დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1919I-13 ქ. თბილისი
კ-ი რ, 1919I-13 12 სექტემბერი, 2013 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - თ. ხ-ს
ადვოკატ - მ. მ-ს
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. კ-ს
თარჯიმან - მ. მ-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. კ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 29 დეკემბერს ქ. ბ-ს ნ-ს რაიონის პოლიციის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განმეორებით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, რომელმაც დიდი ოდენობით ზარალი გამოიწვია (ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის მე–2 და მე–4 პუნქტები).
2012 წლის 13 ივლისს რაშიდ კოსაევი ცნობილ იქნა ბრალდებულად ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის მე–2 და მე–4 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (თაღლითობა, ჩადენილი განმეორებით; თაღლითობა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
2012 წლის 13 ივლისს ქ. ბ-ს ნ-ს რაიონის პოლიციის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების მიერ რ. კ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.
2012 წლის 29 ნოემბერს ქ. ბ-ს ნ-ს რაიონის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით რ. კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
2013 წლის 15 მაისს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ა-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის მეშვეობით ძებნილი რ. კ-ი.
2013 წლის 17 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე რ. კ-ს მიმართ გამოყენებულ იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის განჩინებით რ. კ-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინებაზე რ. კ-ს მიერ შეტანილი საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 3 ივნისს თავდაპირველად ელექტრონული სახით, ხოლო 2013 წლის 7 ივნისს ფოსტით საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა რ. კ-ს ექსტრადიციის თაობაზე ა-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი საექსტრადიციო მასალები.
2013 წლის 13 აგვისტოს განჩინებით რ. კ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 2013 წლის 15 ნოემბრამდე.
2013 წლის 12 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა თ. ხ-ა და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ა-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა რ. კ-ს ექსტრადიციის შესახებ ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის მე–2 და მე–4 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, აღნიშნული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აგვისტოს განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ა-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა რ. კ-ს ექსტრადიციის შესახებ ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის მე–2 პუნქტითა და 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - რ. კ-ი საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და პატიმრობიდან გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ განჩინება არის არასამართლიანი, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მხოლოდ ბრალდების მხარის არგუმენტაცია და უგულებელყო დაცვის მხარის მოთხოვნა.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა თ. ხ-ა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აგვისტოს განჩინების უცვლელად დატოვება.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. მ-მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას. მან იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აგვისტოს განჩინების გაუქმება და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. კ-ს პატიმრობიდან გათავისუფლება, რასაც დაეთანხმა თავად რ. კ-ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განჩინება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი მასალების მიხედვით დგინდება, რომ რ. კ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ა-ს რესპუბლიკიდან მიღებული მასალების მიხედვით, რ. კ-ი ითვლება აზერბაიჯანის მოქალაქედ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის 12 ივნისს რ. კ-ა თავშესაფრის თხოვნით მიმართა აღნიშნულ სამინისტროს. 2013 წლის 21 ივნისს მას ეთქვა უარი თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირებაზე, შესაბამისად, იგი არ სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით და საქართველოში მას პოლიტიკური თავშესაფარი არ გააჩნია.
საქმის მასალების მიხედვით, რ. კ-ს ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის მე–2 პუნქტითა და 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (თაღლითობა, ჩადენილი განმეორებით და თაღლითობა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
2011 წლის 29 დეკემბერს ქ. ბ-ს ნ-ს რაიონის პოლიციის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განმეორებით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, რომელმაც დიდი ოდენობით ზარალი გამოიწვია (აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის მე–2 და მე–4 პუნქტები). 2012 წლის 13 ივლისს ქ. ბ.ს ნ-ს რაიონის პოლიციის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებამ რ. კ-ს მიმართ გამოაცხადა ძებნა. 2012 წლის 29 ნოემბერს ქ. ბ-ს ნ-ს რაიონის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით რ. კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2013 წლის 15 მაისს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის მეშვეობით ძებნილი რ. კ-ი.
საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ასევე არ დადგინდა „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებების არსებობა, მათ შორის არ დგინდება ის გარემოებები, რომ რ. კ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჰყავს მტრები და იგი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ მოპყრობას. შუამდგომლობას ერთვის აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის 2013 წლის 23 მაისის წერილი, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანის მხარე იძლევა გარანტიას, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად რ. კ-ი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა შესაძლებლობით, მათ შორის - ადვოკატის დახმარებით, იგი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელს. აზერბაიჯანის მხარე იძლევა გარანტიას, რომ რ. კ-ი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მხოლოდ იმ დანაშაულისათვის, რომლის გამოც მოთხოვნილია მისი გადაცემა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება რ. კ-ს ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ”, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებს; საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი; დადგენილება სრულად მოიცავს საექსტრადიციო პროცედურებს, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, პროცედურულ წესებს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპს, ბრალდების ფაქტობრივ საფუძველს, დასჯადობას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ასევე დასჯადობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს, დანაშაულის ხანდაზმულობას, პარალელური წარმოების წესებსა და პრინციპს „ნონ ბის ინ იდემ“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აგვისტოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18-29, 34-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი