საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 74-აპ 12 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ პ. ა-ურის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 1 თებერვლის განაჩენით პ. ა-ური ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 6 ნოემბრიდან. სამოქალაქო სარჩელი წარმოუდგენლობის გამო დარჩა ღიად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 1 თებერვლის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება: პავლე აფციაური ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
პ. ა-ურს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან არაერთგზის ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. მოძრავი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: პ. ა-ური 1992 წელს გასამართლდა ქ. რუსთავის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული. კერძოდ, 2000 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 19 საათზე, პ. ა-ურმა შენიშნა ქ.რუსთავში, თოდრიას სახელობის მოედანზე გაჩერებული ო. ჯ-ძის კუთვნილი “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანა, ისარგებლა იმით, რომ ავტომანქანის კარი ჩაკეტილი არ იყო, გახსნა იგი და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ო. ჯ-ძის კუთვნილ, 300 ლარად ღირებულ “პიონერის” მარკის მაგნიტოფონს და 50 ლარად ღირებულ ჩემოდანს, რომელშიც მოთავსებული იყო “ზენიტის” მარკის ფოტოაპარატი, ღირებული 65 ლარად. მანვე ფარულად გაიტაცა 20 ლარის ღირებულების საცხი, კრიმინალისტიკური იარაღების ნაკრები. ო. ჯ-ძის კუთვნილი ავტომანქანიდან პ. ა-ურმა სულ ფარულად გაიტაცა 435 ლარის ღირებულების ნივთები, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
მსჯავრდებული პ. ა-ური საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ საოლქო სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა მისი ავადმყოფობა, რომ არის II ჯგუფის ინვალიდი, ამასთან, საერთოდ არ გაითვალისწინა სასამართლო პროცესზე დაზარალებულის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მიყენებული ზიანი არ წარმოადგენდა მნიშვნელოვანს.
პროკურორი გ. მ-ძე არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას, თვლის, რომ განაჩენი კანონიერია და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2000 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 19 საათზე, ქ. რუსთავში, თოდრიას სახელობის მოედანზე, პ. ა-ური დაეუფლა რა ო. ჯ-ძის კუთვნილი ავტომანქანიდან მაგნიტოფონსა და პლასტმასის ჩემოდანს მასში მოთავსებული ნივთებით, გააგრძელა გზა კაფე “მერანის” მიმართულებით. გზაში შეხვდა ნაცნობ ბ. ქ-შვილს, რომელსაც შესთავაზა, გაეყიდათ აღნიშნული ნივთები და აღებული ფულით დაელიათ ალკოჰოლური სასმელი. ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ისინი დააკავეს და ადგილზევე მოახდინეს მათი პირადი ჩხრეკა.
პ. ა-ურის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ მას ადგილზევე ჩამოერთვა ო. ჯ-ძის კუთვნილი ავტომანქანიდან გატაცებული ნივთები, რომლებიც მოთავსებულ იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. ქ. რუსთავის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2000 წლის 12 ნოემბრის დადგენილებით პ. ა-ურისაგან ამოღებული ნივთები ცნობილ იქნა ნივთმტკიცებად და შესანახად ჩაბარდა დაზარალებულ ო. ჯ-ძეს, რაც დასტურდება საქმეში მოთავსებული ხელწერილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ო. ჯ-ძემ უჩვენა, რომ მოპარული ნივთები უკლებლივ დაუბრუნდა, არაფერი დაუკარგავს და განსასჯელთან პრეტენზია არ გააჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პ. ა-ურს უნდა მოეხსნას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მსჯავრდება, როგორც არასწორად წარდგენილი.
ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ პ. ა-ურს მოეხსნა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი _ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, არის ახალგაზრდა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაავადებულია ტუბერკულოზის მძიმე ფორმით, განიცდის უკიდურესად მძიმე მატერიალურ გაჭირვებას, პალატა თვლის, რომ პ. ა-ურს სასჯელის ზომა უნდა შეუმცირდეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 564-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პ. ა-ურის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 აპრილის განაჩენი პ. ა-ურის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მსჯავრდება და პ. ა-ურს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.