საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 47აპ 22 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ვ. ვ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტის განაჩენზე, რომლითაც ვ. ვ-ძის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2001 წლის 18 ოქტომბერს დადგენილ განაჩენში შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის III ნაწილით (1961 წლის რედაქციით, 1997 წლის 17 ოქტომბრის ცვლილებებით) და სასჯელის ზომად შეეფარდა 1 (ერთი) წლით თ/აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტის განაჩენის ბრალდებულის სასიკეთოდ შეცვლას, კერძოდ, მისთვის შეფარდებული სასჯელის შეცვლას სასჯელის ისეთი სახით, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ვ-ძე გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა, შენახვისა და გადაზიდვისათვის გასაღების მიზნის გარეშე, რაც შემდეგში გამოიხატა: 2000 წლის მარტის თვეში (ზუსტი რიცხვი დადგენილი არ არის) ვ. ვ-ძე გორის რაიონის სოფ. ერგნეთის ბაზრობაზე ვაჭრობდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, სადაც მასთან მივიდა მისთვის უცნობი ოსი ეროვნების მამაკაცი ვინმე “ვადიკა”, რომელმაც შესთავაზა ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინი”. შეთანხმებისამებრ მეორე დღეს შეხვდნენ ერთმანეთს ბაზრობაზე, სადაც ამ უკანასკნელმა ვ-ძეს გადასცა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”. ვ. ვ-ძემ ეს ნარკოტიკული საშუალება მიიტანა და შეინახა მეუღლის დედის საცხოვრებელ ბინაში. იგი პერიოდულად იღებდა ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს”. 2000 წლის 10 მაისს იგი დაკავებულ იქნა. მისი სიდედრის საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს 5.1 გრ. ოდენობის ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.
გორის რაიონულმა სასამართლომ ცნო რა დამნაშავედ ვ. ვ-ძე საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მესამე ნაწილით (1961 წლის რედაქციით 1997 წლის 17 ოქტომბრის ცვლილებებით), სასჯელის ზომად შეუფარდა 2 (ორი) წლით თ/აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. მის მიმართ გამოყენებულ იქნა პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა ერთი წელი.
შიდა ქართლის ოლქის პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო რა ვ-ძისაგან დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინის” ამოღების ფაქტი, მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით ვ-ძისათვის დანიშნული სასჯელი აშკარად შეუსაბამო იყო მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში, სასჯელის ნაწილში, შეიტანა ცვლილება, კერძოდ; ვ. ვ-ძე ცნო რა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის III ნაწილით (1961 წლის რედაქციით, 1997 წლის ცვლილებით) სასჯელის ზომად შეეფარდა 1 (ერთი) წლით თ/აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასამართლო სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მსჯავრდებულმა ვ. ვ-ძემ ასევე მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიუთითა, რომ, მართალია, ვ. ვ-ძის სიდედრის ბინიდან ამოღებულ იქნა 5,1 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რაც დიდ ოდენობას წარმოადგენს და რაც დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება, მაგრამ ეს გარემოება არ შეიძლება განხილულ იქნეს მსჯავრდებულ ვ. ვ-ძის საზიანოდ, ვინაიდან ამ ქმედების ჩადენის დროს მოქმედებდა სისხლის სამართლის კოდექსი 1961 წლის რედაქციით, რომლის თანახმადაც, ზემოთ მითითებული დანაშაული არ მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა რიცხვს (სსკ-ის მე-8 მუხლი 1961 წლის რედაქციით).
სახელმწიფო ბრალმდებელმა ვ. ვ-ძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რომ ის წარსულში არ არის ნასამართლევი, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩანადენს, მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 21 მარტის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, შევიდეს ცვლილება და ვ. ვ-ძის მიმართ გამოყენებულ იქნას პირობითი მსჯავრი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა კასატორებს, მსჯავრდებულ ვ. ვ-ძეს და მისი ინტერესების დამცველს, რომლებიც ითხოვენ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, პროკურორს, რომელიც ასევე ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულმა ვ. ვ-ძემ როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე სასამართლო განხილვის ყველა სტადიაზე თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მას მთლიანად აქვს შეგნებული მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და გულწრფელად ინანიებს, წინასწარი გამოძიებისას და სასამართლო განხილვის სტადიაზე თავისი მოქმედებით ხელს უწყობდა საქმის მწარმოებელ ორგანოებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დადგენაში, პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით მიუთითა ბინაზე, თუ სად ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, დროულად ცხადდებოდა საქმის მწარმოებელ ორგანოებში, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან დღემდე არ ჩაუდენია სხვა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, წარსულში არ არის ნასამართლევი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 მარტის განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულ ვ. ვ-ძის სასიკეთოდ; მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს პირობითი მსჯავრი.
სარეზოლოუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “დ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტის განაჩენში ვ. ვ-ძის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მესამე ნაწილით (1961 წლის რედაქციით 1997 წლის 17 ოქტომბრის ცვლილებებით), სასჯელის ნაწილში შევიდეს ცვლილება: საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ვ. ვ-ძისათვის შეფარდებული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თ/აღკვეთა - პირობით არ იქნეს მის მიმართ გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი. ვ. ვ-ძის ყოფაქცევაზე დაწესდეს კონტროლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს მიერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა ამ სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.