დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქმე ¹ 216 28 იანვარი 2000 წელი. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ხაბულიანი
წევრები: რ. შველიძე, მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ირ. გ-ავას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სა-სამართლო კოლეგიის 1999 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ირ. გ-ავა, ქართველი, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, სამართალში არყოფილი, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ 104-ე მუხლის მეორე პუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 13 \ცამეტი\ წლით, გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
მასვე დაეკისრა დაზარალებულ დ. შ-შვილის სასარგებლოდ 5768 ლარის გადახდა.
პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით ირ. გ-ავას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით. გ-ავამ დანაშაული ჩაიდინა შემდეგ ვითარებაში:
1995 წლის 21 მაისს, კვირა დღეს, დაახლოებით 8 საათსა და 30 წუთზე, ქ. თბილისში, … მცხოვრები ი. ე-იანი ბინაში აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს, მისი ვ. ე-იანი კი იდგა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, რათა მშენებლობის დროს ზემოდან შემთხვევით ჩამოვარდნილი საშენი მასალის ნარჩენები მოქალაქეებს არ დასცემოდათ.
მუშაობის პროცესში ე-იანის ბინიდან ჩამოცვენილი საშენი მასალის ნარჩენები დაეცა ირ. გ-ავას სასტუმრო ოთახში ჩამონტაჟებულ კონდენციონერს. ამით გა-ნაწყენებულმა ირ. გ-ავამ ფანჯრიდან გამომწვევად მიმართა ი. ე-იანს - რატომ ანგრევდა იქაურობას. ე-იანმა უპასუხა, რომ სამშენებლო მასალის ნარჩენები იყ-რებოდა მის სახლში მიმდინარე რემონტის შედეგად და თუ რამე გაუფუჭდებოდა, თვითონვე გაუკეთებდა. მიუხედავად აღნიშნულისა, გ-ავამ ე-იანს დაუწყო ლანძღვა და კამათი, უთხრა, რომ ყურებს დააჭრიდა, თან მუქარით რამდენჯერმე გაუმეორა ასულიყო მასთან ბინაში. ე-იანი მართლაც ავიდა გ-ავასთან იმის გასაგებად, თუ რა გაუფუჭა მას ზემოდან ჩამოყრილმა სამშენებლო მასალის ნარჩენებმა. ე-იანის ბინაში შესვლის შემდეგ გ-ავამ ზემოთ მითითებული უმნიშვნელო საბაბით, ხულიგნუ-რი ქვენაგრძნობით განიზრახა ე-იანის მოკვლა. ამ მიზნით მან სამზარეულო ოთახში აიღო დანა და სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანეს ორგანოში - გულ-მკერდის არეში დაარტყა ე-იანს, რითაც სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას: ე-იანმა მიიღო ორივე წინაგულის გამჭოლი ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობა, მარცხენა ფილტვის ნაკვეთი დაზიანებით. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს თბილისის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, მაგრამ მიუხედავად დროულად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მწვავე სისხლნაკლებობით გარდაიცვალა 1 საათისა და 30 წუთის შემდეგ.
საკასაციო საჩივარში ადვოკატი მაზმიშვილი ითხოვს რა განაჩენის გაუქმებას და გ-ავას გამართლებას საქართველოს სსკ 104-ე მუხლის მეორე პუნქტით მისი მსჯავრდების ნაწილში, უთითებს შემდეგ მოტივებზე:
აწ გარდაცვლილმა ე-იანმა თვითონ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება ირ. გ-ავასა და მისი ოჯახის წევრების მიმართ - უკანონოდ შეუვარდა ბინაში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც მსჯავრდებულ ირ. გ-ავას, ისე დედამისს - მ. ე-ავს. ამის გამო, გ-ავა აღმოჩნდა რა აუცილებელი მო-გერიების მდგომარეობაში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ე-იანს. მით უფრო, რომ ე-იანი ფიზიკურად გაცილებით ძლიერი იყო, ხოლო გ-ავა გადატანილი ავადმყოფობის გამო - დასუსტებული.
გამოიკვლია რა საკასაციო საჩივრის მოტივთა დასაბუთებულობა, მოუსმინა დაზარალებულს და მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ხ-ილს, რომლებიც თავიანთ შესაგებელში ითხოვენ განაჩენის უცვლელად დატოვებას, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველს ადვოკატ მ-ილს, რომელიც მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს, საქართველოს … თანაშემწეს მ. ჯ-ეს, რომელიც ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას,პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ სასამართლომ სათანადოდ გააანალიზა და სწორი იურიდიული შეფასება მისცა გ-ავას ქმედებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ-ავები და ე-იანები იყვნენ მეზობლები. ცხოვრობენ ერთ სახლში - ე-იანები მეთოთხმეტე, ხოლო გ-ავები - მესამე სართ-ულზე. დადგენილია ისიც, რომ 1995 წლის მაისში ე-იანები აკეთებდნენ ბინის რემონტს. 21 მაისს, დილით ი. ე-იანი ჩამოვიდა ეზოში, რათა რემონტის დროს ზემოდან შემთხვევით ჩამოყრილი სამშენებლო მასალის ნარჩენები ვინმეს არ მოხვედროდა.
მესამე სართულზე მცხოვრებმა ირ. გ-ავამ გადმოიხედა ფანჯრიდან, რად-გან მისი ბინის ერთ-ერთ ფანჯარაში ჩამონტაჟებულ კონდენციონერს დაეცა სა-შენი მასალის ნარჩენები. ეს გახდა საბაბი იმისა, რომ ირ. გ-ავას გამომწვევად მიემართა ეზოში მყოფი ი. ე-იანისათვის, რაზედაც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მიმდინარეობდა რემონტი და თუ რამე გაუფუჭდებოდა, თვითონ გაუკეთებდა. მიუხედავად ამისა, გ-ავამ ე-იანს დაუწყო ლანძღვა, უთხრა, რომ ყურებს დააჭრიდა და მუქარით მოსთხოვა მასთან ბინაში ასვლა. ე-იანი იმის გასაგებად, თუ რა გა-უფუჭდა მეზობელს, მართლაც ავიდა გ-ავას ბინაში, სადაც გ-ავამ ზემოთმითითებული უმნიშვნელო საბაბით - ხულიგნური ქვენაგრძნობით, სამზარეულოდან გამოიტანა დანა და განზრახ მოკვლის მიზნით ე-იანს მიაყენა სასიკვდილო დაზიანება. ის, რომ დანაშაული სწორედ ზემოთაღნიშნულ ვითარებაში მოხდა, დასტურდება მოწმეების - ქ-ძის, მ-შვილის, მ-ნის, ძ-ილის, გ-ილის ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ გ-ავა უხეშად და გამომწვევად ექცეოდა ე-იანს და ეს უკა-ნასკნელი იძულებული გახდა ასულიყო გ-ავებთან, რათა გაერკვია, რა დაუზიანდა მეზობლებს.
მოწმეები ხაზგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ გ-ავა აგრესიული, კონფლიქ-ტური პიროვნება იყო, ხოლო ე-იანი - მშვიდი და მომთმენი. სწორედ ამის გამო დაუშალეს მოწმეებმა მ-იანმა და ქ-ძემ ე-იანს გ-ავას ბინაში ასვლა.
შეეცადნენ რა პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევას, წინასწარ გამოძიება-ში პირველივე დაკითხვიდან (გ-ავა იმყოფებოდა მიმალვაში ხანგრძლივი დროით და მისი პირველი დაკითხვა მოხდა შემთხვევიდან 3 წლისა და 3 თვის შემდეგ), გ-ავა აჩვენებდა, რომ სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ე-იანს აუცილებელი მოგერიე-ბის ფარგლებში. ამასვე ადასტურებდა მისი დედა, მ. ე-ავი, რომელიც პირველად არის დაკითხული მომხდარიდან 10 დღის შემდეგ, სახელდობრ: მ. ე-ავმა აჩვენა, რომ ე-იანი უხეშად, კარებზე ბრახუნით შევარდა მათ ბინაში, მისი შვილის თხოვნას - თავი დაენებებინა მათთვის - არ დაემორჩილა, იგინებოდა, იწევდა ირ. გ-ავასკენ, რომელმაც მხოლოდ ამის შემდეგ დაარტყა დანა ე-იანს, სხვა ჩვენებებში (მ. ე-ავის ჩვენებები არათანმიმდევრულია) მ. ე-ავმა აჩვენა, რომ ე-იანმა მასაც დაარტყა ხელი, მიანარცხა კედელს, რის გამოც სახეზე ეტყობოდა დაზიანების კვალი. ე-ავი უთითებს, რომ სწორედ ამის გამო მისმა ვაჟიშვილმა დაარტყა დანა ე-იანს. ამდენად, როგორც მსჯავრდებული, ასევე მისი დედა აჩვენებენ, რომ ე-ია-ნი იყო ჩხუბის წამომწყები, მიაყენა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, იყო ფიზიკურად ძლიერი (მაშინ როდესაც ირ. გ-ავა იყო დასუსტებული გადატანილი ავადმყოფობით). სწორედ ამიტომ, აღმოჩნდა რა აუცილებელი მოგერიების მდგომა-რეობაში, გ-ავა იძულებული გახდა თავის დასაცავად, დანა დაერტყა ე-იანისათვის.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ეს ჩვენებები არ დასტურდება მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებებით და საქმის სხვა მასალებით.
სახელდობრ, მოწმეებმა ქ-ძემ, ძ-შვილმა, მ-იანმა, ს-ძემ, ქ-ძემ, გ-შვილმა, რომლებმაც ნახეს მ. ე-ავი იმავე დღეს, არ დაადასტურეს, რომ მას აღენიშნებოდა რაიმე დაზიანებები. მოწმე მ-შვილმა კი, რომელიც გ-ავების ბინის თავზე ცხოვრობს, არ დაადასტურა, რომ რაიმე ბრახუნი გაიგონა მათ კარებზე.
მოწმე ე. დ-ჩმა, რომელმაც მ. ე-ავი ნახა შემთხვევის მეორე დღეს, ასევე არ დაადასტურა, რომ მას რაიმე დაზიანებები ეტყობოდა. ასეთ ვითარებაში, სასამართლომ სრულიად საფუძვლიანად არ გაიზიარა ვერსია გ-ავას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნასთან დაკავშირებით.
ამდენად, ის, რომ გ-ავამ განზრახ მოკლა ე-იანი უმნიშვნელო საბაბით - სწორედ ხულიგნური ქვენაგრძნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, საქმეზე დართული ექსპერტიზების დასკვნებით და საქმის სხვა მასალებით.
ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს, რათა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიჩნეული იქნეს ტენდენციურად და არაობიექტურად. ამ დასკვნით, ე-იანის სიკვდილის მი-ზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული გულის (წინაგულის) გამჭოლი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად. ეს დაზიანებები განეკუთვნება სიცოცხ-ლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებათა კატეგორიას, რამაც გამოიწვია ე-იანის სიკვდილი. მასვე აღმოაჩნდა სხვა დაზიანებები მარცხენა მხარის ქვედა მესამედში - ზერელე ნაკვეთი ჭრილობა, მიყენებული მჭრელი ზედაპირის მქონე საგნით და ნაჭდევი შუბლის არეში.
სასამართლომ დააკმაყოფილა რა მსჯავრდებულის დამცველის შუამდგომლობა, დაკითხა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჩ-ჩუა. მისმა დაკითხვამ დააზუსტა, რომ ჭრილობის არხის მიმართულება არის ქვემოდან - ზემოთ და ამ შემთხვევაში ე-იანი მიიღებდა იმ დაზიანებებს, რაც აღწერილია ექპერტიზის დასკვნაში და მის ავადმყოფობის ისტორიაში.
მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულის ადვოკატი თავის საკასაციო საჩივარში მიიჩნევს, რომ ე-იანი დაიღუპა არასწორი სამედიცინო ჩარევის შედეგად.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საჩივრის ამ მოტივს, შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: საქმეშია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერ-ტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ე-იანს ჩაუტარდა დროული და სწორი მკურ-ნალობა. დასკვნაში მითითებულია, რომ ე-იანი საავადმყოფოში მიყვანისას იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, დიაგნოზი დაუსვეს დროულად, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და რეანიმაციული ღონისძიებები. საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთ ვითარებაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ე-იანისთვის მიყენებულ დაზიანებასა და დამდგარ შედეგს შორის და უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის მოტივი ამასთან დაკავშირებით; მით უფრო, რომ ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწი-ლეობდა კლინიცისტი, პროფესორი კ. გ-ია, რომელიც მოწვეული იყო სწორედ მსჯავრდებულის მხარის წერილობითი მოთხოვნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება რა სასა-მართლოს მიერ გ-ავას ქმედების იურიდიულ კვალიფიკაციას, მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ გ-ავას მხრივ კონფლიქტის წამოწყების უმნიშვნელო საბაბს.
საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია ყველა ის გარემოება, რასაც მსჯავრდებული აყენებდა თავის დასაცავად. ამდენად, სასამართლოს დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მიღებულია საქართველოს სსსკ მე-18 მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ ასევე სწორად დააკისრა ირ. გ-ავას დაზარალებულ შ-შვილ-ე-იანის სასარგებლოდ 5768 ლარის გადახდა და, ამდენად, საკასაციო საჩივრის მოტივებს ამ ნაწილშიც არ იზიარებს.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ სასჯელი გ-ავას შეეფარდა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, სსკ 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე, 568-ე მუხლებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 30 ნოემბრის განაჩენი ირ. გ-ავას მიმართ დარჩეს უცვლელად.
ადვოკატ მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განა-ჩენების გაუქმება, დამატებითი წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად საქმის პროკურატურაში დაბრუნება და მის წარმოებაში მონაწილე თანამდებობის პირთა მიმართ კერძო განჩინების დადგენა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები მიღებული იქნა
საქართველოს სსსკ მე-18 მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით.