დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.04.2000
საქმის ნომერი
2კ-27აპ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.04.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 27აპ 5 აპრილი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ისაევი

წევრები : რ. შველიძე, თ. ყრუაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ჟ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში.

რაიონული სასამართლოს განაჩენით ჟ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 46-ე მუხლის გამოყენებით შეეცვალა პირობითი მსჯავრით. მასვე დაეკისრა 1206 ლარის გადახდა დაზარალებულ მ-შვილის სასარგებლოდ.

სააპელაციო პალატის განაჩენით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს განაჩენი ჟ. ბ-ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. განაჩენი შეიცვალა მხოლოდ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში. კერძოდ, სამოქალაქო სარჩელი დარჩა ღიად და დაზარალებულს განემარტა უფლება სამოქალაქო სამართალ-წარმოების წესით მისი წარდგენის შესახებ.

პალატამ გამოარკვია შემდეგი:

რაიონული სასამართლოს განაჩენით ჟ. ბ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის; 1999 წლის 17 ივლისს, 1330 საათზე იგი ავტომანქანა ვაზ. 2103-ით დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა წყნეთის გზატკეცილზე, ბაგების მხრიდან ვაკის პარკის მიმართულებით. როდესაც მიუახლოვდა ამავე გზატკეცილზე განლაგებულ რიგით მეხუთე უნომრო ელექტრო განათების ბოძს, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის სავალ ზოლზე და შეეჯახა თავის გზაზე მოძრავ ა/მანქანა ვაზ.

2106-ს, რომელსაც მართავდა მოქ. მ-შვილი.

დაჯახების შედეგად სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღეს მგზავრებმა ლ. გ-იამ, ა. ს-ძემ და თვით მძღოლმა ლ. მ-შვილმა.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა თვით მსჯავრდებულის განმარტება, ასევე დაზარალებულის წარმომადგენლის განმარტება, რომელმაც თავისი შესაგებლით მხარი დაუჭირა სააპელაციო პალატის განაჩენს. მოუსმინა პროკურორს, რომელმაც განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

პალატამ შეამოწმა რა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების, მოთხოვნის საფუძვლიანობა და განაჩენის კანონიერება, თვლის, რომ ის დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, ხოლო საჩივარს უნდა ეთქვას უარი შემდეგ გარემოებათა გამო:

ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში დაკითხვისას ჟ. ბ-ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, დაადასტურა მისი მხრიდან მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი.

აღნიშნული არ უარყო მან სააპელაციო პალატის სხდომაზეც, მხოლოდ პრეტენზია გამოთქვა ზარალის ასანაზღაურებლად 1206 ლარის დაკისრების გამო.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ჟ. ბ-ძის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ გამოძიება მის მიმართ იყო ტენდენციური, არასწორად დაფიქსირდა ავტომანქანათა შეჯახების ადგილი, გამოძიებით არ დადგინდა ავტომანქანების რეალური სიჩქარეები. ჟ. ბ-ძე მიუთითებს იმასაც, რომ მართალია იგი გადაცდა შუახაზს, მაგრამ სულ სხვადასხვა მცნებებია გადავიდა და გადაცდა.

მიუხედავად საკასაციო საჩივარში განვითარებული ამგვარი მოსაზრებისა, ჟ. ბ-ძე თავს დამნაშავედ ცნობს და ამას არც საჩივარში უარყოფს. მიუთითებს, რომ გრძნობს თავს დამნაშავედ, თანახმა იყო ორი წლით პირობით სასჯელზე, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგია ზარალის გადახდაზე, რადგანაც მიაჩნია, რომ შემთხვევა მოხდა ორივეს ბრალით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჟ. ბ-ძემ დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების კანონი. აღნიშნული დადგენილია დარღვევის ფაქტზე შედგენილი მონაცემებით, როგორიცაა ცნობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასზე დართული სქემით, ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერებისა და შემოწმების ოქმებით, ჟ. ბ-ძის ახსნა-განმარტებით, ეჭვმიტანილის და ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმებით, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით.

რაც შეეხება სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისა და მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხს, ამ ნაწილში სააპელაციო პალატამ დაუზუსტებლობისა და მტკიცებულებათა შორის წინააღმდეგობის არსებობის გამო, სარჩელი ღიად დატოვა და დაზარალებულს დაუტოვა უფლება წარადგინოს ის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო პალატას სწორად მიაჩნია. ამასთან თვლის, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი შესაბამისობაშია როგორც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, ისე მსჯავრდებულის პიროვნულ მონაცემებთან.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ იქნეს გაზიარებული.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 თებერვლის განაჩენი ჟ. ბ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელი.