ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№101აპ-13 10 ოქტომბერი, 2013 წელი
კ-ე ნ.-101აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ნ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი.
ნ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, მას მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი.
სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი და მე–3 ნაწილების შესაბამისად, ნ. კ-ის მიმართ ამ განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. კ-ეს სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 7000 ლარი.
ნ. კ-ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2012 წლის 16 მაისიდან.
გასაჩივრებული განაჩენით ნ. კ-ეს მსჯავრი დაედო თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ. კ-ემ წინასწარი შეთანხმებით, მის მეუღლესთან – ვ. თ-ესთან ერთად დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გაყალბებული, ნ. კ-ის სახელზე გაცემული, 1996 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული ბინის ორდერის გამოყენებით შეცდომაში შეიყვანა ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოს ბ-ის უბნის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სხვა დოკუმენტებთან ერთად წარუდგინა ყალბი ბინის ორდერი და მოითხოვა ქ. ბათუმში, თ-ის ქ. №...–ში მდებარე ოროთახიანი ბინის პრივატიზაცია.
აღნიშნული მასალების საფუძველზე ნ. კ-ემ ქ. ბათუმში ნოტარიუს ნ. ს-ესთან ნოტარიული წესით გააფორმა პრივატიზაციის ხელშეკრულება ზემოაღნიშნულ ბინაზე – მდებარე: ქ. ბათუმში, თ-ის ქუჩა №...–ში, რომლის ფართი შეადგენდა 53,77 კვ. მეტრს. 2005 წლის 14 ივნისს ნ. კ-ემ აღნიშნული ბინა, რომელიც ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს 1988 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ეკუთვნოდა „ა-ს“, საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა თავის სახელზე და შემდეგ გაასხვისა. ამ ქმედებით „ა-ს“ მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.
აღნიშნულის შემდეგ ნ. კ-ემ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვა პირების დახმარებით, 2008 წლის 7 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას და ითხოვა ქ. ბათუმში, თ-ლის ქუჩა №...–ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნ. კ-ეს საკუთრებაში გააჩნდა ქ. ბათუმში, თ-ის ქ. №...–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (რომელიც უკვე გაყიდული ჰქონდა) და ოდითგანვე ფლობდა მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს 1988 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფილი იყო და ეკუთვნოდა „ა-ს“. ამ ქმედებით ნ. კ-ემ შეცდომაში შეიყვანა თვითმმართველი, ქ. ბათუმის ტერიტიორიაზე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის თანამშრომლები.
2008 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კომისიამ დააკმაყოფილა ნ. კ-ის განცხადება, რის შემდეგაც მასზე 2008 წლის 12 ნოემბერს გაიცა საკუთრების მოწმობა 257,84 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც შემდეგ ასევე გაასხვისა. აღნიშნული ქმედებით „ა-ს“ მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. კ-ემ, რომელმაც ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, არ ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას; წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა ცალმხრივად, არაობიექტურად, შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და ეყრდნობა სავარაუდო, საეჭვო მტკიცებულებებს, რაც განაჩენის გაუქმების აუცილებელი წინაპირობაა.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. წ-ამ შესაგებლით ითხოვა ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ნ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 1/3–ით და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3.500 ლარი.
ნ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 1/3–ით და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3.500 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდისათვის) დანიშნული სასჯელი – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ნ. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 7.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. კ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ჩვენებებით, მიწის ნაკვეთის დათვალიერებისა და ბრალდებულის დაკავების ოქმებით, ქ. ბათუმის მერიისა და მიწის აღიარების კომისიის თანდართული დოკუმენტებით, ბათუმის ტერიტორიული ორგანოდან ამოღებული განცხადებით, სანოტარო ბიუროდან ამოღების ოქმით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტებით, განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების თაობაზე ,,პროკრედიტ“ ბანკიდან ამოღების ოქმით, ხელმოწერისა და ხელმოწერის ნიმუშების აღების ოქმებით, მიწის აღიარების საფასურის გადახდის ქვითრით, საქონელმცოდნეობის, გრაფიკული და კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმის სხვა მასალებით ნ. კ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
2013 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შემოსული წერილიდან ირკვევა, რომ ნ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ აჭარის ა/რ-ის სამომხმარებლო კოოპერატივების ,,ა-ისათვის“ მიყენებული ზარალი მთლიანად არის ანაზღაურებული და იგი თანახმაა, ნ. კ-ის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ნ. კ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ნ. კ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის – დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ნ. კ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ნ. კ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის – დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.
ნ. კ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი