დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 65-აპ 14 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ მ. პ-შვილის და თბილისის პროკურატურის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 აპრილის განაჩენზე, რომლითაც მ. პ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა ტუსაღობა 4 (ოთხი) თვის ვადით. სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, შეფარდებული სასჯელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით 1 (ერთი) წლის საგამოცდო ვადით.
მ. პ-შვილის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის სამსახურს.
მსჯავრდებული მ. პ-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას.
თბილისის პროკურატურა საკასაციო საჩივრით ითხოვს, სასჯელის ლმობიერების გამო, განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. პ-შვილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის:
მ. პ-შვილმა 1991 წელს სხვა დამფუძნებლებთან ერთად დააარსა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი, რომლის რექტორადაც იმავე წელს თვითონვე იქნა არჩეული. რექტორად მუშაობის პერიოდში გადაწყვიტა, გამხდარიყო თბილისის 102-ე საშუალო სკოლის დირექტორი, რისთვისაც მან გააკეთა: ყალბი დიპლომების ასლები, რითაც დასტურდებოდა, რომ მ. პ-შვილმა 1974 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1990 წლის 19 ნოემბერს ქ. მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის ხარისხი; შრომის წიგნაკის ყალბი ამონაწერი, სადაც მითითებული იყო, რომ მ. პ-შვილი 1975-1994 წლამდე მუშაობდა განათლების სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე. ამ დოკუმენტების საფუძველზე იგი 1996 წლის 31 იანვარს დაინიშნა 102-ე საშუალო სკოლის დირექტორად, რაზეც მუშაობდა 1997 წლის ივნისამდე.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ ცნო რა დამნაშავედ მ. პ-შვილი საქართველოს სსკ-ის 213-ე მუხლის II ნაწილით და 214-ე მუხლით (ძველი რედაქციით), სსკ-ის 40-ე მუხლით საბოლოოდ განუსაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე მ. პ-შვილის მიმართ სასჯელი პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად დაუნიშნა 3 (სამი) წელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის სააპელაციო პალატამ 2001 წლის 2 აპრილის განაჩენით თბილისის პროკურატურის და მსჯავრდებულ მ. პ-შვილის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა ზემოთ მითითებული სისხლის სამართლის საქმე, არ დააკმაყოფილა აპელანტების საჩივრები, კერძოდ კი სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა მ. პ-შვილისათვის რეალური სასჯელის შეფარდების თაობაზე. ასევე, მ. პ-შვილის საჩივარი მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ და შეიტანა ცვლილება განაჩენში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რადგან მ. პ-შვილმა ერთდროულად, ერთი მიზნის მისაღწევად დაამზადა ყალბი დოკუმენტები, მის მიერ ჩადენილი ქმედება მოიცავს მოქმედი სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს.
სააპელაციო პალატამ მ. პ-შვილი დამნაშავედ ცნო 362-ე მუხლის I ნაწილით, რისთვისაც შეუფარდა ტუსაღობა 4 (ოთხი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, შეუცვალა პირობითი მსჯავრით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მ. პ-შვილის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაავალა პრობაციის სამსახურს.
სასამართლო სხდომაზე მ. პ-შვილმა მოითხოვა განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია და იგი ემყარება ყალბ მტკიცებულებებს; მისი მითითებით, საქმეში არსებული ყველა ყალბი დოკუმენტი, რაც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, შექმნილია პოლიციის მუშაკების მიერ მის საწინააღმდეგოდ. თვით მისი ხელით შევსებული კადრების აღრიცხვის ფურცელი და ასევე საკუთარი ხელით დაწერილი ავტობიოგრაფია გამოძიებამ მიიღო მისგან ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლო სხდომაზე შეცვალა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა დაკვალიფიცირებული მ. პ-შვილის ქმედება მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით და მოითხოვა მ. პ-შვილისათვის ჯარიმის შეფარდება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა კასატორს, მსჯავრდებულ მ. პ-შვილს, სახელმწიფო ბრალმდებელს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ მ. პ-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. პ-შვილის ბრალეულობა დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით:
მოწმე, პოლიციის სამმართველოს თანამშრომელ რ. თ-შვილის სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებით, რითაც დგინდება, რომ განათლების სამმართველოდან ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოთხოვილ მ. პ-შვილის პირად საქმეში აღმოჩნდა ყალბი დოკუმენტები, მათ შორის - კადრების აღრიცხვის ფურცელი, სადაც მ. პ-შვილის მიერ მითითებული იყო, რომ იგი 1986 წელს მუშაობდა პედაგოგად უნივერსიტეტში, რეალურად კი ამ პერიოდში სასჯელს იხდიდა.
მოწმე, განათლების სამმართველოს უფროსის, ზ. მ-შვილის, ჩვენებებით დადგენილია, რომ 1996 წელს ¹ 102 საშუალო სკოლის დირექტორად მიღებულ იქნა მ. პ-შვილი, მის მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების დიპლომის, შრომის წიგნაკის ამონაწერის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მინიჭების დიპლომის ასლების საფუძველზე.
1996 წლის 20 თებერვლის განათლების სამმართველოს კოლეგიის სხდომის და თბილისის მერიის განათლების სამმართველოს 1996 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმის ამონაწერებით დადგენილია, რომ მ. პ-შვილის კანდიდატურის განხილვისას და მისი სკოლის დირექტორად დანიშვნისას მხედველობაში იქნა მიღებული მისი ბიოგრაფიული მონაცემები, რომლის თანახმადაც, მას დამთავრებული ჰქონდა თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი, იყო მეცნიერებათა დოქტორი, გააჩნდა პედაგოგიური მუშაობის 15 წლის სტაჟი, რასაც ადასტურებდა მის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და რის საფუძველზე იგი 1996 წლის 31 იანვარს დაინიშნა სკოლის დირექტორად.
აღნიშნულით უარყოფილია მ. პ-შვილის ჩვენებები იმ ნაწილში, რომ ზემოთ მითითებული თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტის დიპლომი, ასევე მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მინიჭების დიპლომი, შრომის წიგნაკის ამონაწერი არის ყალბად გაკეთებული პოლიციის თანამშრომლების მიერ და მათ მიერვე სანოტარო წესით არის დამოწმებული.
მ. პ-შვილის მითითებული ჩვენება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, რადგან მ. პ-შვილის მიმართ მოკვლევა ჩატარდა და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 1997 წელს, ხოლო მ. პ-შვილი სკოლის დირექტორად ყალბი დოკუმენტების საფუძველზე დაინიშნა 1996 წლის 31 იანვარს.
1996 წლის სანოტარო რეესტრით ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო ლიცენზიის მქონე ნოტარიუს მ. ჯ-ძის მიერ დამოწმებულ იქნა მ. პ-შვილის მიერ წარდგენილი თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის, ასევე მეცნიერებათა დოქტორის დიპლომების ასლები, რაც დადასტურებულ იქნა მ. პ-შვილის ხელმოწერითვე. ერთპიროვნული და კომისიური გრაფიკული ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილია, რომ რეესტრში მ. პ-შვილის სახელით შესრულებული ხელმოწერა მას ეკუთვნის.
სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, რომ სანოტარო რეესტრში მ. პ-შვილის სახელით შესრულებული ხელმოწერა არ არის საკმარისი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად, ვინაიდან საქმეში არსებული ერთობლივი მასალები უტყუარად ადასტურებენ მ. პ-შვილის მიერ დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარდგენილი ცნობით დასტურდება, რომ მ. პ-შვილს ამავე უნივერსიტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის ასისტენტად 1986 წლის 14 თებერვლიდან არ უმუშავია და საერთოდ არ უმუშავია.
ამავე უნივერსიტეტის საარქივო განყოფილებიდან წარმოდგენილი ცნობით დადგენილია, რომ ¹ 17654 დიპლომი სარეგისტრაციო ნომრით 61 ირიცხება ნ. ჩ-ძის სახელზე, ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა სიაში მ. პ-შვილის გვარი საერთოდ არ არის. ასევე არ არის ჭ-ძის გვარი, რასაც მ. პ-შვილი გათხოვებამდე ატარებდა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უმაღლესი საატესტაციო კომიტეტიდან წარმოდგენილი ცნობით დადგენილია, რომ ამ კომიტეტში არ არის რეგისტრირებული რაიმე დიპლომი მ. პ-შვილისათვის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების თაობაზე.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი მ. პ-შვილის მიერ დანაშაულის ჩადენა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 აპრილის განაჩენი მ. პ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელი.