დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.07.2001
საქმის ნომერი
2კ-85აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.07.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა[1]

¹ 85-აპ 24 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,თ. კობახიძე

განიხილა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 მაისის განაჩენზე, რომლითაც ქ. მ-შვილი გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ქ. მ-შვილი გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 186-ე, 187-ე და 191-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1996 წლის 23 სექტემბრის განაჩენით და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1995 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ქ. მ-შვილის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი დარჩა უცვლელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 15 მარტის დადგენილებით განაჩენი გაუქმდა საქართველოს სსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდში, დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი და საქმე განსახილველად დაუბრუნდა გორის რაიონული სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

ქ. მ-შვილს წ/გამოძიებაში ბრალად შეერაცხა შემდეგი:

ქ. მ-შვილი 1980 წლიდან მუშაობდა გორის სარაიონთაშორისო პათანატომიური ცენტრის უფროსად. მის ფუნქციაში შედიოდა სტაციონარში გარდაცვლილთა გვამების გაკვეთა, პათანატომიური გამოკვლევა და გარდაცვალების მოწმობის გაცემა. ქ. მ-შვილმა 1995 წლის 10 ოქტომბერს გარდაცვლილ თ. ს-შვილზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გასცა ¹28 გარდაცვალების სამედიცინო ცნობა, რომელიც დაამოწმა ქ.გორის მთავარი ექიმის ბეჭდით; ცნობაში სიკვდილის მიზეზად მიუთითა გულის კუნთის გაგლეჯა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. ამ მოქმედებით, საბრალდებო დასკვნის თანახმად ქ. მ-შვილმა ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, მანვე პირადი მოტივით, 1996 წლის 12 და 15 თებერვალს გასცა გამოძიებით დაუდგენელი გზით მოპოვებული, სამედიცინო ექსპერტის ბეჭდით დამოწმებული ¹5 და ¹7 ცნობები ა. ჭ-ძესა და თ. ტ-შვილზე, რითაც დაადასტურა მათი გარდაცვალება. ცნობები შეავსო თავისი ხელით და დაამოწმა ხელმოწერით. ა. ჭ-ძე და თ. ტ-შვილი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალნენ. არც ერთი მათგანის გვამი გაკვეთილი არ ყოფილა. ქ. მ-შვილმა კი თ. ტ-შვილის სიკვდილის მიზეზად მიუთითა ტრავმული შოკი, ხოლო ჭ-ძის სიკვდილის მიზეზად კი ქალა-ფუძის მოტეხილობა, რითაც ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე.

ქ. მ-შვილი გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 29 იანვრის განაჩენით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ იქნა, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საპელაციო პალატის 2001 წლის 15 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელი.

საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას გორის რაიონული სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განაჩენი უკანონოა, რადგან საქმის ერთობლივი მასალებით დადგენილია, რომ ქ. მ-შვილი, როგორც პათანატომი, არ იყო უფლებამოსილი, ნაძალადევი მიზეზების შედეგად გარდაცვლილთა გვამებზე გაეცა გარდაცვალების სამედიცინო მოწმობები და მიეთითებინა სიკვდილის უშუალო მიზეზი, რაც მან განახორციელა და რითაც ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე.

სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა გ.ტ-შვილმა და ნ.ქ-შვილმა ნაწილობრივ შეცვალეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და მიუთითეს, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებული უნდა იქნეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, ქ. მ-შვილის მიმართ უფრო მძიმე ბრალდების წარდგენის მიზნით, კერძოდ კი დამატებითი გამოძიებისას უნდა გაირკვეს, იღებდა თუ არა გასამრჯელოს ქ. მ-შვილი გვამთა ბალზამირებისას.

პროკურორების განმარტებით, დამატებითი გამოძიებისას ასევე უნდა იქნეს გამოკვლეული ზემოთმითითებული ცნობების გაცემამ და გვამთა ბალზამირებამ რა არსებითი ხასიათის მნიშვნელობა იქონია იმ საკითხის გასარკვევად, თუ რა ვითარებაში და პირობებში დადგა ნაძალადევი მიზეზების შედეგად გარდაცვლილ ზემოაღნიშნულ პირთა სიკვდილი და რა იყო სიკვდილის უშუალო მიზეზი. საქმის მასალების მიხედვით თ. ს-შვილის მიერ მიღებული ცეცხლსასროლი დაზიანების ფაქტზე საერთოდ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ასევე თ. ტ-შვილის ავტოავარიის ფაქტზეც არ იქნა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ხოლო ა. ჭ-ძის ავტოავარიის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, ა. ჭ-ძის სიკვდილის მიზეზის დაუდგენლობის გამო, განსასჯელის მიმართ განაჩენი დადგა შედარებით მსუბუქი დანაშაულის ჩადენისათვის.

გამართლებული ქ. მ-შვილი ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვებას იმ საფუძვლით, რომ იგი ემყარება სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებს და კანონიერია.

გამართლებული ქ. მ-შვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ბ-შვილმა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორებს გ. ტ-შვილს, ნ. ქ-შვილს, გამართლებულ ქ. მ-შვილს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ი. ბ-შვილს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ¹287/ო ბრძანების თანახმად, იმ ავადმყოფთა გვამები, რომელთა სიკვდილი დადგა ნაძალადევი მიზეზების შედეგად ან არის ეჭვი ამის არსებობაზე, ნაცვლად პათოლოგიურ ანატომიური გაკვეთისა, ექვემდებარე სასამართლო-სამედიცინო გაკვეთას; მართალია, ქ. მ-შვილს, როგორც ექიმ-პათანატომს, უფლება არ ჰქონდა გაეცა გარდაცვალების ცნობები ა. ჭ-ძეზე, თ. ტ-შვილზე, თ. ს-შვილზე და ამ ცნობებში მიეთითებინა მათი სიკვდილის უშუალო მიზეზი, რადგან ეს არ შედიოდა მის სამსახურებრივ კომპეტენციაში, მაგრამ აღნიშნული ვერ იქნება ქ. მ-შვილის სსკ-ის 191-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, ვინაიდან არ არსებობს ქ. მ-შვილის მოქმედების სუბიექტური შემადგენლობის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი – ანგარება, ან სხვა პირადი მოტივი.

საქმის ერთობლივი მასალებით დადგენილია, რომ ქ. მ-შვილმა თ. ს-შვილზე ¹27 გარდაცვალების ცნობა გასცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გორის რაიონის პროკურატურამ 1995 წლის 20 ოქტომბერს ამ უკანასკნელის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება. გარდაცვალების ცნობა გაცემულია 1996 წლის 11 დეკემბერს. თ. ს-შვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევა არ ჩატარებულა ოჯახის წევრთა წინააღმდეგობის გამო, რის თაობაზეც არსებობს შესაბამისი ოქმი;

თვით ქ. მ-შვილის და ასევე მოწმე ლ. ს-შვილის ჩვენებით, რომელიც გარდაცვლილ თ. ს-შვილის დაა, დადგენილია, რომ ქ. მ-შვილმა თ. ს-შვილის გარდაცვალების სამედიცინო მოწმობა გასცა მისი და მისი ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე, გვამის დათვალიერების შემდეგ. ამისათვის გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ქ. მ-შვილისათვის რაიმე გასამრჯელო არ მიუციათ.

ამდენად, ქ. მ-შვილის ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას ამ შემთხვევაში აკლია ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი _ ანგარება, ან სხვა რაიმე პირადი მოტივი.

მოწმეების ი. ჭ-ძის, ნ. გ-ურის, ასევე თვით ქ. მ-შვილის ჩვენებებით დადგენილია, რომ ა. ჭ-ძესა და თ. ტ-შვილზე, რომლებიც ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალნენ, გარდაცვალების სამედიცინო მოწმობა გაიცა გვამების დათვალიერების შემდეგ, მათი ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე. მოწმეთა ჩვენებებით კატეგორიულად უარყოფილია ქ. მ-შვილისათვის გარდაცვალების მოწმობების გაცემასთან დაკავშირებით რაიმე გასამრჯელოს გადაცემის ფაქტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ტ-შვილის და ა. ჭ-ძის გვამების სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევა არ ჩატარებული ოჯახის წევრთა კატეგორიული წინააღმდეგობის გამო, რის თაობაზეც შედგენილია შესაბამისი ოქმები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კლინიკური პათანატომიური სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, სამედიცინო უნივერსიტეტის პათანატომიური კათედრის გამგის, პროფესორ თ. ჯ-ძის ჩვენების თანახმად, როცა გვამს გარდაცვალების ნაძალადევი ნიშნები აღენიშნება, ექიმ-პათოლოგანატომს უფლება არა აქვს შეეხოს გვამს. არის გამონაკლისი, თუ გვამის გაკვეთა არ ხდება წინააღმდეგობის აქტის გამო, პათოლოგანატომი ჩვეულებრივ დაათვალიერებს გვამს და გაუკვეთავად მიუთითებს სიკვდილის სავარაუდო მიზეზს.

მართალია, ქ. მ-შვილს ა. ჭ-ძისა და თ. ტ-შვილის გარდაცვალების სამედიცინო მოწმობები დადასტურებული აქვს სამედიცინო ექსპერტის ბეჭდით, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდება ქ. მ-შვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, რადგან ამ დოკუმენტებით დადგენილია ა. ჭ-ძის და თ. ტ-შვილის გარდაცვალების რეალური ფაქტი. ეს მოწმობები გაცემულია გვამების გარეგნული დათვალიერების შემდეგ. სწორედ გვამთა გარეგნული დათვალიერება დაედო სიკვდილის მიზეზის განსაზღვრას საფუძვლად, რაც აღინიშნება კიდეც გარდაცვალების მოწმობებში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის წერილის თანახმად, პათანატომს მოცემულ ორ შემთხვევაში არ ჰქონდა სამედიცინო ექსპერტის ბეჭდის გამოყენების უფლება, თუმცა, სამედიცინო მოწმობის შევსებისას პათანატომს აღიშნული აქვს საკუთარი გვარი, რომ მოწმობა გაიცა გვამის გარეგანი დათვალიერების შემდეგ, საქმე გვაქვს ნაძალადევ სიკვდილთან, რაც ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი შინაარსობრივად სწორადაა შეფასებული.

ამდენად, აღნიშნული მოწმობები არ ასახავენ ყალბ ფაქტებს, ამ მოწმობებით დადგენილია მოქალაქეთა ნაძალადევი სიკვდილით გარდაცვალების რეალური მოვლენები, რაც არ შეიძლება გახდეს საფუძველი ქ. მ-შვილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 მაისის გამამართლებელი განაჩენი ქ. მ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელი.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2000, #7, III, gv. 275-279.