საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.03.2000
საქმის ნომერი
2კ-20კოლ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 20კოლ 17 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე რ. შველიძე

მოსამართლეები: გ. ხაბულიანი, თ. ყრუაშვილი

განიხილა განსასჯელ ა. ა-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ჯ-ისა და პროკურორ ე. ტ-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 3 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც: ა. ა-ძე, ქართველი, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 104-ე მუხლის მეორე პუნქტით, 228-ე მუხლის მეორე ნაწილით და 2071-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით, ა. ა-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგში: მან 1998 წლის 19 ოქტომბერს, თბილისში, ფოთის ქუჩაზე, ამჟამად მიმალვაში მყოფ ჯ. შ-ავასთან ერთად ჩაიდინა ბორიტო ხულიგნობა _ უცენზურო სიტყვებით ა. აგინა ე-შვილს და გ-იანს, ცემა და სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენა მათ. მათვე, პოლიციის მუშაკებს _ გ-შვილს, ი-შვილს, ს-შვილს, ქ-ძეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ს-შვილს _ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებაც.

ა. ა-ძემ 1999 წლის 12 აპრილს, თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩაიდინა მ-ძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოე-ბებში. ა. ა-ძეს და მასთან მყოფ პირებს, წისრიგისაკენ მოუწოდეს ახლომდებარე სახლების მცხოვრებლებმა, რაც ა. ა-ძემ იუკადრისა, დაუწყო მათ უცენზურო სიტყვებით გინება და ქვების სროლა, რაც გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთს.

ა. ა-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ. ჯ-ე ითხოვს ა. ა-ძის მიმართ საქმის შეწყვეტას ბრალდების ყველა პუნქტში, მის გამართლებასა და პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ადვოკატი თავის მოთხოვნას ასაბუთებს იმით, რომ როგორც საბრალდებო დასკვნა, ასევე განაჩენი გამოტანილია მტკიცებულებათა არაობიექტური და ტენდენციური ანალიზით, დარღვეულია სსსკ მე-18 მუხლის მოთხოვნები, განაჩენი დაეყრდნო იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მიღებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოწმეთა ჩვენებებს.

პროკურორი ე. ტ-ი თავის საკასაციო საჩივარში ითხოვს განაჩენის გაუქმებას, აშკარად ლმობიერების მოტივით და საქმის ხელახლა განსახილველად კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას.

თავის შესაგებელში, დაზარალებული თ. მ-ძე და მისი ადვოკატი ა. კ-ე, ითხოვენ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატის წინაშე გამოსული ადვოკატი გ. ჯ-ე ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე _ ლ. ყ-ი მხარს უჭერს პროცესში მონაწილე ბრალმდებლის ე. ტ-შვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

დაზარალებული თ. მ-ძე ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ ა. ა-ძის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული სასამართლოს მიერ. მართალია, ა. ა-ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მაგრამ განაჩენი მისი ვერსიის უარსაყოფად დაეყრდნო დაზარალებულე-ბის: ე-შვილის, გ-იანისა და ს-შვილის, მოწმეების: ქ-ძის, გ-შვილის, ა-იანის, კ-ძის, ს-შვილის, ა-ყვას, ა-შვილის, ე-იას ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ ა. ა-ძის მიერ დანაშაულის ისეთ გარემოებებში ჩადენას, როგორც ეს საბრალდებო დასკვნასა და განაჩენშია აღწერილი. ამასთანავე, სასამართლო დაეყრდნო ფიზიკო-ტექნიკური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, საქმის სხვა მასალებს და მათი ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორად დააკვალიფიცირა ა. ა-ძის ქმედება.

აქედან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს ა. ა-ძის ადვოკატის პოზიციას მის მიმართ საქმის შეწტყვეტისა და გამართლების თაობაზე.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ იგი ა. ა-ძეს განსაზღვრული აქვს სსკ 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და არ ეთანხმება პროკურორ ე. ტ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს სასჯელის აშკარად ლმობიერების თაობაზე.

ამდენად, განაჩენი ა. ა-ძის მიმართ როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ 561-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დარჩეს უცვლელად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 3 თებერვლის განაჩენი _ ა. ა-ძის მიმართ.

ადვოკატისა და პროკურორის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.