შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 18.11.2013
საქმის ნომერი
2კ-111აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №111აპ-13 ქ. თბილისი

გ-ი თ, 111აპ-13 18 ნოემბერი, 2013 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 დეკემბრის განაჩენით თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 115-ე მუხლით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 12 ივლისიდან.

მასვე 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, აეკრძალა დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რომლის მოქმედების ვადაც უნდა აითვალოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან, ასევე უნდა გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ თ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 21 საათზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების უმცროსმა სერჟანტმა თ. გ-ა ქ. გ-ი მდებარე მე-5 ქვეითი ბრიგადის №-ე ბატალიონის ყაზარმაში, მუხლებზე დააჩოქა ამავე სამხედრო ნაწილის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები - ა. მ-ი და კ. მ-ი და იმ მოტივით, რომ ისინი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სარგებლოდნენ მობილური ტელეფონით, დასაჯა. მათ არაერთხელ დაარტყა თავისა და მუცლის არეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. სერჟანტი თ. გ-ი ამ ხერხით დასჯით არ დაკმაყოფილდა და კ. მ-ს დაემუქრა სასტიკი მოპყრობითა და კვლავ დასჯით, რის შედეგადაც კ. მ-ი მივიდა თვითმკვლელობამდე და დაახლოებით 21.30 საათზე იმავე ყაზარმაში თავი მოიკლა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 115-ე მუხლით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელთა მთლიანი შეკრების პრინციპით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 12 ივლისიდან.

მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, აეკრძალა დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რომლის მოქმედების ვადაც უნდა აითვალოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.

მსჯავრდებული თ. გ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ხ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და თ. გ-ს მიმართ საქმის შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს თ. გ-ს უდანაშაულობის თაობაზე. მსჯავრდებულ თ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა. მ-ს ჩვენებით, მოწმეების - ყ. ქ-ს, ა. მ-ს, გ. ბ-ს, კ. ე-ა და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თ. გ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

ამასთან, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილი სსკ–ის 59–ე მუხლის ახალი რედაქციის მე–2 ნაწილითა და ამავე კანონით საქართველოს სსკ–ის 414–ე მუხლზე დამატებული მე–8 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია, გამოყენებულ იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, რომელთა საფუძველზეც მსჯავრდებულის სასიკეთოდ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განაჩენში, კერძოდ:

მსჯავრდებულ თ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას 115-ე მუხლით დანიშნული სასჯელი, რის გამოც მას საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2012 წლის 12 ივლისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილი 59–ე მუხლის მე–2 ნაწილით, 414–ე მუხლის მე–8 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ თ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას 115-ე მუხლით დანიშნული სასჯელი, რის გამოც მას საბოლოოდ განესაზღვროს 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2012 წლის 12 ივლისიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი