დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 59აპ 5 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 აპრილის განაჩენზე, რომლითაც მის მიმართ შეიცვალა საგარეჯოს სასამართლოს 2000 წლის 19 სექტემბრის განაჩენი.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 სექტემბრის განაჩენით გ. გ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 აპრილის განაჩენით გ. გ-ძის მიმართ განაჩენი შეიცვალა: იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით გ. გ-ძეს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, რომელიც ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:
გ. გ-ძე 1996 წლის 17 დეკემბერს გასამართლებულ იქნა თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს მიერ სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა 1998 წლის 18 ივნისს.
2000 წლის 22 მაისს გ. გ-ძემ ამავე საქმეზე მსჯავრდებულ მ. შ-ძესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, საგარეჯოს რაიონის სოფ. ... მცხოვრებ რ. ჭ-შვილს, საქონლის სადგომში შეღწევით ფარულად გასტაცეს 650 ლარად ღირებული ძროხა, 310 ლარად ღირებული მოზვერი, 130 ლარად ღირებული ხბო, საქონელი დაკლეს, ხორცს გაუკეთეს რეალიზაცია და მიღებული თანხა 400 ლარი - ურთიერთშორის გაინაწილეს.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული გ. გ-ძე მიუთითებს, რომ მას ქურდობა არ ჩაუდენია. წინასწარი გამოძიების დროს აღიარებითი ჩვენებები მიცემული აქვს პოლიციის ზემოქმედების შედეგად. მან მ. შ-ძის ქურდობის შესახებ გაიგო შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რაც არ განაცხადა პოლიციაში. ითხოვს განაჩენის შეცვლას იმ მიმართებით, რომ მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 206-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და მის შესაბამისად განესაზღვროს სასჯელი.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. მ-ძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს. მან გ. გ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნია და ითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ განაჩენი გ. გ-ძის მიმართ დასაბუთებული და კანონიერია.
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივარს, თითქოს მსჯავრდებულს ქურდობა არ ჩაუდენია და მას წინასწარი გამოძიების დროს აღიარებითი ჩვენებები მიცემული აქვს პოლიციის მხრიდან ზემოქმედების შედეგად, რადგან ასეთის დამადასტურებელი მასალები საქმეში არ არის.
გ. გ-ძის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაული დადასტურებულია ამავე საქმეზე მსჯავრდებულ მ. შ-ძის ჩვენებებით, დაზარალებულ რ. ჭ-შვილის, მოწმეების: გ. ჭ-შვილის, გ. ხ-შვილის, ნ. ხ-შვილის განმარტებით, მისი შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმით, ნივთმტკიცებით, საქმის ერთობლივი მასალებით.
სააპელაციო პალატამ განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო.
სარეზოლუციო ნაწილი:
აღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებული გ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 აპრილის განაჩენი გ. გ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.