დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.07.2001
საქმის ნომერი
2კ-22შ.-2001
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
10.07.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 22შ 10 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 680-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე, განიხილა მსჯავრდებულ ბ. ფ-იას საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 4 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც ბ. ფ-ია, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლით, 213-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე მუხლის მეორე ნაწილით და ერთობლივად შეეფარდა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა ბ. ფ-იას დაეწყო 1997 წლის 12 მაისიდან.

განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 16 თებერვლის დადგენილებით.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ბ. ფ-იას მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: მან 1992 წლის 2 აგვისტოს ქ. სოხუმში დააარსა რა ინდივიდუალური კერძო საწარმო “ე-ა”, რომელიც ხელმეორედ რეგისტრაციაში გაატარა 1996 წლის 25 ოქტომბერს ქ. თბილისში და გახდა შპს “ე-ის” პრეზიდენტი, გადაწყვიტა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გატაცება, რაც აღასრულა 1996-1997 წლებში სხვადასხვა დროს, კერძოდ:

1996 წლის მარტში ბ. ფ-ია დაუკავშირდა საქართველოს “ბავშვთა ფონდს” და აღუთქვა, რომ მოახდენდა ფონდის სახელზე გამოყოფილი ფქვილის რეალიზაციას და მისცემდა მათ მოგებას. ბ. ფ-იამ ფონდის 1996 წლის 27 მარტის წერილობითი მინდობილობის საფუძველზე, კაჭრეთის პურპროდუქტების კომბინატიდან მ-ძის გვარზე გამოწერილი სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულებით, იმავე დღეს მიიღო 7 536,80 ლარად ღირებული ფონდირებული ფქვილი, რომლის რეალიზაცია მოახდინა გამოძიებით დაუდგენელ პირებზე, ხოლო საბაზრო ღირებულებით 18 000 ლარის სახელმწიფო ფულადი სახსრები გაიტაცა და მიითვისა.

1996 წლის 28 მარტისა და 15 მაისის ფონდის ¹ 2 და ¹ 16 მინდობილობით კ-იას სახელით ¹ 704274, ¹ 253110 და ¹ 252177 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულებით, რესპუბლიკის “ბავშვთა ფონდის” ზუგდიდის ორგანიზაციის სახელზე მიიღო 7200 ლარად ღირებული 20220 კგ. პირველი ხარისხის ფქვილი, რასაც გაუკეთა რეალიზაცია გამოძიებით დაუდგენელ პირებზე, ხოლო საბაზრო ღირებულებით 19 006, 80 ლარის ღირებულების სახელმწიფო ფულადი სახსრები გაიტაცა და მიითვისა.

1996 წლის აგვისტოში ბათუმში სახელმწიფო ენერგოკომპანიასთან შპს “ე-ის” სახელით დადო უთარიღო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ მიაწოდებდა 2000 მეტრ კაბელს, რისთვისაც ენერგოკომპანია 10 903 ლარს გადარიცხავდა საქართველოს საზღვაო ბანკის ანგარიშზე, ფ-იას მიერ კაბელის მიწოდების შემდეგ. იმავე წლის 13 აგვისტოს ენერგოკომპანიამ ¹ 100 წერილით მიმართა ბათუმის საზღვაო-სანაოსნო დეპარტამენტს, რომ 10 903 ლარი ჩაერიცხა საზღვაო ბანკისთვის ფირმა “ე-ის” სასარგებლოდ, რისთვისაც ბანკს აღნიშნული თანხით შეუმცირდებოდა ელექტროენერგიის დავალიანება. ენერგოკომპანიის ¹ 1 საგადასახადო დავალებით 1996 წლის 14 აგვისტოს საზღვაო ბანკს ჩაერიცხა 10 903 ლარი, რითაც დაიფარა ფ-იას მიერ 13 ივნისის ¹ 18 მინდობილობით და ¹468904 და ¹468906 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულებით საზღვაო ბანკიდან მიღებული 10 903 ლარის ღირებულების თამბაქოს საფასური ისე, რომ ფ-იას ენერგოკომპანიისათვის 2000 მეტრი კაბელი არ მიუწოდებია.

1991 წლის 20 მაისს ზუგდიდის რაიონის რუხის საკრებულოს იმჟამინდელმა თავმჯდომარე ა. თ-უამ წერილით მიმართა საქართველოს მთავრობას იმის შესახებ, რომ აფხაზეთის საწარმოო ფირმა “ე-ისთვის” დაევალებინა საზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად 50-50 ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავის მიცემა, რომლის ღირებულებას ერთი თვის ვადაში დაფარავდნენ.

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ფ-იამ მოიპოვა 1991 წლის 23 მაისით დათარიღებული წერილი, რომლითაც თითქოსდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტი არარსებულ ფირმა “ე-ას” სთხოვდა რუხის საკრებულოს გადასცეს 50-50 ტონა ბენზინი და 15 ტონა დიზელის საწვავი.

აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე ფ-იამ შეადგინა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მას უნდა შეეზიდა საკრებულოსათვის 436 500 რუსულ რუბლად ღირებული 40 ტონა ბენზინი და 15 ტონა დიზელის საწვავი 1991 წლის 25 სექტემბრამდე. 1991 წლის 21 ივნისის თარიღით ფ-იამ ¹ 12 ყალბი გასავლის ზედდებულის საფუძველზე, შექმნა 40 ტონა ბენზინისა და 15 ტონა დიზელის საწვავის მიღება-ჩაბარების აქტი თითქოსდა აღნიშნული საწვავის რუხის საკრებულოსათვის გადაცემის შესახებ. 1996 წლის 20 აპრილს ფ-იამ სახელმწიფო არბიტრაჟისაგან მოითხოვა რუხის საკრებულოსათვის 40 ტონა ბენზინისა და 15 ტონა დიზელის საწვავის დავალიანების გადახდევინება, სახელმწიფო არბიტრაჟს კი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარუდგინა მის მიერ შექმნილი ყალბი დოკუმენტები. სახელმწიფო საარბიტრაჟო სასამართლომ ფ-იას მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, 1996 წლის 9 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება ბიუჯეტიდან ფირმა “ე-ის” სასარგებლოდ 184 300 ლარის ანაზღაურების შესახებ. 1996 წლის 21 ოქტომბერს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს საზედამხედველო კოლეგიამ სახელმწიფო ბიუჯეტს ფირმა “ე-ის” სასარგებლოდ გადასახდელად განუსაზღვრა 175 988 ლარი, რაც 1996 წლის 5 ნოემბერს ბ. ფ-იამ გაიტანა “საქართველოს ბანკიდან” და მიითვისა.

1997 წლის 20 იანვარს ბ. ფ-იამ “საქტრანსგაზმრეწვის” გენერალურ დირექტორ ბ-შვილს მიმართა თბილისის ნაძალადევის რაიონის დაზღვევის სახელმწიფო ფირმის წერილით იმის შესახებ, რომ შპს “ე-ის” სასარგებლოდ აგარის შაქრის კომბინატში გადაერიცხა 37000 ლარი და მათ აღნიშნული თანხით შეუმცირდებოდათ სახელმწიფო დაზღვევის დავალიანება, ხოლო შპს “ე-ა” აღნიშნულ თანხას გაუნაწილებდა ნაძალადევის რაიონის დაზღვევას. აღნიშნული წერილის საფუძველზე, 1997 წლის 20 იანვარს, ფ-იამ “საქტრანსგაზმრეწვის” გენერალური დირექტორის ¹ 01/03 წერილით მიმართა აგარის შაქრის ქარხანას, რათა ხსენებული ორგანიზაციის დავალიანების ხარჯზე გადაეცათ 37000 ლარის ღირებულების შაქრის ფხვნილი. იმავე დღეს ზ-შვილის სახელზე გამოწერილი ¹ 4 მინდობილობით ფ-იამ ¹ 138501, ¹ 138502 და ¹ 13503 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულებით მიიღო 36999 ლარად ღირებული 61.666 კგ შაქრის ფხვნილი, გაუკეთა რეალიზაცია გამოძიებით დაუდგენელ პირებზე, ხოლო საბაზრო ღირებულებით 53032,76 ლარის სახელმწიფო ფულადი სახსრები გაიტაცა და მიითვისა.

