დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№17991-13 26 ივნისი, 2013 წელი
ტ-ე ს., 17991-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ქ. პ-ის
მსჯავრდებულ _ ს. ტ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. ტ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის განაჩენით ს. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ს. ტ-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 30 ნოემბრიდან და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენით ს. ტ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 20 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ს. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით ს. ტ-ეს განესაზღვრა 5 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 9 წლით, 7 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 31 აგვისტოდან.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ს. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ტ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ტ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 9 თვით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 9 თვით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 1 წლითა და 6 თვით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 1-1 წლით, 1-1 თვითა და 15-15 დღით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ ს. ტ-ეს მოსახდელად დარჩა 6 წლით, 10 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ს. ტ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 4 წლით პირობითი სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას, რომელიც დაემატა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ ს. ტ-ისთვის ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული - 4 წლით პირობითი სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან პირი თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს დაზარალებული (ან მისი უფლებამონაცვლე). იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება დაზარალებულთა თანხმობები მსჯავრდებულ ს. ტ-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლებით დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლების თაობაზე, მის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მოქმედება. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ს. ტ-ისთვის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება - კანონიერია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულები და მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე