შეიცვალა სასჯელი შემსუბუქებისკენ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 31-შ 13 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,ნ. გვენეტაძე
განიხილა საქართველოს სსსკ-ის 680-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ჯ-იას და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ თ. შ-იას საკასაციო საჩივრები აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 31 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ზ. ჯ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის 1,2,3,4 ნაწილებით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1,4,5 პუნქტებით, 133-ე მუხლით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით, ქონების კონფისკაციით და სასჯელის მოხდის შემდეგ გასახლებით ორი წლის ვადით.
იმავე განაჩენით მსჯავრდებული არის რ. დ-ავა, რომლის მიმართაც ამჟამად საჩივარი არ არის შემოსული და არც საკასაციო ვადაში გასაჩივრებულა.
ზემოაღნიშნული განაჩენი ზ. ჯ-იას მიმართ უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიის 1997 წლის 8 ივლისის განჩინებით.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმმა 2001 წლის 7 თებერვლის დადგენილებით არ დააკმაყოფილა ადვოკატ თ. შ-იას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოების მოტივით ზ. ჯ-იას მიმართ დადგენილი განაჩენის ახალ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე.
მსჯავრდებულ ზ. ჯ-იას საკასაციო საჩივარი ითხოვს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ადვოკატ თ. შ-იას საჩივარი ითხოვს განაჩენის და შემდგომი სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებათა გაუქმებას და საქმის შეწყვეტას.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ზ. ჯ-იას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან რ. დ-ახავასთან ერთად უკანონოდ შეიძინა, შეინახა, ატარებდა და გადაზიდა სამი ცალი ავტომატური იარაღი 755 ცალი საბრძოლო ვაზნით და ნაგანის ფორმის თვითნაკეთი რევოლვერი.
გარდა ამისა, რ. დ-ავასთან და გამოძიებით დაუდგენელ ოთხ სხვა პირთან ერთად, ნიღაბაფარებულნი და ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულნი, 1996 წლის 6 ივნისს, ღამით, გალის რაიონის სოფ. ... თავს დაესხნენ მ. ზ-იას ოჯახს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითა და მუქარით დააშინეს ისინი და ყაჩაღურად გაიტაცეს დაახლოებით 700 ლარის ღირებულების საოჯახო ნივთები. არ დაკმაყოფილდნენ რა ამით, უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთეს ოჯახის წევრს თ. ზ-იას, შებოჭეს ის და გაიყვანეს სახლიდან დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე ჩაის პლანტაციაში. ეს უკანასკნელი გაათავისუფლეს იმავე ღამით მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ მ. ზ-იამ თავდამსხმელებს 150 ლარი გადაუხადა. თავდამსხმელთა ძალადობის შედეგად თ. ზ-იამ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
მეორე დღეს, 7 ივნისს, დაახლოებით 22 საათზე, იმავე სოფელში ზ. ჯ-იამ, რ. დ-ავამ და გამოძიებით დაუდგენელმა სამმა პირმა იმავე მეთოდით დააყაჩაღეს ე. ჯ-ძის ოჯახი, საიდანაც გაიტაცეს 2117 ლარის ღირებულების საოჯახო ნივთები და 27000 რუსული რუბლი.
1996 წლის 8 ივნისს ზ. ჯ-იამ და რ. დ-ავამ სამი ცალი ავტომატური იარაღი თავისი საბრძოლო მასალით, თვითნაკეთი რევოლვერი და მ. ზ-იას და ე. ჯ-ძის ოჯახიდან გატაცებული ნივთების ნაწილი გალის რაიონიდან გადაზიდეს ქ. ზუგდიდში, სადაც ისინი დაკავებული იქნენ პოლიციის მუშაკების მიერ.
რ. დ-ავამ როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს თავი დამნაშავედ ცნო ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენაში იმ გამონაკლისით, რომ მან არ დაადასტურა ყაჩაღობათა ჩადენაში ზ. ჯ-იას მონაწილეობა. ზ. ჯ-იამ თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ თვითნაკეთი რევოლვერის ნებადაურთველ ტარებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა თ. შ-იამ საჩივრიდან ამორიცხა თვითნაკეთი რევოლვერის უნებართვო ტარებისათვის ზ. ჯ-იას გამართლების მოთხოვნა. მსჯავრდებული ჯ-ია დაეთანხმა ადვოკატის მოსაზრებას.
პროკურორი გ. მ-ძე შუამდგომლობს ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლის გარეშე ზ. ჯ-იას შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი სამი წლით.
პალატამ მოისმინა რა მხარეთა მოსაზრებები, შეისწავლა საქმის მასალები, განაჩენის და შემდგომი სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებათა კანონიერება და წარმოდგენილ საჩივართა საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენში (შესაბამისად შემდგომ გადაწყვეტილებებში) შეტანილ უნდა იქნას ცვლილება შემდეგი მიმართებით:
არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიების დროს ზ. ჯ-იამ თავი არ სცნო დამნაშავედ მ. ზ-იას და ე. ჯ-ძის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში, ნივთების გატაცებასა და თ. ზ-იასათვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში. ამ დანაშაულებში ზ. ჯ-ია არ უმხელია რ. დ-ავას. ეს უკანასკნელი ყველა დაკითხვის დროს აჩვენებდა, რომ მასთან ერთად მ. ზ-იას და ე. ჯ-ძის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ მისი ნაცნობი ვინმე ფრიდონი, ამ უკანასკნელის ძმა დათო და მისთვის უცნობი გელა და ზაზა. მას ზ. ჯ-ია არცერთხელ არ დაუსახელებია ამ დანაშაულის ჩადენის თანამონაწილედ.
არცერთ დაზარალებულს ზ. ჯ-ია არ ამოუცვნია როგორც დანაშაულის ჩამდენი.
დაკავებისას ზ. ჯ-იას ჯიბეში აღმოუჩნდა ე. ჯ-ძის ბინიდან გატაცებული ოქროს ჯაჭვი და ჯვარი, რომლის თაობაზე მან განმარტა, რომ ის აჩუქა რ. დ-ავამ. ამ უკანასკნელმა დაადასტურა ჯ-იას ჩვენება.
ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ ყაჩაღობით გატაცებულ ნივთებთან ერთად ზ. ჯ-იას კუთვნილი იარაღებისა და ნიღბების აღმოჩენა იმ ხელჩანთაში, რომელიც რ. დ-ავას გადმოჰქონდა, არ არის უტყუარი მტკიცება ზ. ჯ-იას მონაწილეობისა ყაჩაღობის ჩადენაში, თ. ზ-იასათვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში და მისთვის ფულის გამოძალვაში.
საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით და არ შეიძლება გარკვეული იქნეს დამატებითი შემოწმებით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია წარმოშობილი ეჭვი გარკვეული იქნეს დამატებითი შემოწმებით.
ყოველივე აღნიშნულის გამო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ჯ-იას მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1,4,5 პუნქტებით, 133-ე მუხლით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებებში.
რაც შეეხება სსკ-ის 238-ე მუხლის 1,2,3,4-ე ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებას, პალატას ის სავსებით დადასტურებულად მიაჩნია და არ იზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და მათი საბრძოლო ვაზნები თითქოს ზ. ჯ-იას არ ეკუთვნოდა.
რ. დ-ავამ პირველივე გამოკითხვის დროს განმარტა, რომ ორი ცალი ავტომატური იარაღი მისივე საბრძოლო ვაზნებით ეკუთვნოდა ზ. ჯ-იას და ისინი ამ უკანასკნელს გადამალული ჰქონდა სოფ. ...
კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ საიზოლაციო ფირები, რომლებითაც ერთმანეთზე შეკრულია სამივე ავტომატის ორ-ორი მჭიდი და მსჯავრდებულ ზ. ჯ-იასაგან ამოღებული საიზოლაციო ფირის ხვია, ადრე შეადგენდნენ ერთიან მთელს. ეს გარემოება ადასტურებს იმას, რომ ზ. ჯ-იას მიერ არის შეკრული ავტომატების მჭიდი მისგან ამოღებული საიზოლაციო ფირით, ორი ავტომატი მას ეკუთვნოდა და ისინი გალის რაიონიდან ქ. ზუგდიდში მან გადაზიდა.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 238-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ზ. ჯ-იას მიმართ განსაზღვრული სასჯელი 8 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მისი ოჯახური მდგომარეობისა და სხვა კონკრეტული პირობების გათვალისწინებით მეტისმეტად მკაცრია.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე, 565-ე მუხლებით და 680-ე მუხლის მე-12 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 31 იანვრის განაჩენში და შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებებში ზ. ჯ-იას მიმართ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით, 133-ე მუხლით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებებში;
იმავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 2 წლით, მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ოთხი წლით და საბოლოოდ მოსახდელად დაურჩეს ექვსი (6) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.