ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№10861-13 4 აპრილი, 2013 წელი
ქ-ი ბ., 10861-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჯ-ის
მსჯავრდებულ _ ბ. ქ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ქ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 26 აპრილის განაჩენით ბ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 9 წლით, მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 პუნქტებით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით – დახვრეტა. საბოლოოდ ბ. ქ-ს განესაზღვრა სიკვდილით დასჯა. მსჯავრდებულს ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნა 1994 წლის 8 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1997 წლის 16 მაისის დადგენილებით შეიცვალა: ბ. ქ-ს განაჩენიდან ამოერიცხა სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტი და მე-17,104-ე მუხლის მე-2 პუნქტი; მას საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 20 ნოემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 7 აგვისტოს განჩინებით რუსთავის სასამართლოს 1999 წლის 19 თებერვლის განაჩენი ბ. ქ-ის მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილი შესაბამისობაში მოვიდა იმ დროისათვის მოქმედი სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან და შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ბ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ნაწილობრივ, კერძოდ – 3 წელი დაემატა წინა განაჩენით დანიშნულ მოუხდელ სასჯელს – 10 წელს, 7 თვეს, 2 დღეს და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 7 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 18 აპრილიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. ქ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ქ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 10 წლით, 2 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 18 აპრილიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. ქ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გავრცელებას და სასჯელის საბოლოო ზომად 7 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ნაცვლად – 10 წლით, 2 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ქ-ს უნდა შეუმცირდეს თითოეული მუხლისთვის დანიშნული სასჯელები ცალ-ცალკე. კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 7 აგვისტოს განჩინებით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან -6 წელი, 3 თვე, 7 დღე და უნდა განესაზღვროს 9 წლით, 3 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 8 თვე, 19 დღე და საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 6 წლით, 11 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოს 2005 წლის 17 აპრილიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. ქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 7 აგვისტოს განჩინებით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლით დანიშნული სასჯელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მიესაჯოს 9 წლით, 3 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 6 წლით, 11 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადაც უნდა აეთვალოს 2005 წლის 17 აპრილიდან.
მსჯავრდებულ ბ. ქ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე