განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 9-კოლ 14 აპრილი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე
მოსამართლეები: მ. გოგელია, რ. შველიძე
განიხილა ადვოკატ შ. ფ-ას საკასაციო საჩივრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ი. ვ-ია, ქართველი, უმუშევარი, უმაღლესი განათლების მქონე, შვილიანი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 252-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა ერთობლიობის წესით მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის ქალთა კოლონიაში მოხდით.
დ. პ-ავა, ქართველი, ცოლშვილიანი, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, ნასამართლობა გაქარწყლებული, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და მიესაჯა ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
საკასაციო საჩივარი ი. ვ-იას მიმართ ითხოვს განაჩენის შესწორებას იმ მიმართებით, რომ შეწყდეს, როგორც უკანონოდ მსჯავრდებულის მიმართ, სისხლის სამართლის საქმის წარმოება სსკ-ის 79-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში. საჩივარი სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებას არ ხდის სადავოდ. დ. პ- ავას მიმართ კი საჩივარი, მისი უდანაშაულობის მოტივით, ითხოვს სისხლის სამართლის საქმის წარმოების მთლიანად შეწყვეტას.
იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით დამ-ნაშავედ ცნობილია გ. ლ-ძე, ცოლშვილიანი, ნასამართლო-ბის არმქონე და მისჯილი აქვს ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთ საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით. განაჩენი გ. ლ-ძის მიმართ გასაჩივრებული არ არის.
პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წევრის გ. ბორჩხაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სასამართლოს განაჩენით ი. ვ-იას მსჯავრი დაედო მასში, რომ ეს უკანასკნელი 1999 წლის 16-17 ივნისს თურქეთის გავლით ჩავიდა ბულგარეთის ქალაქ სოფიაში, სადაც ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა აფთიაქში, შეიძინა 24000 აბი ნარკოტიკული ნივთიერება „კოდეინი" და 3000 აბი „ნოქსირონი", რომლებიც მოათავსა სარეცხი ფხვნილის ყუთებში და ამ გზით შენიღბული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება 1999 წლის 20 ივნისს სარფის საბაჟო საზღვრის გადმოკვეთით, კონტრაბანდული გზით, გადმოიტანა საქართველოში. კონტრაბანდული გზით საქართველოში შემოტანილი, ზემოთ აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ჯერ მიიტანა ქ. ბათუმში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ის გადააწყო მის კუთვნილ ავტომანქანაში და იმავე დღეს გადაიტანა აბაშის რაიონის სოფელ მარანში მცხოვრები ნათესავის _ დ. პ-ავას სახლში. იქ მან ხსენებული აბების ნაწილი მოათავსა მინის ქილებში, რომლებიც მისი დავალებით დ. პ-ავამ ჩამარხა საკარმიდამო ნაკვეთზე არსებულ საღორეში ამოთხრილ ორმოში. მეორე დილით ი. ვ-ია გაემგზავრა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემოფარცხმაში, მივიდა მისი დეიდის სახლში, სადაც წინასწარი შეპირებით შეხვდა მეგობარს _ გ. ლ-ძეს და ამ უკანასკნელს გადასცა (გაასაღა) ათას აბამდე „კოდეინი" და „ნოქსირონი". ნარკოტიკული ნივთიერებების ნაწილი მოხმარების მიზნით თავისთვის დაიტოვა და მოიხმარა კიდეც.
დ. პ-ავას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან უკანანოდ შეიძინა ი. ვ-იას მიერ მიტანილი ნარკოტიკული ნივთიერებები, ხოლო გ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ პირადი მოხმარების მიზნით 1000 აბი „კოდეინისა" და „ნოქსირინის" უკანონო შეძენისათვის.
ადვოკატ შ. ფ-ას საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ ი. ვ-იას არ ჩაუდენია ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდა და გასაღება. დ. პ-ავას ეზოში აღმოჩენილი ნარკოტიკები ი. ვ-იამ შეიძინა ქ. ფოთში პირადი მოხმარების მიზნით, დ. პ-ავამ კი არ იცოდა, რომ მან ი. ვ-იას ნარკოტიკები შეუნახა. ამდენად, ი. ვ-ია უნდა გამართლდეს ნარკოტიკების კონტრაბანდისა და გასაღების ბრალდებაში, ხოლო დ. პ-ავას მიმართ კი მთლიანად უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ი. ვ-იას დაცვა განახორციელა ადვოკატმა გ. ა-ემ, ხოლო დ. პ-ავას დაცვა _ ადვოკატმა შ. ფ-ამ.
სასამართლო პალატამ მოუსმინა ადვოკატებს _ გ. ა-ესა და შ. ფ-ას, რომლებმაც კვლავ დააფიქსირეს საკასაციო საჩივარში განვითარებული აზრი, პროკურორ ლ. ყიფიანს, რომელიც მხარს უჭერს განაჩენის უცვლელად დატოვებას, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა და შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილებები შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ ახსნა-განმარტებასა და ჩვენებაში ი. ვ-იამ მართალია აჩვენა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები 1999 წლის ივნისის მეორე ნახევარში შეიძინა ბულგარეთის რესპუბლიკაში და კონტრაბანდის სახით შემოიტანა საქართველოში, მაგრამ შემდეგ ეს კატეგორიულად უარყო და განმარტა, რომ შეისყიდა ქ. ფოთ-ში მისთვის უცნობი ქალისაგან. არც წინასწარ გამოძიებას და არც სასამართლოს არ შეუმოწმებია, მითითებულ დროს ი. ვ-ია იმყოფებოდა თუ არა ბულგარეთში. საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატის მიერ წარმოდგენილ იქნა საქართველოში ბულგარეთის გენერალური საკონსულოს მიერ ოფიციალურად დამოწმებული საბუთი იმის თაობაზე, რომ 1999 წლის ივნისში და მის შემდეგ ი. ვ-ია ბულგარეთის ტერიტორიაზე არ ყოფილა.
პალატის აზრით, ეს საბუთი დამატებით გამოკვლევას არ საჭიროებს და მიუთითებს იმაზე, რომ ი. ვ-იას მიმართ შერაცხული ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდება წინასწარი და სასამართლო გამოძიების მიერ მოპოვებული მტკი-ცებულებებით უდავოდ დადასტურებული არ არის. საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ". ამდენად, ბრალდების დაუდასტურებლობის გამო, ნარკოტიკების კონტრაბანდის ნაწილში ი. ვ-იას მიმართ განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა ი. ვ-იას ქმედებაში ნარკოტიკულ ნივთიერებათა, როგორც პირადი მოხმარების, ასევე გასაღების მიზნით შეძენის დანაშაულთა შემადგენლობა. ამდენად, ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამასთან, პალატა თვლის, რომ ვინაიდან ი. ვ-ია მცირეწლოვანი გოგონას მარტოხელა დედაა, პირველადაა სამართალში, დაავადებულია გულის მძიმე დაავადებით, აუცილებელი არ არის მას დაენიშნოს ნარკოტიკულ ნივთიერებათა გასაღებისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმზე უფრო მაღალი სასჯელი.
პალატას შესაძლებლად მიაჩნია ნაწილობრივ იქნეს გაზიარებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ დ. პ-ავას მიმართ. უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმ ნაწილში, თითქოს დ. პ-ავამ არ იცოდა, თუ რა პრეპარატები შეინახა ი. ვ-იას თხოვნით. ი. ვ-იასა და დ. პ-ავას ერთობლივი ქმედება, ი. ვ-იას მიერ მიტანილ ნივთიერებათა გადასამალავად, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ დ. პ-ავასათვის კარგად იყო ცნობილი თუ რა ნივთიერებებს მალავდა ის, რასაც გა-ნაჩენმა სწორი იურიდიული შეფასება მისცა. ამასთან, სასჯელის საბოლოო ღონისძიების განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია ის, რომ დ. პ-ავა ნასამართლო-ბის არმქონედ ითვლება (იგი გასამართლებული იყო 23 წლის წინათ გაუფრთხილებე-ლი დანაშულისათვის), აქვს ფიზიკური ნაკლი _ ორთავე ხელზე აკლია თითები, არის საკმაოდ ასაკოვანი (54 წლისა), ხასიათდება უაღრესად დადებითად, ჰყავს ონკოლოგიური ავადმყოფობით დაავადებული მეუღლე, აღნიშნულ გარემოებათა გამო დ. პ-ავას საზოგადოებიდან იზოლირება აუცილებელი არ არის და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პირობითი მსჯავრი.
გ. ლ-ძის მიმართ შეფარდებულ სასჯელს პალატა კანონიერად მიიჩნევს.
ყოველივე აღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 561-ე, 562-ე, 565-ე, 567-ე და 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 1999 წლის 15 დეკემბრის გნაჩენში ი. ვ-იასა და დ. პ-ავას მიმართ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ი. ვ-იას მიმართ განაჩენი გაუქმდეს ნარკოტიკების კონტრაბანდის (სსკ-ის 79-ე მუხლის მე-4 ნაწილი) ბრალდების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდეს ბრალდების დაუდასტურებლობის მოტივით, ხოლო სსკ-ის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს ერთი წლით და მოსახდელად დაურჩეს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ბ) დ. პ-ავას მიმართ დანიშნული სასჯელი _ ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობითად სამი წლის საგამოცდო ვადით. ამ ვადაში დ. პ-ავას ყოფაქცევაზე ზედამხედველობა დაევალოს აბაშის რაიონის პოლიციის განყოფილებას;
გ) განაჩენი ყველა სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.