დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.07.2013
საქმის ნომერი
23აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
09.07.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№23აგ-13 9 ივლისი, 2013 წელი

ხ-ი ი.- 23აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის განაჩენით ი. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ი. ხ-ს დაეწყო დაკავების დღიდან –2011 წლის 10 აგვისტოდან.

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო ასევე ზ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 2381–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარი.

ზ. კ-ესა და ი. ხ-ს აღნიშნული განაჩენით მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.

მსჯავრდებულმა ი. ხ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმოადგინეს დაგვიანებით და აღნიშნული საფუძვლით განაჩენზე სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ შუამდგომლობაზე მსჯავრდებულსა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ამავე სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით ეთქვათ უარი.

2012 წლის 14 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა ი. ხ-მა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის განაჩენის გადასინჯვის შესახებ. შუამდგომლობაში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი არაობიექტური და დაუსაბუთებელია.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2011 წლის 7 აგვისტოს ჩადენილ ამ ყაჩაღურ თავდასხმაში მას მონაწილეობა არ მიუღია და დანაშაული ჩადენილია ზ. კ-ისა და შ. დ-ის მიერ, რის შესახებაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა თვით ზ. კ-ემ, ხოლო შ. დ-ე ნებაყოფლობით გამოცხადდა 2011 წლის 11 აგვისტოს პროკურატურაში, სადაც მან აღიარა ზ. კ-ესთან ერთად ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა. გამოძიების ეტაპზე შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ბრალდების მხარემ გადასცა დაცვის მხარეს. დიდი ძალისხმევისა და გარკვეული დროის გავლის შემდეგ მოხერხდა დისკზე აღბეჭდილი ვიდეოფირის გახსნა–დათვალიერება, რომელზეც თვალნათლივ ჩანს, რომ ყაჩაღობის ჩადენამდე შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირებულნი არიან ზ. კ-ე და შ. დ-ე. მსჯავრდებულის მოსაზრებით, ეს ვიდეოფირი და მასზე ასახული კადრები წარმოადგენს იმ ახალ არსებით გარემოებას, რომელიც საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველია, ვინაიდან წარმოადგენს ახალ მტკიცებულებას, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი სასამართლოსათვის და ამტკიცებს მის უდანაშაულობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად განიხილა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება მსჯავრდებულმა ი. ხ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განსახილველად შუამდგომლობის დაშვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი და განმარტა, რომ საქართველოს სსსკ–ის 22–ე მუხლის მე–6 ნაწილით დადგენილი, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე სააპელაციო საჩივრით სისხლის სამართლის საქმეთა ერთპიროვნული განხილვის წესი ვრცელდება იმ საჩივრებზე, რომლებიც შეტანილია რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებისა და სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილებების გამო და საგამონაკლისო წესი არ ვრცელდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე, რაც უნდა განხილულიყო კოლეგიალურად სამი მოსამართლის შემადგენლობით.

ზემოაღნიშნული საფუძვლით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება და ი. ხ-ის შუამდგომლობა დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით იგი არ იქნა დაშვებული სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

მსჯავრდებულმა ი. ხ-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განაჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინების გაუქმებას და სასამართლოსადმი მითითებას შუამდგომლობის სააპელაციო სასამართლოს სხომაზე განსახილველად დაშვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ი. ხ-ის ბრალეულობა მისთვის ინკრიმინირებულ ქმედებაში უტყუარად არის დადგენილი სასამართლო სხდომაზე კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა საფუძველზე. რაც შეეხება შ. დ-ის განცხადებას ზ. კ-ესთან ერთად ყაჩაღურ თავდასხმაში თანამონაწილეობის შესახებ, ასევე ვიდეოჩანაწერს და მის შინაარსს, ყოველივე ეს აღნიშნულ საქმეზე ცნობილი იყო გამოძიების ეტაპიდანვე და ბრალდების მხარის მიერ გადამოწმებული ვერსიებია, რომელთა უტყუარობა და რეალობა საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან ურთიერთშეჯერების, შემოწმებისა და შეფასების შედეგად არ დადასტურდა.

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა შ. დ-ის სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და დაკითხვის შესახებ, თუმცა, ამ უკანასკნელმა არ მოისურვა სასამართლო სხდომაზე საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემა და უარი განაცხადა სასამართლო სხდომაში მონაწილეობაზე. ყოველივე ზემოხსენებული ცნობილი რომ იყო გამოძიებისა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპებზე, უარყოფილი არ არის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ თვით მსჯავრდებულის შუამდგომლობაში. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუადმგომლობაში მითითებული ვიდეოჩანაწერი „დვდ“ დისკის სახით, რომელიც, მსჯავრდებულის მტკიცებით, ასახავს ზ. კ-ისა და შ. დ-ის ერთად ყოფნას ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებამდე, არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას, შესაბამისად, არ არის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და საკასაციო პალატა მას ვერ გაიზიარებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლით, 313–ე მუხლის მე–3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრებულ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მსჯავრდებულ ი. ხ-ის შუამდგომლობის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად დასაშვებობაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი