საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 29.03.2001
საქმის ნომერი
2კ-33-აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.03.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 33-აპ 29 მარტი 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები : ნ. გვენეტაძე, გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულის ადვოკატის ა. კ-ას და დაზარალებულ რ. გ-იანის საკასაციო საჩივრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც გ. დ-ია, ქართველი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, მეხუთე კურსის სტუდენტი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე ორი წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება. დაზარალებულის სამოქალაქო სარჩელი დატოვებული იქნა ღიად.

მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივარი ითხოვს გ. დ-იას მიმართ შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას. დაზარალებულის საჩივარი კი ითხოვს სასჯელის ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის გადაცემას.

პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გ. ბორჩხაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით გ. დ-იას ბრალი დაედო მასში, რომ 1998 წლის 2 ივნისს, დაახლოებით დილის 4 საათსა და 30 წუთზე ალკოჰოლური სასმელით ნასვამ მდგომარეობაში მართავდა რა მისი მამის კუთვნილ ავტომანქანა “ვოლვოს”, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის დროს ვერ დაიცვა მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ დაიმორჩილა მანქანის საჭე, ჯერ დაეჯახა გზის ბორდიურს, შემდეგ ხეს, რის შედეგადაც სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს მანქანაში მსხდომმა მისმა მეგობრებმა _ კ. მ-იამ და ზ. გ-იანმა. ეს უკანასკნელი 4 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ზ. გ-იანის ოჯახის წევრების კატეგორიული წინააღმდეგობის გამო გამოძიებამ ვერ მოახერხა გვამის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევა და სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენა. ამის გამო გ. დ-იას ბრალი შეერაცხა მხოლოდ საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 241-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

საქმე განიხილა რა სოხუმის რაიონულმა სასამართლომ \მოსამართლე ჯ. გვაგვალია\, 2000 წლის 7 დეკემბრის განაჩენით გ. დ-იას ბრალდების კვალიფიკაცია შესაბამისობაში მოიყვანა ახალი სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილთან, ბრალდებიდან ამორიცხა განსასჯელის მიერ ავტომანქანის მართვა ნასვამ მდგომარეობაში და განსასჯელს მიესაჯა ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ორი წლის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ადვოკატმა ა. კ-ამ და დაზარალებულის ადვოკატმა ნ. დ-ძემ. მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი ითხოვდა პირობითი სასჯელის გამოყენებას, ხოლო დაზარალებულის საჩივარი კი მიიჩნევდა, რომ განაჩენით დანიშნული სასჯელი არის აშკარად მსუბუქი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა დაზარალებული მხარის საჩივარი, გ. დ-იას სასჯელის ღონისძიებად განუსაზღვრა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად ამისა უარყო მსჯავრდებულის ადვოკატის მოთხოვნა პირობითი სასჯელის გამოყენების თაობაზე.

საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა რ. გ-იანმა და მისმა წარმომადგენელმა ადვოკატმა ნ. დ-ძემ ითხოვეს განაჩენის გაუქმება სასჯელის სიმსუბუქის მოტივით და საქმის გადაცემა ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.

სახელმწიფო ბრალმდებელმა გ. მიქაძემ მხარი დაუჭირა დაზარალებულის მოთხოვნას.

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით მეტისმეტი სიმსუბუქის გამო აშკარად უსამართლოა. ეს კი საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად განაჩენის გაუქმების საფუძველია.

ამასთან, საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უფრო სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს შემთხვევის მომენტში გ. დ-ია ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ხომ არ მართავდა ავტომანქანას.

მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივარი პალატას უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია. ამდენად, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ უნდა იქნას.

ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე და 565-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაზარალებულ რ. გ-იანის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნას.

გაუქმდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 თებერვლის განაჩენი გ. დ-იას მიმართ შეფარდებული სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო და საქმე ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.

მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უარყოფილ იქნეს მისი უსაფუძვლობის გამო.

განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.