დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 23 კოლ 24 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე
წევრები: თ. ყრუაშვილი, მ. ტურავა
განიხილა ადვოკატ ხ. გ-ის და დაზარალებულ ა. მ-ოვის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 7 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ზ. რ-შვილი საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, უცოლშვილო, სამართალში არ ყოფილი, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით, 135-ე მუხლით, 136-ე მუხლით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 133-ე მუხლით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა ერთობლიობის წესით სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
როგორც მსჯავრდებულის ადვოკატის, ასევე დაზარალებულის საკასაციო საჩივარი ითხოვს ზ. რ-შვილზე შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
პალატამ მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ბორჩხაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
გასაჩივრებული განაჩენით ზ. რ-შვილს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან 1989 წელს გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა მანამდე, სანამ 1994 წელს არ გაასხვისა გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირზე. მანვე, 1993 წელს ქ. თბილისში უკანონოდ შეიძინა ერთი ცალი "ფ-1“ ტიპის საბრძოლო ხელყუმბარა და ერთი ცალი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი რვა ცალი საბრძოლო ვაზნით, რომელთაც ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა.
1993 წლის ოქტომბრის დასაწყისში ზ. რ-შვილს დანაშაულებრივად და-უკავშირდა ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში მცხოვრები ჯ. მ-ოვი და მისი ნათესავი, ამავე რაიონის სოფელ ტაშტიკულარში მცხოვრები ნ. ა-ევი, რომლებმაც მას შესთავაზეს ძალადობის გამოყენებით მოეტაცათ სოფელ მუშევანში მცხოვრები ს. მ-ოვი და მისგან და მისი ნათესავებისაგან გათავისუფლების საფასურად გამოეძალათ დიდი რაოდენობით ფული. ზ. რ-შვილი დათანხმდა ამ წინადადებას. ნ. ა-ევი ასევე დაუკავშირდა თავის ბიძაშვილს - მ. ა-ევს და ისიც დაითანხმა ამ და-ნაშაულის ჩადენაზე. 1993 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 22 საათზე მ. ა-ევი და ზ. რ-შვილი შეიარაღებულნი ავტომატური და "მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებით, ნ. ა-ევის კუთვნილი ავტომანქანით მივიდნენ სოფელ მუშევანში ს. მ-ოვის სახლთან, დაძახებით გამოიყვანეს იგი ბინიდან, შემდეგ კი ფიზიკური ძალის გამოყენებით, იარაღის მუქარით და ცემით, მისი ნების საწინააღმდე-გოდ ჩასვეს იგი ავტომანქანაში და წაიყვანეს სოფელ რაჭისუბანში ერთ-ერთ მი-ტოვებულ სახლში, სადაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში _ სიცივესა და სინესტეში ხელფეხშეკრული და თვალახვეული ყავდათ ცხრა დღე-ღამე. მე-სამე დღეს ზ. რ-შვილმა და მ. ა-ევმა ცემით, წამებით, ძალდატანებითა და მუქა-რით აიძულეს ს. მ-ოვი წერილი მიეწერა თავისი ახლობლებისათვის რათა მისი გამოხსნისათვის 5 დღის განმავლობაში 15 მილიონი რუსული რუბლი მიეტანათ სოფელ ტაშტიკულარში მდებარე მიტოვებული კირის საწვავი საამქროს სადარაჯო ჯიხურში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოკვლით ემუქრებოდნენ როგორც ს. მ-ოვს, ისე მის ახლობლებს. ეს წერილი მათ ჩააგდეს ს. მ-ოვის დის - დ. მ-ოვას ეზოში. წერილის საფუძველზე ს. მ-ოვის ახლობლებმა, მისი გამოხსნის მიზნით შეაგროვეს ორი მილიონ 350 ათასი რუბლი, ერთი მილიონ 250 000 ქართული კუპონი და 3000 ამერიკული დოლარი, რაც მიიტანეს და დადეს წერილში მითი-თებულ ადგილზე. ეს ფული ამ ადგილიდან წაიღო ზ. რ-შვილმა და გაინაწილეს დანაშაულში მონაწილე პირებმა. იმავე ღამით ზ. რ-შვილმა ნ. ა-ევის ავტომანქანით თვალახვეული ს. მ-ოვი მიიყვანა და დატოვა ბოლნისის რაიონის სოფელ ძველქვეშის სასაფლაოსთან.
1993 წლის 12 ნოემბერს ზ. რ-შვილი ყაჩაღური გზით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუ-ქარით, სატრანსპორტო საშუალების გატაცების და განმეორებით ფულის გამოძალვის მიზნით დანაშაულებრივად დაუკავშირდა თ. გ-ანს, რომელთანაც წინასწარი შეთანხმებით, დაახლოებით 21 საათზე, მთვრალი, ავტომატური იარაღით და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით შეიარაღებულნი, გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში თავს დაესხნენ ამავე სოფელში მცხოვრებ მილიციის მუშაკს - ვ. ბ-შვილს, რო-მელიც იმ მომენტში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და აიძულეს იგი გაეჩერებია თავისი ავტომანქანა „ვაზ-2106“. მუქარითა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით გადმოიყვანეს იგი ავტომანქანიდან, სცემეს, მოკვლის მუქარით წაართვეს და გაიტაცეს ავტომანქანა. ვ. ბ-შვილისათვის იმავე ღამეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ცხოვრობდა ბოლნისის რაიონის … იგი მეორე დღეს მანქანის დაბრუნების მიზნით მივიდა ზ. რ-შვილთან სახლში, სადაც ამ უკანასკნელმა თ. გ-ანთან ერთად მას ავტომანქანის დაბრუნებაში მოსთხოვა 500 000 რუსული რუბლი და თან დაემუქრა - თუ არ გადაიხდიდა ამ თანხას, დაუწვავდა მანქანას. ვ. ბ-შვილმა იმავე დღეს მიუტანა ზ. რ-შვილს სახლში 400 000 რუბლი და გადასცა მას თ. გ-ანის თანდასწრებით, რის შემდეგაც დაუბრუნეს წინა ღამით წართმეული და გატაცებული ავტომანქანა.
ადვოკატის საკასაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მიუთითებს იმაზე, რომ მსჯავრდებულმა სასამართლოს წინაშე აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულობანი, მათი ჩადენიდან გავიდა 7 წელი, ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდა რა მიმალვაში, არ ჩაუდენია ახალი დანაშაული, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი დაადგა გამოსწორების გზას და საჭირო აღარ არის მისი მკაცრად დასჯა.
დაზარალებული რ. რ-შვილის სასჯელისაგან გათავისუფლებას ითხოვს იმ მოტივით, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულის ოჯახთან და არ სურს გააფუჭოს ეს ურთიერთობა.
პალატამ მოუსმინა რა ადვოკატ რ. გ-ს, მსჯავრდებულ ზ. რ-შვილს, პროკურორ რ. ყ-ს (მხარს უჭერს განაჩენის უცვლელად დატოვებას), გამოიკვლია საქმის მასალები, გაანალიზა საკასაციო საჩივართა მოტივები, მიიჩნევს, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტიური გარემოებანი და მას მისცა სწორი იურიდიული კვალიფიკაცია, რასაც სადაოდ არ ხდის თვით კასატორებიც. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ ასევე სასჯელის განსაზღვრის დროს სწორად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი და დაადგინა სამართლიანი განაჩენი. საკასაციო საჩივრის ის მოტივი, რომ მსჯავრდებულ ზ. რ-შვილს მიმალვაში ყოფნის პერიოდში არ ჩაუდენია ახალი დანაშაული, სასამართლოს მიერ დანიშნული კანონიერი სასჯელის შემსუბუქების საფუძველს არ წარმოადგენს. ასევე უსაფუძვლოა დაზარალებულის საჩივრის ის მოტივი, რომ მას არ სურს ურთიერთობა გააფუჭოს მსჯავრდებულის ოჯახთან.
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 7 თებერვლის განაჩენი ზ. რ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად. საკასაციო საჩივართა მოთხოვნა უარყოფილი იქნას მათი უსაფუძვლობის გამო.
განჩინება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.