განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 13I 22 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა დაზარალებულ მ. ა-ძე–გ-იას წარმომადგენლის _ ადვოკატ მ. ნ-ძის და მსჯავრდებულ ბ. ც-ავას კერძო საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმებული იქნა ხობის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრის განაჩენი ბ. ც-ავას მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
აღწერილობითი ნაწილი:
ხობის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენით ბ. ც-ავას მსჯავრი დაედო მასში, რომ 1999 წლის 29 დეკემბერს 11 საათზე ხობის რაიონის სოფ. ხამისკურის ტერიტორიაზე, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის “ბმვ-318” მართვის დროს დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების 28-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 29-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, მოახდინა ავტოავარია, რის შედეგადაც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მანქანაში მყოფმა მგზავრმა მ. ა-ძე–გ-იამ. ბ. ც-ავას ეს დანაშაულებრივი ქმედება სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირებული იქნა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით და მსჯავრდებულს სასჯელის ღონისძიებად შეეფარდა 350 ლარით დაჯარიმება.
განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა დაზარალებულის მიერ და ითხოვდა ბ. ც-ავას მიმართ სასჯელის გამკაცრებას თავისუფლების აღკვეთის სახით, აგრეთვე ფიზიკური და მორალური ზიანის, ასევე მომავალში მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას ან საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გაუქმებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:
სასამართლო პროცესი ჩატარდა ღამის საათებში, რითაც სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ღამით დაუშვებელია.
სასამართლომ, დაზარალებულ მ. ა-ძე–გ-იას არ აცნობა მხარეთა კამათის ჩატარების ზუსტი დრო, რის გამოც მან მონაწილეობა ვერ მიიღო სასამართლოს დასკვნით სტადიაში. ამით შეილახა დაზარალებულის _ იგივე სამოქალაქო მოსარჩელის უფლება.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა საქმის დამატებით გამოძიებისათვის დაბრუნების თაობაზე.
დაზარალებულის წარმომადგენლის კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მოტივით, რომ გამოკვლეული და დადგენილი არ არის დაზარალებულმა მ. ა-ძე–გ-იამ მძიმე ხარისხის დაზიანება ავტოავარიის შედეგად მიიღო თუ ავარიის შემდეგ განზრახ მიაყენეს მას მძიმე დაზიანება.
მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის გადაცემას ან ხობის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა მ. ა-ძე–გ-იამ, ადვოკატებმა მ. ნ-ძემ და ლ. ღ-იამ მხარი დაუჭირეს საჩივრის მოთხოვნას საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების თაობაზე;
მსჯავრდებულმა ბ. ც-ავამ და ადვოკატმა ლ. ჯ-ძემ ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის გადაცემა ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის;
პროკურორმა გ. მ-ძემ იშუამდგომლა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
პალატამ მოუსმინა რა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, განჩინების კანონიერება და კერძო საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ დაზარალებული მხარის საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულის საჩივარს უარი ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქმის სასამართლო განხილვის დროს დაშვებული საპროცესო დარღვევების გამო. ამასთან, საქმე ნაცვლად ხელახალი სასამართლო განხილვისა, უნდა გაიგზავნოს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ და უფრო სრულყოფილად უნდა შემოწმდეს დაზარალებულის ვერსია იმის თაობაზე, რომ მან ფიზიკური დაზიანება მიიღო არამარტო ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად, არამედ ავარიის შემდგომ უცხო პირების მიერ ცემის გამოც. ამ საკითხის დამატებითი გამოკვლევის საფუძველს იძლევა დაზარალებული მხარის მიერ საკასაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დასკვნისა და საქმეში არსებული კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ურთიერთ შეჯერების საფუძველზე დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზით უნდა განისაზღვროს შეიძლებოდა თუ არა დაზარალებულ მ. ა-ძე–გ-იას ავარიის შედეგად მიეღო ყველა ის დაზიანება, რომლებიც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არის ნაჩვენები.
დამატებითი გამოძიების დროს უფრო დეტალურად და სრულყოფილად უნდა დაიკითხონ შემთხვევის მნახველი და შემთხვევის ადგილზე უახლოეს პერიოდში მისული მოწმეები. უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე ხომ არ იყო ისეთი ვინმე, რომელიც საქმეში არ ფიგურირებს. ასევე დადგენილი უნდა იქნეს ავტო-საგზაო შემთხვევის შემდეგ უახლოეს პერიოდში მძღოლი ბ. ც-ავა და მანქანის მგზავრები იყვნენ თუ არა გონზე, თუ საუბრობდნენ და ასრულებდნენ რაიმე გონებრივ მოქმედებას, შემთხვევის ადგილზე შეკრებილებმა იცნეს თუ არა დაზიანებულ ავტომანქანაში მყოფი პირები ან ვისგან გაიგეს მათი ვინაობა. დამატებითი გამოძიების დროს დაზუსტებული უნდა იქნეს დაზარალებულის სამოქალაქო სარჩელი.
საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ზემოთღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ც-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 თებერვლის განჩინებაში შეტანილი იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ საქმე ხელახალი სასამართლო განხილვის ნაცვლად დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურს.