განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 18.03.2013
საქმის ნომერი
2კ-606-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№6061-13 18 მარტი, 2013 წელი

მ-ე დ., 6061-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ლ. ქ-ის

მსჯავრდებულ _ დ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის განაჩენით დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 500 ლარი და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2010 წლის 3 მარტიდან 4 მარტამდე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრებით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 5 თვე, 28 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 ივლისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: დ. მ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი, 11 თვე და 28 დღე – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის, 11 თვისა და 28 დღის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. განაჩენი დ. მ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული დ. მ-ე გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ასევე – 1 წელი, 1 თვე და 15 დღე პირობითი მსჯავრი, 2 წლის, 10 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ასევე – 9 თვე პირობითი სასჯელი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. მ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გამოყენებას და პირობითი სასჯელის მოხსნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. მ-ის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება კანონიერია. ასევე კანონიერია „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დ. მ-ისთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება, ვინაიდან აღნიშნული მუხლებით მსჯავრდებისას იგი განზრახი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. მ-ეს პროპორციულად უნდა შეუმცირდეს გამოსაცდელი ვადაც და გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 2 წელი, 1 თვე და 26 დღე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-16, მე-17, მე-18, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ დ. მ-ეს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი, 1 თვე და 26 დღე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე