დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 27კოლ 21 აპრილი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ისაევეი
მოსამართლეები: რ. შველიძე, გ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ღ-ძის ინტერესების დამცველის ადვოკატ ა. ნ-ას საკასაციო საჩივარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 14 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც:
გ. ღ-ძე, ოსი, საშუალო განათლებით, უპარტიო, ნასამართლობის მქონე, უმუშევარი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით, 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ერთობლივად, სსკ 40-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენთ ღ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგში: მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირისაგან შეიძინა „რგდ-5" და „ფ-1" ტიპის საბრძოლო ხელყუმბარები, რომლებსაც იგი სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა და პერიოდულად ატარებდა. 1999 წლის 13 მაისს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთ-ზე, ღ-ძე, სამ შეიარაღებულ პირთან წინასწარი შეთანხმებით, თბილისში, ასპინძის ქუჩაზე, ყაჩაღურად დაესხა თავს მ-ძეს მისი ავტომანქანის გატაცების მიზნით. ამ უკანასკნელმა შეძლო გაქცევა, გამოცხადდა ჩუღურეთის შ/ს სამმართველოში და განაცხადა მომხდარის შესახებ. დამნაშავეთა დასაკავებლად შემთხვევის ადგილზე გავიდნენ სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორები:Lთ-ძე, მ-შვილი და ბ-შვილი. დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, შრომისა და მნათობის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთში, პოლიციელებმა შენიშნეს სატვირთო ავტომანქანას ამოფარებული ღ-ძე და მასთან მყოფი სამი პირი. პოლიციელებმა მათ მისცეს წინადადება დამორჩილებოდნენ. ამის საპასუხოდ ერთ-ერთმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს, ხოლო ღ-ძემ ორი ცალი ხელყუმბარა გაისროლა მათი მიმართულებით, რომელთაგან აფეთქდა მხოლოდ "ფ-1" ტიპის ხელყუმბარა, რითაც საშიშროება შეექმნა მრავალ პირთა სიცოცხლეს, მაგრამ არავინ დაშავებულა. პოლიციელების მხრივ საპასუხო გასროლის შედეგად ღ-ძე ფეხში დაიჭრა, დანარჩენები კი მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
საკასაციო საცივარში მსჯავრდებულ ღ-ძის ინტერესების დამცველი, ადვოკა-ტი ა. ნ-ა ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ღ-ძის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტას, რამდენადაც ღ-ძეს მისთვის შერაცხულ დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული მოთხოვნის დასაბუთებისათვის ადვოკატი უთითებს შემდეგ მოტივებზე: ღ-ძის მსჯავრდება ყაჩაღობაში, მხოლოდ ვარაუდებზეა დამყარებული; განაჩენი უსაფუძვლოდ არ იზიარებს ღ-ძის ჩვენებას, რომელშიც მან განმარტა და ახსნა თუ რატომ არ უნდოდა პოლიციელებთან შეხვედრა და მიუთითა, რომ მას თავდაპირველად ცეცხლი პოლიციის მუშაკებმა გაუხსნეს, თვითონ მათი მიმართულებით არანაირი ხელყუმბარა არ გაუსვრია და არც ჰქონდა ასეთი; სასამართლომ გაიზიარა ღ-ძის მამხილებელი ჩვენებები, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, მოწმეთა მიმართ ადგილი ჰქონდა იძულებას, რათა მათ მიეცათ ღ-ძის საწინააღმდეგო ჩვენებები.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე ლ. ყიფიანი ითხოვს განაჩენის უცვლელად დარტოვებას.
ადვოკატმა ა. ნ-ამ პალატის წინაშე თავის გამოსვლაში, შეცვალა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება. მსჯავრდებული გ. ღ-ძე _ მხარს უჭერს თავისი ადვოკატის მოთხოვნას საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე.
გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა რა მხარეებს, პალატამ მიიჩნია, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, ღ-ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, მაგრამ სასამართლომ მის მსჯავრდებას სწორად დაუდო საფუძვლად შემდეგი მტკიცებულებები:
დაზარალებულების: მ-ძის, ბ-შვილის, მ-შვილის, ბ-შვილის ჩვენებები, მოწმეების _ რ. და ა. ს-იანების, ძ-შვილის, ფ-შვილის, რ-ძის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, ამოცნობის, დაპირისპირების ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბალისტიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და საქმის სხვა მასალები.
სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმეთა ნაწილმა გადათქვა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, ზოგმა კი ნაწილობრივ შეცვალა, რაც ახსნეს იმით, რომ პოლიციაში მათზე გარკვეული ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი. ამასთანავე, განმარტეს, რომ ღ-ძე არის დანაშაულებრივი სამყაროს ტრადიციების მიმდევარი და ეშიანიათ მისი შურისძიებისა. განაჩენში ზემოაღნიშნულ გარემოებას მიცემული აქვს სათანადო შეფასება, საფუძვლიანად არის გაბათილებული მოწმეთა მიმართ რაიმე იძულების ვერსია და მათი ჩვენებები სწორადაა გაანალიზებული.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ღ-ძის მსჯავრდება სწორია, მისი ქმედებები სწორადაა დაკვალიფიცირებული და შეფარდებული სასჯელიც შეესაბამება სსკ 37-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ როგორც წინასწარი გამოძიება, ასევე სასამართლო განხილვა ჩატარებულია სსსკ მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით და არ არის საფუძველი საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებისათვის.
ამდენად, ღ-ძის ადვოკატის საკასაციო საჩივარს პალატა არ იზიარებს. იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დარჩეს უცვლელად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 14 თებერვლის განაჩენი _ გ. ღ-ძის მიმართ.
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.