1997 წლის 12 თებერვალს თბილისი-სამგორის რაიონის სახელმწიფო დაზღვევის დირექტორ რ. ც-ძის მიერ ხელმოწერილი წერილის მეშვეობით, ბ. ფ-იამ მიმართა სააქციო საზოგადოება “თბილისის” ნავთობროდუქტების გენერალურ დირექტორ შ. ვ-ძეს, რომ შპს “ე-ის” დაზღვევის ანგარიშზე შეტანილი ქონების თანხები “ნავთობპროდუქტებს” ჩაეთვლებოდა სახელმწიფო დაზღვევის დავალიანების ანგარიშზე. 1997 წლის 13 თებერვალს “ნავთობპროდუქტების” გენერალური დირექტორის შ. ვ-ძის რეზოლუციით, იმავე თარიღით, ს. მ-შვილისა და პ. ზ-შვილის გვარებზე გამოწერილი ¹ 7 და ¹ 8 მინდობილობებით, ¹0067518 და ¹886519 სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულებით ბ. ფ-იამ “ნავთობპროდუქტებიდან” მიიღო 12502 ლარის ღირებულების ბენზინი, რასაც გაუკეთა რეალიზაცია გამოძიებით დაუდგენელ პირებზე, ხოლო სახელმწიფო დაზღვევის ანგარიშზე შეიტანა მხოლოდ 4 500 ლარი და დანარჩენი თანხა კი მიითვისა.

გარდა ამისა, ბ. ფ-ია, დღიდან შპს “ე-ის” დაარსებისა, არ აწარმოებდა საბუღალტრო დოკუმენტებს, არ იღებდა შემოსავალში საქონელს, მალავდა დიდი ოდენობით დამატებითი ღირებულების გადასახადს და მოგების გადასახადს.

1996-1997 წლებში შპს “ე-ას” სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული და შემოსავალში აღებული აქვს 251 405 ლარის საქონელი, საიდანაც დამალული აქვს დიდი ოდენობით დამატებითი ღირებულება და მოგების გადასახადი, სულ 53 000 ლარი; მანვე გააკეთა ყალბი დოკუმენტები მათი გამოყენების მიზნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საჩივრით, მსჯავრდებული ბ. ფ-ია ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის წარმოებით შეწყვეტას, მიუთითებს, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, წინასწარი გამოძიების დროს დაირღვა მისი დაცვის უფლება, რადგან გამოძიებამ არ მოუყვანა ის ადვოკატი, რომელიც მას სურდა. დამცველად დაუნიშნეს ვინმე სიკინჭილაშვილი, რომელმაც ვერ განახორციელა მისი დაცვა. გამოძიების დროს მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ზემოქმედებას, რასაც არავითარი ყურადღება არ მიაქცია საქმის განმხილველმა სასამართლომ. ყოვლად დაუსაბუთებლად ბრალად შერაცხეს, რომ თითქოს მან ჩაიდინა სიყალბე, მაშინ, როდესაც ფინანსთა სამინისტროდან გაცემულ მომართვას ხელს აწერდა მინისტრის პირველი მოადგილე და დამოწმებული იყო სამინისტროს მრგვალი ბეჭედით. ფინანსთა სამინისტროს მის მიმართ არავითარი პრეტენზიები არ გააჩნია.

საჩივარში მითითებულია აგრეთვე, რომ იგი კაჭრეთის პურკომბინატში საერთოდ არ ყოფილა; თუ ვინმე მ-ძემ გამოიტანა 20 ტონა ფქვილი, მან ამის შესახებ არაფერი იცის და ყოვლად დაუსაბუთებლად დააბრალეს, თითქოს მ-ძემ მას გადასცა ფქვილი. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა შემთხვევაშიც.

საჩივარში მითითებულია აგრეთვე, რომ სასჯელის განსაზღვრისას საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული, რომ არის ლტოლვილი, აფხაზეთის ომის მონაწილე, შერყეული აქვს ჯანმრთელობა, დაავადებულია ეპილეფსიითა და ტუბერკულოზით, ასევე, ჰყავს ეპილეფსიით დაავადებული შვილი.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ბ. ფ-იას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ-ძემ მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები ბ. ფ-იას ბრალის დასადასტურებლად. ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამოქალაქო გარიგებას, გამოძიებამ და სასამართლომ კი ასეთი გარიგება ჩათვალეს სახელმწიფო ქონების გატაცებად.

მსჯავრდებულმა ბ. ფ-იამ მხარი დაუჭირა თავისი საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ მას სახელმწიფო ქონება არ გაუტაცია, არის უდანაშაულო და იდევნება მხოლოდ პოლიტიკური მრწამსის გამო, რადგან არის ექსპრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერი.

პროკურორმა მ. ჯ-ძემ იშუამდგომლა, რომ ბ. ფ-იას მიმართ დადგენილ განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ მისი ქმედება სსკ-ის 961-ე მუხლიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს მოქმედი სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე და შეეფარდოს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, სხვა ნაწილში კი განაჩენი დატოვებულ იქნეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება კანონიერი საფუძველი საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. ამასთან, მოცემულ საქმეზე დადგენილ განაჩენსა და საზედამხედველო პალატის დადგენილებაში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილებები შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ დაეთანხმება საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს წინასწარი გამოძიების სტადიაზე დარღვეულ იქნა მსჯავრდებულ ბ. ფ-იას დაცვის უფლება. საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე ბ. ფ-იას ინტერესებს იცავდა ადვოკატი ს-შვილი, რომლის მიმართ რაიმე პრეტენზია მას არ გამოუთქვამს. შემდგომ, გამოძიების სტადიაშივე, მისივე სურვილით, დაცვის განსახორციელებლად მოწვეულ იქნა ადვოკატი თ. გ-ძე. ამდენად, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ თითქოს წინასწარი გამოძიების დროს დარღვეული იყო ბ. ფ-იას დაცვის უფლება.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს, ბ. ფ-იას მიმართ წინასწარი გამოძიების სტადიაზე ადგილი ჰქონოდეს ფიზიკურ ზემოქმედებას. ამის დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ მოიპოვება და ვერც თვით ბ. ფ-ია მიუთითებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების რაიმე კონკრეტულ ფაქტზე.

მსჯავრდებულ ბ. ფ-იას მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია დოკუმენტური რევიზიის აქტით, სასამართლო-საბუღალტრო ექპერტიზის დასკვნით, მოწმეების ა. მ-ძის, ვ. კ-იას, კ. მ-ძის, მ. მ-ელისა და სხვათა, ასევე, რევიზორ ს. რ-შვილის, ექსპერტ კ. მ-ძის ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.

პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენში დეტალურადაა მითითებული ყველა იმ დამამტკიცებელ საბუთზე, რითაც ბ. ფ-იას ბრალი იქნა დადასტურებული, რაც შეეხება საჩივრის მითითებას, თითქოს ბ. ფ-იას სდევნიდნენ მისი პოლიტიკური მრწამსის გამო, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ასეთი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ამის შესახებ არც ბ. ფ-იას განუცხადებია წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვისას. ამდენად, უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებულმა ბ. ფ-იამ ნდობის ბოროტად გამოყენებით დიდი ოდენობით გაიტაცა სხვისი ქონება; ამიტომ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რადგან ამჟამად მოქმედი კანონი ამსუბუქებს სასჯელს და ამიტომ აქვს უკუძალა. ბ. ფ-იას სასჯელი უნდა განესაზღვროს აღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბ. ფ-ია პირველადაა სამართალში. მისი წარსული არაფრით არის შებღალული, არის იძულებით გადაადგილებული პირი, დაავადებულია ტუბერკულოზით და ეპილეფსიით, ასევე ჰყავს ეპილეფსიით დაავადებული შვილი. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მიყენებული ზიანი მის მიერ არ ყოფილა ანაზღაურებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე, 680-ე მუხლების მე-12 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 4 აგვისტოს განაჩენსა და უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 16 თებერვლის დადგენილებაში ბ. ფ-იას მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება, მისი ქმედება სსკ-ის 961-ე მუხლიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე და განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ბ. ფ-იას მოსახდელად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელაღსრულების საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

სხვა ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილებები დარჩეს უცვლელად.