საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 541 დად 16 იანვარი, 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ტურავა
მოსამართლეები: რ. შველიძე, მ. ისაევი
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის ჯ. ს-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც ვ. ს-ძის ბრალდების საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლით (ძველი რედაქცია) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საბრალდებო დასკვნით ვ. ს-ძეს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: მუშაობდა რა შპს კომერციულ ბანკ “მერკურის” ქუთაისის ფილიალის მმართველად, ბოროტად გამოიყენა სათაო ბანკ “მერკურის” მმართველის მ. გ-ავას ნდობა, ამ უკანასკნელისაგან 1998 წლის 9 იანვრის წერილით აიღო ნებართვა ბანკ “რიონიდან” 100 ათასი ლარის სესხის მიღებაზე, რის შემდეგაც იმავე წლის 13 იანვარს სააქციო საზოგადოება კომერციულ ბანკ “რიონთან” გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება და თაღლითური გზით გაიტაცა კომერციულ ბანკ “მერკურის” საზოგადოებრივი ქონება _ 78774 ლარის ოდენობით.
სასამართლო კოლეგიამ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დააბრუნა Aშემდეგი მითითებით: განსასჯელმა ვ. ს-ძემ თავისი თაღლითური მოქმედებით მატერიალური ზიანი მიაყენა არა მხოლოდ ბანკ “მერკურს”, არამედ ბანკ “რიონსაც”. მით უმეტეს, ბანკმა “რიონმა” ვერ მიიღო საპროცენტო განაკვეთით განსაზღვრული თანხის ის ნაწილი, რაც მას 100 ათასიანი სესხის მიზნობრივი გამოყენების შედეგად ეკუთვნოდა. ეს გარემოება კი ბანკ “რიონის” დაზარალებულად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, რაც საქართველოს სსსკ-ის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველია.
წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი ჯ. ს-ძე ითხოვს სასამართლო კოლეგიის განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორ ე. ღ-შვილის დასკვნა, რომელმაც მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაზარალე-ბული არის ფიზიკური პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ან შეურაცხადი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო მოსარჩელეა პირი, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა ამ ზიანის ანაზღაურების შესახებ. იურიდიული პირი ან ორგანიზაცია სამოქალაქო მოსარჩელედ მიიჩნევა, თუ ის მოითხოვს ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებას.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონით გამიჯნულია, თუ ვინ შეიძლება იყოს დაზარალებული (ეს არის ფიზიკური პირი) და რა შემთხვევაში შეიძლება იურიდიული პირი ან ორგანიზაცია ცნობილ იქნეს სამოქალაქო მოსარჩელედ. კანონით ასევე განსაზღვრულია მათი უფლება-მოვალეობაც.
პალატა თვლის, რომ თუკი სასამართლო კოლეგია მიიჩნევდა, რომ ბანკმა “რიონმა” ს-ძის ქმედების შედეგად განიცადა ქონებრივი ზიანი, მაშინ ბანკ “რიონის” მოთხოვნით შეიძლებოდა ის ცნობილი ყოფილიყო სამოქალაქო მოსარჩელედ, ასეთი მოთხოვნა კი საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, ბანკი “რიონი” არ შეიძლება მიჩნეულიყო დაზარალებულად, რადგან ის არ არის ფიზიკური პირი და თუ დააყენებს სამოქალაქო სარჩელს, იგი სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება ცნობილ იქნეს სამოქალაქო მოსარჩელედ, რადგან იურიდიული პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობისათვის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება არ არის საჭირო და სასამართლოს ის ნებისმიერBსტადიაზე შეუძლია ცნოს სამოქალაქო მოსარჩელედ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ საქმე ისე დააბრუნა დამატებითი გამოძიებისათვის, რომ არ არსებობდა ამის კანონიერი საფუძველი.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინება ვ. ს-ძის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.