ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№40აპ-132 28 ივნისი, 2013 წელი
მ-ე კ.- 40აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 სექტემბრის განაჩენით კ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით.
მას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამ მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებიდან 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო სხვა უფლებები - 15 წლის ვადით.
ამავე განაჩენით კ. მ-ეს საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება – ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა–შენახვა – წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა.
დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა კ. მ-ეს დაეწყო დაკავების დღიდან – 2012 წლის 29 თებერვლიდან.
განაჩენით კ. მ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
კ. მ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 0, 5469 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 50 აბი, 2 აბი ჩამონატეხით და აბის 36 ნატეხი, საიდანაც ნაწილს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 0, 5356 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველ 50 აბს, 2 აბს ჩამონატეხით და აბის 33 ნატეხს უკანონოდ ინახავდა პირადად თავის საცხოვრებელ ბინაში, ხოლო დიდი ოდენობით – 0,0113 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის 3 ნატეხი 2012 წლის 29 თებერვალს თბილისში, პ. მ-ის ქუჩა №...–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა კ. ჯ-ზე, რაც ამოღებულ იქნა მისი და ლ. დ-ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას. იმავე დღეს, 2012 წლის 29 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, პ. მ-ის ქუჩა №...–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს კ. მ-ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 0,0076 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის 2 ნატეხი, ხოლო თბილისში, პ. მ-ის №...–ში მდებარე მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 0,528 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 50 აბი, 2 აბი ჩამონატეხით, აბის 31 ნატეხი და ასევე – 4, 428 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“, მისი კუთვნილი „ოპელ–ვექტრას“ მარკის ავტომანქანის, სატრანზიტო №..., ჩხრეკისას კი აღმოაჩინეს და ამოიღეს 0,81 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ზემოხსენებული განაჩენი მსჯავრდებულმა კ. მ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. აპელანტი საჩივრით ითხოვდა მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, მხარეთა მონაწილეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა სისხლის სამართლის საქმე და 2013 წლის 17 იანვრის განაჩენით აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა; ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16, მე– 20 მუხლების, 23–ე მუხლის მე–2 და მე–4 ნაწილების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 სექტემბრის განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, კ. მ-ეს საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდა ¼–ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 9 თვით. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა კ. მ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განაჩენი მიიჩნია უკანონოდ და იმავე მოთხოვნით საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრის თანახმად, კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ–ის 183–184–ე მუხლების მოთხოვნები, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე ხ. ხ-ავა თავიდანვე არ იყო დაფიქსირებული, როგორც სათადარიგო მოსამართლე და საქმის განხილვის გაგრძელების უფლება არ ჰქონდა; განაჩენს საფუძვლად დაედო დაუშვებელი მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებულია არაუფლებამოსილი გამომძიებლის მიერ; სასამართლომ სამართლებრივად უკანონოდ გადაწყვიტა საკითხი და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მიიჩნია იგი ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორად; მას დანაშაული არ ჩაუდენია; პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნის; ჩხრეკები ჩატარდა მასზე განხორციელებული ფსიქიკური ზეწოლის ფონზე – პოლიციის თანამშრომლები დაპატიმრებით ემუქრებოდნენ როგორც მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს; კ. ჯ-ა და ლ. დ-ე დაინტერესებული პირები არიან – მიაჩნია, რომ კ. ჯ-ა თვითონ იყო ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორი და ლ. დ-ის ნდობის მოსაპოვებლად უთხრა მას, რომ ნარკოტიკს მისგან ყიდულობდა; გამომძიებლის ზეწოლის შედეგი იყო, რომ აიცილა თავისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ს-ე, აცილების შესახებ განცხადება გამომძიებელმა უკარნახა და დააწერინა; ასევე დაარწმუნა, რომ საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ და ყველაფერი ეს გახდა იმის მიზეზი, რომ სასამართლო სხდომაზე განეცხადებინა, რომ თითქოს მისი პირადი, ავტომანქანისა და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მას ეკუთვნოდა, რომლებიც მანვე შეიძინა პირადი საჭიროებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენით საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად გაკეთებულ დასკვნებს და აღნიშნავს, რომ მოსამართლე ხ. ხ-ას სათადარიგო მოსამართლედ დანიშვნით არ დარღვეულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 183–184–ე მუხლების მოთხოვნები.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ თითქოს გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს არაუფლებამოსილი გამომძიებლის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას არ დარღვეულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება აქვს, პროკურორის სიტყვიერი დავალებით ჩაატაროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, ამ შემთხვევაში კანონი იმპერატიულად არ ითხოვს პროკურორის წერილობით დავალებას და მსგავს სიტუაციებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის სიტყვიერი დავალების საფუძველზე იმ გამომძიებლის მიერ, რომელიც უშუალოდ არ იძიებდა საქმეს, მოპოვებული მტკიცებულებები არ წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, კ. მ-ის ბრალეულობა ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის ნაწილში უტყუარად არის დადასტურებული მისი ავტომანქანის, პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119–120–ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რა დროსაც ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 50 აბი, 2 აბი – ჩამონატეხით და აბის 31 ნატეხი, ასევე 4,428 გრამი ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი „მარიხუანა“. საქმეზე დანიშნული და ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ კ. მ-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ აბებსა და აბის ნატეხებში ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველობა შეადგენს 0,528 გრამს. ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ კ. მ-ეს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. იმას, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები – „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები, აბის ნატეხები და „მარიხუანა“ ეკუთვნის კ. მ-ეს, ეჭვის გამომრიცხავად ადასტურებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები: გ. ჩ-ე, პ. ხ-ი, ა. ც-ე, გ. წ-ე და გ. გ-ი.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კ. მ-ის ბრალეულობა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო გასაღების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენით ვერ დასტურდება ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით და ბრალდება ამ ეპიზოდში ფაქტობრივად დასაბუთებულია მხოლოდ ერთი პირის – კ. ჯ-ას მიერ მიცემული ჩვენებით. ამ ნაწილში ლ. დ-ის ჩვენება, რომელიც უშუალოდ არ არის კ. ჯ-ას მხრიდან კ. მ-საგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტის თვითმხილველი და ამის თაობაზე იმეორებს მხოლოდ კ. ჯ-ას მონათხრობს, არ არის საკმარისი მტკიცებულება პირის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში მსჯავრდებისათვის და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში.
ამასთან, რადგან აღარ არსებობს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის საფუძველი, კ. მ-ეს უნდა დაუბრუნდეს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა – 618 ლარი, 75 თეთრი და 2 ცენტი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული კ. მ-ე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მსჯავრდების ეპიზოდში უნდა გამართლდეს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ კ. მ-ე არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულის სასიკეთოდ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განაჩენში: იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ამავე კანონის მე–19 მუხლის თანახმად, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301-ე, 303–ე მუხლებით, 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის პირველი ნაწილით, მე–19 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის პირველი ნაწილისა და მე–18 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
მსჯავრდებულ კ. მ-ეს განაჩენიდან ამოერიცხოს ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონოდ გასაღება და მსჯავრდების ამ ნაწილში გამართლდეს.
მსჯავრდებული კ. მ-ე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელის – 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო ადგილიდან.
მსჯავრდებულ კ. მ-ეს სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
კ. მ-ეს დაუბრუნდეს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა – 618 ლარი, 75 თეთრი და 2 ცენტი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში.
სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი