განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 03.07.2013
საქმის ნომერი
2კ-1850-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.07.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№18501-13 3 ივლისი, 2013 წელი

შ-ი დ., 18501-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ქ-ის

მსჯავრდებულ _ დ. შ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. შ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტისა და 17 მაისის განჩინებებზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2011 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 3 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) – 6-6 თვით, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით დ. შ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 22 ივნისიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2012 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. შ-ი გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე, 1 წლით, 5 თვითა და 22 დღით ადრე.

2013 წლის 21 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიურომ წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. შ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ დ. შ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული დ. შ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2012 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, დაუდგინდა 8 თვითა და 22 დღით პირობითი მსჯავრი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში აღმოიფხვრა უზუსტობა: დ. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2012 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, დაუდგინდა 1 წლით, 1 თვითა და 9 დღით პირობითი მსჯავრი. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტისა და 17 მაისის განჩინებების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. შ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებებში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან განთავისუფლებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე იმ მოტივით, რომ საქართველოს 2011 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსით 223-ე მუხლი წარმოადგენდა ნაკლებად მძიმე დანაშაულს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. შ-ის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება კანონიერია.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული დ. შ-ი ასევე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2011 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისგან, ვინაიდან დ. შ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2011 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. შ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული დ. შ-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2011 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე