საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 11 კოლ 8 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე
მოსამართლეები: რ. შველიძე, მ. ტურავა
განიხილა მსჯავრდებულ დ. ჩ-იას წარმომადგენლის დ. მ-ის საკასაციო საჩივარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის 1999 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც დ. ჩ-ია, ქართველი, უპარტიო, ცოლიანი, საშუალო სპეციალური განათლე-ბით, სამართალში ყოფილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით, 240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 154-ე მუხ-ლის მეორე ნაწილით,133-ე მუხლით, 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით და თანახმად საქართველოს სსკ მე-40 მუხლისა, საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა თავისუფ-ლების აღკვეთა 15 წლით სასჯელის განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში მოხ-დით. ამავე განაჩენით იგი ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დ. ჩ-იას, ამავე სასამართლოს 1999 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით მისჯილი სასჯელის _ 15 წელი _ მოხდაში ჩაეთვალა მოსკოვის გოლოვინსკის რაიონის სასამართლოს მიერ მისჯილი სამი წლით თავისუფლების აღკვეთა (მოხდილია მთლიანად).
პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით, დ. ჩ-იას მსჯავრი დაედო შემდეგში:
1994 წლის გაზაფხულზე, იგი დაუკავშირდა კ. ც-ავს და სხვებს და მათ განიზრახეს ვ. გ-ურის სახლზე თავდასხმა. შეიარაღდნენ ავტომატით, ტყვიამფრქვე-ვით, ყუმბარმტყორცნით, ყუმბარებით, საბრძოლო მასალით და 1994 წლის 13 აპრილს თავს დაესხნენ ახმეტის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ვ. გ-ურს. თავ-დამსხმელები ისროდნენ სახლის კედლების მიმართულებით, მოკვლით ემუქრებოდნენ ვ. გ-ურს და ძალადობით გაიტაცეს სახლიდან სხვადასხვა საოჯახო ნივთები, ტანსაცმელი და ფული. ნივთების გატაცების შემდეგ, მათ დააზიანეს გ-ის ავტომანქანა "ნივა", გაიტაცეს თვითონ ვ. გ-ური, აღუკვეთეს თავისუფლება, რათა გამოეძალათ მისთვის ფული. გ-ური მათ გამოუშვეს მეორე დღეს იმ პირობით, რომ მიუტანდა მათ 100 მილიონ რუსულ რუბლს.
ვ. გ-ურის ოჯახზე თავდასხმის ფაქტი ცნობილი გახდა ახმეტის შ/ს რაიონული განყოფილებისათვის, სადაც შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი "ბაწარის" ნაკრძალში მიმალული თავდამსხმელების დასაკავებლად.
პოლიციელთა ოპერატიული ჯგუფი თავს წაადგა დამნაშავეებს და მოითხოვა მათგან დანებება. დამნაშავენი ამ განკარგულებას არ დამორჩილდნენ და პოლი-ციელთა სიცოცხლის ხელყოფის მიზნით გახსნეს ცეცხლი ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევიდან. პოლიციელ მ. ქ-ეს მოხვდა ჭურვი მარჯვენა ფეხის არეში, ხოლო სანადირო თოფის საფანტი _ სახეში, რითაც მან მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
მსჯავრდებულის რწმუნებული თავის საკასაციო საჩივარში (რომელსაც მსჯავრდებული დ. ჩ-ია ეთანხმება) უთითებს, რომ დ. ჩ-ია არ მონაწილეობდა მისდამი ინკრიმინირებული დანაშულების ჩადენაში და პასუხი უნდა აგოს მხოლოდ სსკ 205-ე მუხლით.
თავის საკასაციო საჩვარში, რაც წარმოდგენილ იქნა საკასაციო პალატის წინაშე, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. დ-ძე ითხოვს დ. ჩ-აიას გამართლებას განაჩენით მისი მსჯავრდების ნაწილში და მისი ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ 206-ე მუხლით.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე _ ლ. ყ-ი ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
ადვოკატი ნ. დ-ძე _ ითხოვს თავისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის და სასჯელის მოხდის რეჟიმის განსაზღვრის ნაწილში შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. ჩ-იას ქმედებას მიცემული აქვს სწორი იურიდიული შეფასება, განაჩენის მიერ სწორადაა გააანალიზებული საქმის მასალები და არ არის საფუძველი განაჩენის შეცვლისა მისი ქმედების კვალიფიკაციის თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის ავტორს, იმის თაობაზე, რომ მას არავითარ დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია და პასუხი უნდა აგოს მხოლოდ განუცხადებლობისათვის.
რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა თვლის შემდეგს: განაჩენში დ. ჩ-იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მითითებულია ის, რომ იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ომში, როგორც ¹ 55087 სამხედრო ნაწილის მებრძოლი. იგი არის ადგილნაცვალი პირი, მის ოჯახს არავითარი ქონება არ გააჩნია. პალატას მიაჩნია, რომ მართალია, სასამართლომ მიუთითა ამ შემამსუბუქებელ გარემოებებზე, მაგრამ, ფაქტობრივად, სრულიად არ გაითვალისწინა ისინი სასჯელის განსაზღვრისას.
ასეთ ვითარებაში, პალატას შესაძლებლად მიაჩნია მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემცირება _ სახელდობრ, დ. ჩ-იას საქართველოს სსკ 2091-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, შეუმცირდეს 2 წლით და ამ მუხლით მას განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში დ. ჩ-იას მიმართ _ მას საქართველოს სსკ 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს ორი 2 (ორი) წლით. საქართველოს სსკ მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დ. ჩ-იას მოსახდელად დარჩეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.