საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 31დად 23 აგვისტო 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ტურავა
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე, თ. ყრუაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ბ. ქ-ავას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს (მოსამართლე ვ. ფუხაშვილი) 2000 წლის 14 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც არ იქნა გაზიარებული მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელთა შუამდგომლობის მოთხოვნა ბ. ქ-ავას პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წალენჯიხის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ბ. ქ-ავას მსჯავრი დაედო სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით ერთობლივად მიესაჯა ათი წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
ბ. ქ-ავას სასჯელის მოხდა დაეწყო 1992 წლის 6 დეკემბრიდან.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ წარდგინება ბ. ქ-ავას პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.
წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ბ. ქ-ავა ითხოვს, დაკმაყოფილდეს ადმინისტრაციის შუამდგომლობა.
პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, დადგენილების კანონიერება, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულის მოთხოვნას, თვლის, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბ. ქ-ავა ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელს იხდის 1992 წლის 6 დეკემბრიდან. მას სასჯელის ვადა უთავდება 2002 წლის 6 დეკემბერს. დღეის მდგომარეობით მას მოხდილი აქვს სასჯელის 3/4 (6 ივნისი 2000 წელი).
თანახმად სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ პუნქტისა, პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.
ბ. ქ-ავას მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას. ამდენად, ამ საფუძვლით შუამდგომლობის აღძვრა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან სავსებით კანონიერია.
საკასაციო პალატას რაიონული სასამართლოს დადგენილებაში წარდგინების უარყოფის მიზნით ჩამოყალიბებული მოტივაცია, რომ ბ. ქ-ავამ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და მან ეს დანაშაული ჩაიდინა უმწეო, მოხუცი ქალის მიმართ, საფუძვლიანად არ მიაჩნია; გაურკვეველია, სხვა რა მტკიცებულებები უნდა ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოზე, გარდა იმ წახალისებებისა და მადლობებისა, რომლებსაც თვით დადგენილებაც ვერ უარყოფს.
პირადი საქმით დადგენილია, რომ ბ. ქ-ავა სასჯელის მოხდის ადგილებში წახალისებული ან დასჯილი არ ყოფილა. სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება 1998 წლის 9 აგვისტოდან. გამოჯანმრთელების შემდეგ პირადი განცხადებით გადაყვანილი იქნა სამეურნეო მომსახურების სანიტრად, შრომას ეკიდება კეთილსინდისიერად, დავალებებს ასრულებს დროულად, დანაშაულს ინანიებს და განიცდის.
დახასიათებაში ხაზგასმულია ის, რომ ბ. ქ-ავა შრომისადმი კეთილ-სინდისიერი დამოკიდებულებისა და კარგი ყოფაქცევისათვის წახალისებულია სხვადასხვა დროს ცხრაჯერ.
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრა-ციას მიაჩნია, რომ ბ. ქ-ავა მტკიცედ დაადგა გამოსწორების გზას და შუამდგომლობს მის მიმართ სსკ-ის 72-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების გატარების შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე, 611-ე, 623-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს (მოსამართლე ვ. ფუხაშვილი) 2000 წლის 14 ივლისის დადგენილება ბ. ქ-ავას სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
ბ. ქ-ავა, სსკ-ის 72-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელისაგან გათავისუფლდეს.