დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.11.2012
საქმის ნომერი
32აგ.-2012
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.11.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 32აგ-12 ქ. თბილისი

ხ-ი რ.-¹32აგ-12 26 ნოემბერი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 1 დეკემბრის განაჩენით რ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის 25 მარტის დადგენილებით რ. ხ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 17,105-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 110-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2012 წლის 30 აგვისტოს მსჯავრდებულმა რ. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ 2007 წლის 3 ივლისის კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულია მეექვსე კარი და შესაბამისად - მის ფარგლებში არსებული 105-ე მუხლი, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. ამდენად, მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ გაუქმებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 17,105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და შესაბამისად, ითხოვა ახალი, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინებით რ. ხ-ს შუამდგომლობა ცნობილ იქნა დაუშვებლად.

კასატორი რ. ხ-ი ითხოვს თავისი საკასაციო საჩივრის განხილვას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, რომელსაც მცდარი დებულებები უდევს საფუძვლად და საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის საჩივარი უსაფუძვლოა, ვინაიდან 2007 წლის 3 ივლისის კანონით სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულია მე-6 კარი (მათ შორის 105-ე მუხლი - სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გაგრძელება, შეცვლა ან შეწყვეტა), რომელიც ითვალისწინებდა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების სახეებს, მათი გამოყენების საფუძველს და წესს. რ. ხ-ს კი მსჯავრი დაედო 17,105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც გულისხმობდა განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის 25 მარტის დადგენილებით გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 110-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე - სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2007 წლის 3 ივლისის კანონით ამ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებული იქნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება და არა - დამამძიმებელი გარემოებების გარეშე განზრახ მკვლელობის მცდელობა ან სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რაზედაც აპელირებს კასატორი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ რ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ რ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე