დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 31.10.2013
საქმის ნომერი
360აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
31.10.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №360აგ-13 31 ოქტომბერი, 2013 წელი

ს-ი ა., 360აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის განაჩენით ა. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით – 4 წლით, ხოლო 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2001 წლის ივლისში მოქმედი რედაქცია) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ა. ს-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

აღნიშნული განაჩენი ა. ს-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით შეიცვალა: ა. ს-ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; მას სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 12 ივნისიდან; მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 იანვრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენი ა. ს-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა პატიმრობიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 6 ივნისს მსჯავრდებულმა ა. ს-მა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით, ასევე – დამატებითი სასჯელისაგან განთავისუფლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ს-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული ა. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი განჩინების გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და დამატებითი სასჯელისაგან განთავისუფლებას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ მე-8 წელია, იხდის სასჯელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ა. ს-ი დამატებით სასჯელს იხდის სსკ-ის მხოლოდ ერთი მუხლით, რის გამოც დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინება ა. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე