავტობუსის შეკეთების შემდეგ, 1996 წლის მარტის თვეში გამოცხადდა აფხაზეთის ა/რ ტურიზმისა და კურორტების მთავარ სამმართველოში, სადაც მათ შორის გაფორმებულ იქნა იჯარის ხელშეკრულება. 10-15 დღის შემდეგ ავტობუსის ძრავი გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც მან ვერ შეძლო მუშაობა. 1996 წლის 20 აგვისტოს კი საიჯარო ხელშეკრულება დაიდო ტურიზმისა და კურორტების მთავარ სამმართველოსა და ზ. ბ-იანს შორის. ვინაიდან ავტობუსი კვლავ გაუმართავი იყო, ზ. ბ-იანს ავტობუსის მწყობრში მოყვანაში დაეხმარა მეზობელი შ. მ-შვილი, რომელმაც ავტობუსს ჩაუდგა ძრავი და სხვა ნაწილები, იმ პირობით, რომ მიღებულ შემოსავალს გაინაწილებდნენ. ორი თვის შემდეგ შ. მ-შვილსა და ზ. ბ-იანის შორის წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე მ-შვილმა მის მიერ ზ. ბ-იანისათვის გადაცემული ავტობუსის ნაწილები დაიბრუნა უკან. 1997 წლის თებერვლიდან ავტობუსი გაუმართავ მდგომარეობაშია. აღნიშნულის საფუძველზე, ზ. ბ-იანის ქმედობაში დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო, უარი ეთქვა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

მითითებული დადგენილება აფხაზეთის ა/რ და საქართველოს გენერალური პროკურატურების მიერ მიჩნეულ იქნა კანონიერად.

აფხაზეთის ა/რ სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლომ 2001 წლის 23 თებერვლის დადგენილებით მიიჩნია, რომ თ. ბ-იანმა მასზე ხელშეკრულებით გადაცემული სამმართველოს კუთვნილი ავტობუსი თვითნებურად გადასცა თავის ძმა ზ. ბ-იანს. ამ უკანასკნელმა შემდგომ დაშალა ა/მანქანა და დაუდგენელ პირებს მიჰყიდა ნაწილებად, რითაც აფხაზეთის ა/რ კურორტებისა და ტურიზმის სამმართველოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, გააუქმა აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის 1998 წლის 12 დეკემბრის დადგენილება ზ. ბ-იანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მოკვლეული მასალები გადაუგზავნა სოხუმის და სოხუმის რაიონის პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.

საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს აფხაზეთის ა/რ სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 თებერვლის დადგენილების გაუქმებას და აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის მიერ 1998 წლის 12 დეკემბრის სისხლის სამართლის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების ძალაში დატოვებას.

კასატორმა სასამართლო სხდომაზე მოითხოვა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 23 თებერვლის დადგენილების გაუქმება და მიუთითა, რომ მოკვლეულ მასალებში არსებული ¹ 8 საიჯარო ხელშეკრულებით დადგენილია შემდეგი: თ. ბ-იანმა თავის ძმა ზ. ბ-იანს თვითნებურად კი არ გაუფორმა საიჯარო ხელშეკრულება, არამედ საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა ოფიციალურად, ზ. ბ-იანსა და ტურიზმისა და კურორტების სამმართველოს შორის. ი. ბ-იანის, ზ. ბ-იანის, თ. ბ-იანის, ი. გ-უას გამოკითხვის ოქმებით, ასევე, დადგენილია, რომ 1993 წელს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლების შედეგად დაზიანებული ავტობუსი თ. ბ-იანმა საკუთარი სახსრებით ჩამოიყვანა თბილისში, ავტობუსის ტექნიკური დათვალიერების მოწმობით დადგენილია, რომ ავტობუსს ძრავი შეცვლილი აქვს, რაც მოხდა ძმები ბ-იანების სახსრებით.

¹ 8 საიჯარო ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო 1996 წლის 20 აგვისტოს ტურიზმისა და კურორტების სამმართველოს და ზ. ბ-იანს შორის, თან არ ერთვის ოქმი იჯარის საგნის დათვალიერების შესახებ და ასევე, ქონების იჯარით მიღება-ჩაბარების აქტი. ასეთი არც ოქმი და არც აქტი სამმარვთელოს არ მოეპოვება, რითაც შესაძლებელი გახდებოდა საპირისპიროს მტკიცება, ანუ ის, რომ ძმებ ბ-იანებს ავტობუსი საკუთარი სახსრებით არ აღუდგენიათ.

სასამართლო სხდომაზე ზ. ბ-იანმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

აფხაზეთის ა/რ ტურიზმისა და კურორტების მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა დ. ს-ძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მითუთია, რომ ზ. ბ-იანს სადავო ავტობუსზე საიჯარო ხელეშკრულება თვითნებურად გაუფორმა მისმა ძმამ თ. ბ-იანმა, რის შემდეგაც ზ. ბ-იანმა ავტობუსი ნაწილებად გაასხვისა და სამმართველოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, აფხაზეთის ა/რ ტურიზმისა და კურორტების მთავარ სამმართველოს წარმომადგენელს, ზ. ბ-იანს, ვის მიმართაც გამოტანილი იქნა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, შეისწავლა მოკვლეული მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოკვლეულ მასალებში არსებული აფხაზეთის ა/რ ტურიზმისა და კურორტების მთავარ სამმართველოსა და ზ. ბ-იანს შორის 1996 წლის 20 აგვისტოს დადებული ¹ 8 საიჯარო ხელშეკრულებით უარყოფილია თ. ბ-იანის მიერ ზ. ბ-იანისათვის საიჯარო ხელშეკრულების თვითნებურად გაფორმების ფაქტი.

1993 წლის ივნისის თვეში ოჩამჩირის რაიონის სოფ. კინდღში, სამხედრო ფორმირებების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებული ავტობუსის თბილისში თ. ბ-იანის მიერ საკუთარი სახსრებით ჩამოყვანის ფაქტი დადგენილია ი. ბ-იანის, ზ. ბ-იანის, ი. გ-უას, თ. ბ-იანის გამოკითხვის, ავტობუსის დათვალიერების ოქმებით. აღნიშნული არც აფხაზეთის ა/რ ტურიზმისა და კურორტების მთავარ სამმართველოს წარმომადგენელმა უარყო სასამართლო სხდომაზე.

“ლაზ” 399 მარკის ავტობუსის ¹ 3886 გაზ ტექნიკური დათვალიერების მოწმობით დადგენილია, რომ ავტობუსს ძრავი აქვს შეცვლილი, ძრავი საკუთარი სახსრებით შეცვალეს ძმებმა ბ-იანებმა, რაც, ასევე, არ უარყო სასამართლო სხდომაზე მთავარ სამმართველოს წარმომადგენელმა. ზ. ბ-იანსა და ტურიზმისა და კურორტების მთავარი სამმართველოს შორის დადებული ¹ 8 საიჯარო ხელშეკრულებას თან არ ერთვის ოქმი იჯარის საგნის დახასიათების შესახებ (დანართი ¹ 1) და ქონების იჯარით მიღება-ჩაბარების აქტი (დანართი ¹ 3). აღნიშნული აქტები არც ზ. ბ-იანს და არც ტურიზმისა და კურორტების მთავარ სამმართველოს არ მოეპოვებათ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ზ. ბ-იანს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

სარეზოლუციო ნაწილი:

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 243-ე, 561-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 თებერვლის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა აფხაზეთის ა.რ შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის 1998 წლის 12 დეკემბრის დადგენილება ზ. ბ-იანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.