დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.03.2013
საქმის ნომერი
2კ-654-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№6541-13 21 მარტი, 2013 წელი

ს-ი ე, 6541-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ჯ. უ-ის

ადვოკატი- ი. ნ-ის

მსჯავრდებულ _ ე. ს-ის

თარჯიმანი - ე. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. ს-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ე. ს-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა .

ე. ს-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 1 აგვისტოდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენით ე. ს-ი, - ნასამართლობის მქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ( დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება) - 11 წლით, სსკ-ის 271-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1 ნაწილით, შეკრების წესით, ე. ს-ს სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, აღნიშნულ სასჯელს დაემატა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 14 წელი, 10 თვე, 27 დღე და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 27 წლით, 4 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ე. ს-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 3 სექტემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ე. ს-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ე. ს-ი გათავისუფლდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ე. ს-ი გათავისუფლდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 271-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ე. ს-ს ¼-ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 11 წელი და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ე. ს-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ე. ს-ს სასაჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 3 სექტემბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ს-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2006 წლის 1 აგვისტოდან და სასჯელის ზუსტად ათვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისგან ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული“.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით“.

იმის გათვალისწინებით, რომ ე. ს-ი, საქმის მასალების მიხედვით, მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ იყო ნასამართლევი პირი და მისი ქმედება არ იყო დაკვალიფიცირებული ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებით, მასზე კანონიერად გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი და გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.

,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლით ე. ს-ი ასევე კანონიერად გათავისუფლდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 271–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, რადგან მან ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2006 წლის ივნისში, ნასამართლობის არქონის პერიოდში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება და ე. ს-ს ¼-ით კანონიერად შეუმცირა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 11 წელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ე. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე