საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 33დად 16 აგვისტო 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ტურავა
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე, თ. ყრუაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ევას კერძო საკასაციო საჩივარი მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 მაისის დადგენილებაზე.
პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მარნეულის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 ივლისის განაჩენით (მოსამართლე მ. ფეიქრიშვილი) ა. ბ-ევა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილით, მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 471-ე მუხლის საფუძველზე განაჩენის აღსრულება გადაედო იმავე ვადით.
ა. ბ-ევას მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან მოიზიდა ქალები გარყვნილებისათვის და მაჭანკლობდა ანგარების მიზნით. კერძოდ, 1999 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 23 საათზე, მან მსუბუქი ყოფაქცევის სამი ქალი, სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით, 55 ლარად გაატანა სამ ახალგაზრდას, რომლებიც დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 მაისის დადგენილებით (მოსამართლე მ. ფეიქრიშვილი) გაუქმდა ა. ბ-ევას მიმართ განაჩენის აღსრულების გადადება და იგი განაჩენით დანიშნული სასჯელის - ორი წლით თავისუფლების აღკვეთის - მოსახდელად 23 ივნისს აყვანილი იქნა პატიმრობაში.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ა. ბ-ევა ითხოვს ზემოხსენებული დადგენილების გაუქმებას, მიაჩნია ის უკანონოდ, მიუთითებს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი განაჩენის აღსრულების გადადების გაუქმების თაობაზე და რომ ყველა საბუთი პოლიციის მიერ ხელოვნურად არის შექმნილი.
პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა პროკურორის დასკვნა, შეამოწმა საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, დადგენილების კანონიერება და თვლის, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 მაისის დადგენილებას საფუძვლად დაედო მარნეულის შს განყოფილების ე. წ. წარდგინება - მიმართვა იმის შესახებ, რომ მიუხედავად განაჩენის აღსრულების გადადებისა, ა. ბ-ევამ ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და წა-ვიდა გაურკვეველი მისამართით, რაზეც შედგა სათანადო ოქმები. მიმართვაში იყო მოთხოვნა სასამართლოს მოეხდინა რეაგირება ა. ბ-ევას სასჯელის მოსახდელად შესახლების მიზნით. საქმის მასალებში წარმოდგენილია მარნეულის რაიონის შს განყოფილების ხუთი ოქმი, დათარიღებული 2000 წლის 21, 22, 24, 28 აპრილით იმის შესახებ, რომ შემოწმებისას ა. ბ-ევა სახლში არ იმყოფებოდა.
სასამართლომ გაიზიარა რა მოთხოვნა ა. ბ-ევას სასჯელის მოსახდელად შესახლების შესახებ, აღნიშნული იმით დაასაბუთა, რომ მიუხედავად განაჩენის აღსრულების გადადებისა, ა. ბ- ევა არ დაადგა გამოსწორების გზას, იგი კვლავ აგრძელებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მოზიდვას გარყვნილობისათვის, ხოლო 22 აპრილს მან პოლიციისათვის შეტყობინების გარეშე მიატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია. სასამართლოს დასაბუთება კანონსაწინააღმდეგოა და დადგენილება უნდა გაუქმდეს, რადგანაც სასამართლოს განაჩენი აღსრულების გადადების შესახებ არ მიუთითებს სსკ-ის 471-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ არც ერთ შეზღუდვაზე და ისე უგზავნის კონტროლისათვის მას შს მარნეულის რაიო-ნულ განყოფილებას. ამდენად, მსჯავრდებული ვერ დაარღვევდა სსკ-ის 471-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თუ მსჯავრდებული, რომლის მიმართ თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულება გადადებულია, არ ასრულებს მასზე სასამართლოს მიერ დაკისრებულ მოვალეობებს, მაშინ ში-ნაგან საქმეთა ორგანოს წარდგინებით სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულების გადადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც სასამართლოს განაჩენით ა. ბ-ევასათვის არ დაუწესებია შეზღუდვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების აკრძალვის შესახებ, აღნიშნული არ შეიძლებოდა გამხდარიყო დანიშნული სასჯელის მოსახდელად სასჯელის მოხდის ადგილებში შესახლების საფუძველი.
ამდენად, ა. ბ-ევას მიმართ დადგენილება უნდა გაუქმდეს, როგორც უკანონო და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 860-ე, 561-ე, 568-ე, 623-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 მაისის დადგენილება ა. ბ- ევას მიმართ განაჩენის აღსრულების გადადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მისი გაგზავნის შესახებ.
ა. ბ-ევა პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.