საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 14.06.2000
საქმის ნომერი
2კ-54აპ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.06.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 54აჰ 14 ივნისი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ტურავა

წევრები: რ. შველიძე, შ. ასათიანი

განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 20 აპრილის განაჩენზე.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შ. ასათიანის მოხსენება და

გა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 თებერვლის განაჩენით ნ. ს-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონოდ შეძენა, შენახვა და გადაზიდვა გასაღების მიზნის გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში:

1999 წლის 22 აგვისტოს ნ. ს-ძე ქ. ბათუმის რკინიგზის ვაგზლიდან აპირებდა მატარებლით გამგზავრებას ქ. თბილისში, რა დროსაც მას შეხვდა, წინასწარი გამოძიებით დაუდგენელი ვინმე „...", რომელსაც იგი იცნობდა როგორც ქ. ბათუმის მაცხოვრებელს. გურამმა მას უთხრა, რომ სურდა თბილისში მცირე ზომის ამანათის გაგზავნა. მანვე სთხოვა ნ. ს-ძეს, რომ აღნიშნული ამანათი ქ. თბილისში ჩასვლისთანავე, 1999 წლის 23 აგვისტოს, დილით, გაგარინის მოედაზე გადაეცა ახლაგაზრდა მამაკაცისათვის, რომლის გარეგნობაც აღუწერა. ეს უკანასკნელი კი მისცემდა 450 აშშ დოლარს, რაც უნდა ჩამოეტანა ქ. ბათუმში ვინმე „...სთვის". ნ. ს-ძე დაეთანხმა, გამოართვა მცირე ზომის შეკვრა და მატარებლით თბილისში გაემგზავრა. მგზავრობისას ნ. ს-ძე დაინტერსედა, რა იყო მოთავსებული შეკვრაში. გახსნა იგი და აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". გადაწყვიტა, აღნიშნული ნივთიერება არ გადაეცა ახალგაზრდა მამაკაცისათვის, უკანვე წაეღო ბათუმში და დაებრუნებინა ვინმე „...სთვის".

1999 წლის 23 აგვისტოს ნ. ს-ძე ქ. თბილისში, ზემო ვეძისის ქუჩაზე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც იგი წარმოადგინეს შს სამინის-ტროში. პირადი ჩხრეკისას მას ამოუღეს ვინმე „...საგან" უკანონოდ შეძენილი და ქ. ბათუმიდან ქ. თბილისში გადმოზიდული 23.05გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი".

ნ.ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.

შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ _ განაჩენის კანონიერ ძალაში დარჩა უცვლელი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ ნ. ს-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების თვალთახედვით და 2000 წლის 20 აპრილის განაჩენით უცვლელად დატოვა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ნ. ს-ძე მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართულე-ბით, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს ისეთი სასჯელი, რომელიც დაკავშრებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან შემდეგ გარემოებათა გამო:

აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და მძიმე ავადმყოფი; არასოდეს ჩაუდენია კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, არის პენსიონერი.

მსჯავრდებულმა ნ. ს-ძემ მხარი დაუჭირა თავისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და პალატას განუმარტა შემდეგი: იგი ნამდვილად დამნაშავეა, რომ ქ. ბათუმიდან ქ. თბილისში ჩამოიტანა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ ეს იყო ნარკოტიკი, გადაწყვიტა, აღარ გადაეცა იმ პიროვნებისათვის, ვინც მას უნდა დალოდებოდა ქ. თბილისში და უკანვე დაებრუნებინა ბათუმელი „...სთვის".

ამასთან, პალატას წარმოუდგინა ქ. ბათუმის გამგეობის შუამდგომლობა, რომელშიც დაყენებულია საკითხი სასჯელის ისეთი ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

პალატის სხდომაში მონაწილე პროკურორმა თავის დასკვნით სიტყვაში მოითხოვა ნ. ს-ძის მიმართ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს პირობითი მსჯავრი.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულის განმარტება, პროკურორის დასკვნა და მიიჩნია, რომ ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, სასამართლომ ნ. ს-ძის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს განაჩენში მიუთითა საქართველოს სსკ-ის 38-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეთა პალატა თვლის, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ გაითვალისწინა ისეთი შემამსუბუქებელი გარემოებები, როგორიცა მსჯავრდებულის წინანდელი დამსახურება და კერძოდ: როგორც ირკვევა, ნ. ს-ძე წლების განმავლობაში მუშაობდა „ბათუმსურსათვაჭრობის" სხვადასხვა ობიექტებზე, სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით, ყველა საქმის წამოწყებაში იყო აქტიური მონაწილე.

ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნ. ს-ძე არის ქალი, 55 წლის ასაკში, გულის ქრონიკული იშემიური დაავადების გამო დაუდგინდა მეორე ჯგუფის ინვალიდობა და აღნიშნულის გამო (ე. ი. ინვალიდობით) ღებულობს პენსიას.

ქ. ბათუმის გამგეობა ნ. ს-ძეს დადებითად ახასიათებს და განსაკუთრებით აღნიშნავს მის ხანგრძლივ და კეთილსინდისიერ მუშაობას ვაჭრობის დარგში.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ნ. ს- ძეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და გადაზიდვაში გასაღების მიზნის გარეშედა რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული არ განეკუთვნება ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მომეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეს წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, პალატა შესაძლებლად თვლის, ნ. ს-ძის გამოსწორებას თავისუფლების აღკვეთის გარეშე და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ნ. ს-ძეს გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს სამი წელი. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მასვე დაეკისროს მოვალეობის შესრულება _ არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ძალაში შევიდა 2000 წლის 1 ივნისიდან, ხოლო აღნიშნული კოდექსის 414-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პრობაციის სამსახურის შექმნამდე მისი ფუნქციები უნდა განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რაც გულისხმობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 თავით, 72-ე და 75-ე მუხ-ლებით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ სასამართლო აქტების აღსრულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განჩინება ნ. ს-ძის მიმართ აღსასრულებლად უნდა გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64- ე, 65-ე, 66-ე და 414-ე მუხლის მე-4 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს 2000 წლის 20 აპრილის განაჩენში ნ. ს-ძის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება:

ნ. ს-ძეს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა _ არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

განჩინების ასლი აღსასრულებლად მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტრო-ლისა და დახმარების განსახორციელებლად გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს.

მსჯავრდებულ ნ. ს-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ _ გაუქმდეს.

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.