ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.09.2001
საქმის ნომერი
2კ-56კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.09.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

¹ 56 კოლ 11 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე

განიხილა ო. ჩ-შვილისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 7 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც ო. ჩ-შვილი სრულად იქნა რეაბილიტირებული თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე და ფინანსთა სამინისტროს დაევალა მის სასარგებლოდ სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით გადახდა. ამავე განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ო. ჩ-შვილისათვის მისი თანამდებობის განთავისუფლების დღიდან _ 1998 წლის 20 მაისიდან, თანამდებობაზე აღდგენის დღემდე, 2001 წლის 31 მაისამდე მიუღებელი განაცდური კუთვნილი ხელფასის სრული მოცულობით ანაზღაურება, წოდების, თანამდებობისა და ნამსახურობისათვის კანონით დადგენილი ყველა სარგოსა და დანამატის გათვალისწინებით.

აღწერილობითი ნაწილი:

ო. ჩ-შვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1997 წლის 10 მარტის ¹79 ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლად.

1998 წლის 1 ივნისს საქართველოს მთავარმა სამხედრო პროკურატურამ ო. ჩ-შვილის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. 1998 წლის 4 ივლისს და 28 სექტემბრს ო. ჩ-შვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 189-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 17, 189-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 961 მუხლითა და 274-ე მუხლის “ა” პუნქტით.

ბრალდებულ ო. ჩ-შვილს 1998 წლის 4 ივლისს ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა 3 თვის ვადით.

ო. ჩ-შვილი პატიმრობაში იმყოფებოდა 2000 წლის 28 ივნისამდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 28 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა ო. ჩ-შვილს შეეცვალა გაუსვლელობის ხელწერილით და სათანადო ქცევის შესახებ. იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 4 აპრილის განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 28 ივნისის განჩინებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 28 დეკემბრის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 27 მარტის განჩინებით ო. ჩ-შვილი მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში გამართლდა.

გამართლებულმა ო. ჩ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს რეაბილიტაციისა და უკანონოდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. მან ითხოვა განაცდური კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება, მისი თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ბინით უზრუნველყოფა და ბინის ღირებულების შესაბამისი თანხის ანაზღაურება; მორალური ზიანის ანაზღაურება ერთი მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 7 ივნისის განჩინებით ო. ჩ-შვილის მოთხოვნა სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მისთვის მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების და სხვა უფლებათა აღდგენის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ო. ჩ-შვილი სრულად იქნა რეაბილიტირებული თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე.

დაკმაყოფილდა ო. ჩ-შვილის მოთხოვნა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 1998 წლის 20 მაისიდან, თანამდებობაზე აღდგენის დღემდე - 2001 წლის 31 მაისამდე მიუღებელი განაცდური კუთვნილი ხელფასი სრული მოცულობით, წოდების, თანამდებობისა და ნამსამსახურობისათვის კანონით დადგენილი ყველა სარგოსა და დანამატის გათვალისწინებით, ანაზღაურების თაობაზე.

ო. ჩ-შვილის მოთხოვნას მისი თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ბინით უზრუნველყოფისა და ბინის შესაბამისი თანხის ანაზღაურების თაობაზე უარი ეთქვა.

ო. ჩ-შვილის მოთხოვნა სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – 50 (ორმოცდაათი) ათასი ლარის ოდენობით.

ო. ჩ-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების მის სასიკეთოდ შეცვლას, განჩინებაში ცვლილების შეტანას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ერთი მილიონი დოლარის ოდენობით, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის ხანგრძლივობის, მისი საზოგადოებრივი მდგომარეობის, პიროვნების, მის მიმართ უკანონო გამოძიებით მიყენებული შეურაცხყოფის, დამცირების, სულიერი ტანჯვისა და ტკივილის მხედველობაში მიღებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მისი, როგორც პროფესიონალი მეზღვაურის, ავტორიტეტი შეილახა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რამეთუ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვაო ძალების სარდლობა, შავი ზღვის აუზის ადმირალიტეტი მას იცნობდა როგორც პროფესიონალ მეზღვაურს, რომელთა თვალშიც წლების განმავლობაში ილახებოდა მისი ავტორიტეტი.

საკასაციო საჩივრის ავტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ითხოვს განჩინების გაუქმებას მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ მორალური ზიანის დაკისრება ხდება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ფიზიკური და სულიერი ტანჯვა, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა. სასამართლო კოლეგიამ კი ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმეში არ არსებობს ო. ჩ-შვილის მძიმე სულიერი განცდების დამადასტურებელი მტკიცებულება.

ო. ჩ-შვილი შესაგებელში უთითებს, რომ მისი სულიერი განცდების დამადასტურებელიამის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ყველა ეტაპი.

მთავარი სამხედრო პროკურატურა შესაგებლით ითხოვს, უარი ეთქვას ო. ჩ-შვილს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რამეთუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეაბილიტირებულთათვის გამოყოფილია მხოლოდ 59000 (ორმოცდაცხრამეტი ათასი) ლარი, რაც უნდა განაწილდეს რამდენიმე ათეულ რეაბილიტირებულ პირზე და არა მხოლოდ ო. ჩ-შვილზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა კასატორებს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს ლ. წ-შვილს და დ. ბ-ძეს, ო. ჩ-შვილს, მისი ინტერესების წარმომადგენელ ადვოკატ დ. ა-შვილს, მთავარი სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელ ნ. თხელიძეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ ო. ჩ-შვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების საკასაციო საჩივრის მოთხოვნას კოლეგიის განჩინების გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ო. ჩ-შვილს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება მის მიერ მიღებული სულიერი განცდისა და მორალური ზიანის თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 27 მარტის განჩინებით ო. ჩ-შვილი გამართლდა. სისხლის სამართლის საქმე კი აღძრული იყო 1998 წლის 1 ივნისს და თითქმის სამი წლის განმავლობაში მის მიმართ მიმდინარეობდა წინასწარი და სასამართლო გამოძიება. ამ პერიოდში იგი ერთი წლის, 11 თვის და 28 დღის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში.

ო. ჩ-შვილი, რომელიც წინასწარ გამოძიებაში დაპატიმრებული იყო, სამართალწარმოების ორგანოების მიერ უკანონოდ იქნა იზოლირებული საზოგადოებისაგან, სადაც იგი სარგებლობდა პატივისცემით და ავტორიტეტით. ამ საგამოძიებო მოქმედებით შეილახა არა მხოლოდ მისი ღირსება, არამედ უსაფუძვლოდ იქნა შელახული მისი ის უფლება, რომელიც ყველაზე უმნიშვნელოვანეს უფლებად არის აღიარებული საერთაშორისო ნორმებითა და საქართველოს კონსტიტუციით: ხელყოფილ იქნა ო. ჩ-შვილის თავისუფლება.

ამ ხნის განმავლობაში მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ განხორციელებულმა უკანონო მოქმედებებმა შელახა არა მხოლოდ ო. ჩ-შვილის ავტორიტეტი, არამედ პირადი ღირსება და რეპუტაცია რითაც განიცადა მორალური ზიანი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ ო. ჩ-შვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, სასამართლო კოლეგიის განჩინება შეიცვალოს მის სასარგებლოდ და აუნაზღაურდეს მორალური ზიანი ერთი მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით, ვინაიდან სასამართლო კოლეგიამ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინა ის შეურაცხყოფა, დამცირება, ღირსების შელახვა, რაც ო. ჩ-შვილს სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედებებით მიადგა თითქმის სამი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი უკანონო პატიმრობისას.

ამჟამინდელი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოსახლეობის საშუალო თვიური ხელფასი შეადგენს 20 ლარს, ხოლო პენსია 12 ლარს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, დაცული მუხლების მიხედვით, მოსახლეობისათვის გასული წლების გაუცემელი პენსიებისა და ხელფასების ანაზღაურების თაობაზე, ხოლო 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რეაბილიტირებულ პირთათვის საერთოდ გამოყოფილია 59 ათასი ლარი, სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ ო. ჩ-შვილისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 50000 ლარის განსაზღვრა.

პალატას თვლის რომ კოლეგიის განჩინებით ო. ჩ-შვილისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად განსაზღვრული თანხა - 50000 ლარი უნდა შეუმცირდეს 25 000 ლარამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. ჩ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 7 ივნისის განჩინება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ო. ჩ-შვილის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. 1. susg, 2000, #3, III, gv. 418-426; 2.susg, 2001, #3, sisx., gv., 162-170.