დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ¹13აგ-12 ქ. თბილისი
მ-ი ნ.-13აგ-12 4 ივლისი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ნ. მ-ი, ნ. ც-ე და ნ. ბ-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჩაიდინეს არასრულწლოვნით ვაჭრობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რისთვისაც მათ მიესაჯათ: ნ. მ-სა და ნ. ბ-ს _ 12-12 წლით, ხოლო ნ. ც-ეს _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 აგვისტოს განაჩენით შეიცვალა: მსჯავრდებულების ქმედება სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ” ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი რედაქციის სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2012 წლის 22 მარტს მსჯავრდებულმა ნ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2007 წლის 21 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. მ-ის შუამდგომლობა არ იქნა დაშვებული სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საჩივრის ავტორი _ მსჯავრდებული ნ. მ-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი ორ პირთან ერთად დასჯილია არასრულწლოვნის გაყიდვისათვის ექსპლუატაციის მიზნის გარეშე; რადგან 2007 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით არ იყო განსაზღვრული ასეთი ქმედების დასჯადობის საკითხი, ამიტომ მათი ქმედება დაკვალიფიცირდა ტრეფიკინგით. 2010 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდა სსკ-ის 172-ე მუხლი, რომელიც საშუალებას იძლევა, მეტი სიზუსტით განსაზღვროს და აღწეროს მათ მიერ ჩადენილი ქმედება.
საკასაციო საჩივრით კასატორი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მაგრამ ამ საკითხზე დავას არ აპირებს; მისი განცხადებით, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედება მხოლოდ იმიტომ დაკვალიფიცირდა ტრეფიკინგით, რომ განაჩენის დადგენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი არ არსებობდა. სსკ-ში 172-ე მუხლის ამოქმედება ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს, რის გამოც მის მიერ გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს და ნ. მ-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 172-ე მუხლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ნ. მ-ი ითხოვს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას, სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე შუამდგომლობის დაშვებას განსახილველად და მისი ქმედების სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლი მიზნით კვალიფიცირებული დელიქტია. ამ დანაშაულის ჩადენისას ბავშვის უშუალო გამყიდველისა და მყიდველის მიზანია, შესაბამისად, ბავშვის გაშვილება (თუნდაც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ) და შვილად აყვანა.
კასატორის მტკიცების საპირისპიროდ, საქმის არსებითად განხილვისას სასამართლოს არ მიუჩნევია დადგენილად, რომ თითქოს ნ. მ-ს ამოძრავებდა შვილად აყვანის მიზანი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 აგვისტოს განაჩენით: “უდავოდ დასტურდება, რომ ნ. მ-მა აღნიშნული ქმედებები განახორციელა სწორედ ბავშვის გაყიდვისა და გამორჩენის მიღებისათვის და არა სხვა რაიმე კეთილშობილური მიზნით”.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ-ა მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ნ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე დ. სულაქველიძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე