დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1263-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№12631-13 11 აპრილი, 2013 წელი

რ-ი მ.- 12631-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ლ-ის

ადვოკატ – ბ. წ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. რ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენით მ. რ-ი, ნასამართლობის არმქონე, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 228–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მ. რ-ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაპატიმრების დღიდან, ან მსჯავრდებულის სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებიდან.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის 23–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ. ჩ-ემ შუამდგომლობით მიმართა თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. რ-ის მიმართ დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლებისა და წარმოებული ძებნის შეწყვეტის თაობაზე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ მ. ჩ-ის შუამდგომლობა მსჯავრდებულ მ. რ-ის მიმართ დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლებისა და მის მიმართ წარმოებული ძებნის შეწყვეტის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. რ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 228–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი – 5 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც მას უნდა დაეწყოს სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებიდან ან მისი დაპატიმრების დღიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინების თაობაზე ძებნილმა მსჯავრდებულმა მ. რ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან აღნიშნა, რომ რადგან იგი არის განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, ხოლო მის მიერ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლით ჩადენილი ქმედება არის დღეს მოქმედი სსკ-ის 239-ე მუხლი, ითხოვა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება“.

საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ მ. რ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის გამოყენების თაობაზე და ვინაიდან საქართველოს სსკ–ის 228–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილ სასჯელზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე–15 მუხლების მოქმედება, მსჯავრდებულ მ. რ-ს ერთი მეოთხედით კანონიერად შეუმცირდა ამ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი.

ამასთან, პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ, რადგან პალატა არ არის უფლებამოსილი, სსკ-ის 228-ე მუხლის მიმართ გაავრცელოს ამნისტიის აქტი, სანამ აღნიშნული მუხლი შესაბამისობაში არ მოვა მოქმედ კანონმდებლობასთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. რ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი