განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№13021-13 12 აპრილი, 2013 წელი
პ-ი გ.- 13021-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - თ. ჭ-ის
მსჯავრდებულ - გ. პ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. პ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივნისის განაჩენით გ. პ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 2 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით, ხოლო 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ეს სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და მსჯავრდებულს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო - 4 წელი - ჩაეთვალა პირობით. გ. პ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 5 ნოემბრიდან.
ამავე სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის განაჩენით გ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღება) და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული სხვა უფლებები - 15 წლით. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 29 ივლისიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გ. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წელი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 3 წელი და 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წელი. შესაბამისად, განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით, 2 წლითა და 3 თვით და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 29 ივლისიდან.
გ. პ-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ სსკ-ის 177-ე მუხლით მსჯავრდებისას არ იყო ნასამართლევი და სრულად უნდა გათავისუფლებულიყო 2006 წლის 24 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივნისის განაჩენით გ. პ-ი მსჯავრდებულია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან ამ დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელები უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით, გ. პ-ს აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი - 5 წელი - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მსჯავრდებულს მოხდილი აქვს ერთი წელი და მოსახდელად დარჩენილია 2 წელი და 9 თვე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სწორად შეუმცირა ერთი მეოთხედით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, რის შედეგადაც გ. პ-ს ამ მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელს უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 9 თვე და მსჯავრდებულს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2008 წლის 29 ივლისიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გ. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წელი და განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
გ. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 (რვა) წელი და ამ მუხლით განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წელი, 9 (ცხრა) თვე და გ. პ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 8 (რვა) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ გ. პ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2008 წლის 29 ივლისიდან.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი