საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 13.09.2013
საქმის ნომერი
570აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.09.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#570აგ-13 13 სექტემბერი, 2013 წელი

რ-ი გ 570აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. რ-ს განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 მაისის განაჩენით გ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 208–ე მუხლის მე–2 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 30 000 ლარი. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 28 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 მაისის განაჩენი გ. რ-ს მიმართ დარჩა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მარტის განაჩენით გ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 20 000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 7 თვე, 28 დღე და ჯარიმა – 30 000 ლარი. საბოლოოდ გ. რ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 7 თვითა და 28 დღით, საიდანაც 5 წელი, 7 თვე და 28 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. იგი სასჯელს იხდის 2012 წლის 2 მარტიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. რ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. რ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. რ-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მარტის № განაჩენით საქართველოს სსკ–ის 218–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე.

მსჯავრდებულ გ. რ-ს გაუნახევრდა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 მაისის № განაჩენით საქართველოს სსკ–ის 208–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 7 თვისა და 28 დღის ვადით, რაც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 3 თვისა და 29 დღის ვადით.

აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. რ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 9 თვისა და 29 დღის ვადით, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 9 თვისა და 29 დღის ვადით, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვლა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. რ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მისთვის დანიშნული და არა – მოუხდელი სასჯელების განახევრება და სასჯელის ვადის 2010 წლის 28 ოქტომბრიდან ათვლა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. რ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

გ. რ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც იხდის 2010 წლის 28 ოქტომბრიდან.

გ. რ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, რასაც იხდის 2012 წლის 2 მარტიდან. აღნიშნულ სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დაემატა სსკ-ის 208-ე მუხლით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად განახევრებული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 7 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. რ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 1 თვითა და 28 დღით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

გ. რ-ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი - დარჩა უცვლელად.

გ. რ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2012 წლის 2 მარტიდან.

2013 წლის 15 მაისს მსჯავრდებულმა გ. რ-ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის განაჩენით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 მარტის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება გ. რ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. რ-ა.

2013 წლის 8 აგვისტოს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული გ. რ-ი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ გ. რ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე