გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი

სისხლის სამართლის 26.07.2013
საქმის ნომერი
2კ-52აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.07.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№52აპ-13 26 ივლისი, 2013 წელი

გ-ა გ.- 52აპ –13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის გამამართლებელ განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ნოემბრის განაჩენით გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით გ. გ-ასა და გ. ს-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წელს გ. ს-მა, გ. გ-ამ და ს. გ-ემ ერთობლივი საქმიანობის წარმართვის მიზნით ჩამოაყალიბეს შპს „...“, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მრავალსართულიანი, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თბილისში, ც-ის ქუჩა №...–ში. 2008 წლის 17 ნოემბერს შპს „...–ის“ დირექტორ გ. ს-ისა და მ. კ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მ. კ-ემ 248000 აშშ დოლარად შეიძინა ც-ის ქუჩა №...–ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული 248 კვ.მ კომერციული ფართი. გ. ს-მა და გ. გ-ამ, მ. კ-ისაგან მალულად, რამდენჯერმე იპოთეკით დატვირთეს ზემოხსენებული ფართი და ვინაიდან სესხი არ დაფარეს, ც-ის ქუჩა №...–ში მდებარე კომერციული ფართი საკუთრებაში გადაეცათ იპოთეკარებს, ხოლო მ. კ-ისაგან მოტყუებით დაუფლებული ფულადი თანხა – 248 000 აშშ დოლარი, გ. გ-ამ და გ. ს-მა მას არ დაუბრუნეს, რითაც დაზარალებულ მ. კ-ეს მიადგა 248 000 აშშ დოლარის – დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა – გ. გ-ამ, გ. ს-მა და მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. ს-ემ საჩივრის შესაგებელში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გ. გ-ასა და გ. ს-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, მხარეთა მონაწილეობით, განიხილა სისხლის სამართლის საქმე და 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით აპელანტთა საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა: გ. გ-ა და გ. ს-ი საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ინკრიმინირებულ ქმედებებში ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ.

ამავე განაჩენით გ. გ-ა გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ხოლო გ. ს-ი საქართველოს პრეზიდენტის №... განკარგულებით 2012 წლის 28 დეკემბერს შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

სააპელაციო სასამართლომ გ. გ-ასა და გ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებაში მიუთითა, რომ შპს „...–ს“, შპს „...–სა“ და მ. კ-ეს შორის არსებული ურთიერთობები წარმოიშვა სამოქალაქო ურთიერთობებიდან გამომდინარე ხელშეკრულების საფუძველზე, ამიტომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის წესით მოსაწესრიგებელ საკითხს და, შესაბამისად, ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის გამამართლებელი განაჩენი გ. გ-ასა და გ. ს-ის მიმართ საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. ს-ემ.

საჩივრით კასატორს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უკანონოა და მოითხოვს მის გაუქმებასა და გ. გ-ასა და გ. ს-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

საკასაციო საჩივრის შესაგებელში გ. გ-ა და გ. ს-ი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს გ. გ-ასა და გ. ს-ის ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ეჭვის გამომრიცხავად და უტყუარად არის დადგენილი გ. გ-ასა და გ. ს-ის მიერ უძრავი ქონების შეძენის მომენტში მ. კ-ის შეცდომაში შეყვანისა და მისი მოტყუების ფაქტი, კერძოდ: გ. გ-ამ და გ. ს-მა მ. კ-ეს შეგნებულად არ გაუმხილეს შესაძენად შეთავაზებული უძრავი ქონების იპოთეკით არაერთგზის დატვირთვის ფაქტი, რითაც შეცდომაში შეიყვანეს იგი, ისარგებლეს მისი ნდობით და მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას.

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ. კ-ემ 2008 წლის 17 ნოემბერს შპს „...–ის“ დირექტორ გ. ს-თან დადებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისში, ც-ის ქუჩა №...–ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე 248 000 აშშ დოლარად შეიძინა 248 კვ. მ კომერციული ფართი. თანხის ნაწილი – 148 000 აშშ დოლარი იმავე დღეს შეიტანა შპს „...–ის“ საბანკო ანგარიშზე „ტ-ში“, ხოლო დარჩენილი თანხა 2008 წლის ნოემბერში მ. კ-ემ სრულად გადაუხადა ხელზე გ. ს-სა და გ. გ-ას, რასაც ადასტურებს აღნიშნული თანხის მიღებაზე როგორც საზოგადოების ბუღალტრის მიერ გამოწერილი საბუღალტრო დოკუმენტი (ჩეკი), ასევე თავად მ. კ-ის ჩვენება.

აღნიშნულს ადასტურებს მოწმედ დაკითხული შპს „...–ის“ ბუღალტერი ნ. გ-ე თავის ჩვენებაში.

მოწმეების: მ. დ-ას, ბ. ფ-ის, ქ. ლ-ის, ნ. შ-ის, გ. ჭ-ას, ბ. ბ-ას, ი. კ-ის, ჰ. დ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2008 წლის 7 მაისს და 2008 წლის 31 ივლისს გ. ს-მა და გ. გ-ამ იპოთეკით დატვირთეს ც-ის ქუჩაზე №...–ში მდებარე სადავო კომერციული ფართი. ხელშეკრულება, როგორც შპს „...–ის“ დირექტორთან, გაფორმდა გ. ს-თან, მაგრამ ამ პროცესებში მასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა გ. გ-ა.

ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ სადავო ფართის აღნიშნულ პირებზე იპოთეკით დატვირთვის ფაქტი ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა მ. კ-ესთან მიღწეულ შეთანხმებას და ხელშეკრულების დადებას კომერციული ფართის შესყიდვის შესახებ. ამდენად, აღნიშნული ფართის იპოთეკით დატვირთვის არსებობაზე გ. ს-სა და გ. გ-ას მ. კ-ისათვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ამასვე ადასტურებს თავის ჩვენებაში მ. კ-ე და განმარტავს, რომ იპოთეკარების არსებობის ფაქტი სადავო ფართზე გ. ს-ისა და გ. გ-ას მისთვის არ უცნობებიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კატეგორიულად გამორიცხავს მის სურვილს სადავო კომერციული ფართის შესაძენად სოლიდური თანხის გადახდის მიზანშეწონილობაზე, რაც ლოგიკურია და მისი ჩვენების რეალობაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა.

მოწმე ს. გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის შპს „...–ს“ ერთ–ერთი დამფუძნებელია გ. ს-თან და გ. გ-სთან ერთად, მაგრამ მისთვის ცნობილი არ იყო სადავო კომერციული ფართის იპოთეკით დატვირთვისა და მ. კ-ესთან დადებული ხელშეკრულების დეტალები, ვინაიდან ამ საქმიანობას მის გარეშე უშუალოდ ახორციელებდნენ გ. ს-ი და გ. გ-ა. პრობლემის წარმოშობის შემდგომ კი მისთვის ცნობილი გახდა სადავო საკითხების არსებობა, მ. კ-ე ითხოვდა ფართს ან გადახდილი თანხის დაბრუნებას. აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ემსახურებოდა გ. გ-ას მიერ ვალის აღიარების ნოტარიულად გაფორმება, ამ მომენტისათვის საზოგადოების დირექტორი გ. გ-ა იყო, თუმცა თანხა მ. კ-ეს არ დაბრუნებია.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება და დაადგინა, რომ გ. ს-მა და გ. გ-ამ, მ. კ-ის შეცდომაში შეყვანისა და მისი კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, განზრახ დაფარეს სადავო კომერციულ ფართზე იპოთეკის ხელშეკრულების არსებობა, რითაც მოატყუეს იგი და მასთან 2008 წლის 17 ნოემბერს გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის პირობების შეუსრულებლობა ორივე მათგანს იმთავითვე გაცნობიერებული ჰქონდა, რითაც მიაღწიეს დასახულ მიზანს და აღნიშნული ხერხით შეძლეს, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ დაზარალებულის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ხელშეკრულების დადებისას მოქმედებს მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს მხარეთა ვალდებულებას, ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია არსებული დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სადავო ფართი მ. კ-ის მიერ გ. გ-ასა და გ. ს-ისაგან შეძენის მომენტში არ იყო უფლებრივად უნაკლო, ანუ დატვირთული იყო იპოთეკით, რაც გ. გ-ამ და გ. ს-მა არ გაუმხილეს მყიდველს – მ. კ-ეს, მოიპოვეს მისი ნდობა, დაარწმუნეს იმაში, რომ უძრავი ქონება უფლებრივად უნაკლო იყო, რითაც შეცდომაში შეიყვანეს, მოატყუეს და ხელშეკრულების გაფორმების გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მის კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხას.

პალატის ამ მოსაზრებას აძლიერებს საქმის მასალებით დადგენილი ის ფაქტი, რომ 2008 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, როდესაც მ. კ-ემ საჯარო რეესტრში ვერ შეძლო თავის სახელზე აღერიცხა შეძენილი ქონება და გაირკვა შეძენილ ფართზე იპოთეკარების არსებობა, 2009 წლის 29 ივლისს გ. გ-ამ, 20 000 აშშ დოლარად, მ. კ-ისათვის შეუტყობინებლად, იპოთეკით კიდევ ერთხელ დატვირთა იმ მომენტისათვის იპოთეკარებისაგან გამოთავისუფლებული მ. კ-ის მიერ შეძენილი ფართის ნაწილი, რომელიც მისი მოტყუების განზრახვის არარსებობის შემთხვევაში გ. გ-ას და გ. ს-ს შეეძლოთ, გადაეფორმებინათ მ. კ-ისათვის, ან მისთვის გადაეცათ ახალი იპოთეკით აღებული ფულადი თანხა, რაც არ გაუკეთებიათ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გ. გ-ასა და გ. ს-ის ქმედებებით ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზარალებულ მ. კ-ის შეცდომაში შეყვანისა და მისი მოტყუების ფაქტი, რაც თაღლითობით ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს და შესაბამისად, არ შეიძლება სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნეულ იქნეს შემდგომში მსჯავრდებულთა მხრიდან ვალის აღიარების გაფორმება, რაც გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი გამართლების ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, გ. ს-ისა და გ. გ-ას ქმედებებში სახეზეა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასთან ერთად, გ. გ-ასა და გ. ს-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე–2 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის გამამართლებელი განაჩენი.

გ. გ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. გ-ას 1/4-ით შეუმცირდეს ზემოაღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. გ-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2012 წლის 6 აპრილიდან 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით.

მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2013 წლის 26 ივლისიდან.

გ. ს-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ს-ს 1/4-ით შეუმცირდეს ზემოაღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2012 წლის 6 აპრილიდან 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით.

მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2013 წლის 26 ივლისიდან.

განაჩენი აღსასრულებლად მიექცევა გამოქვეყნებისთანავე.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

№52აპ-13 19 სექტემბერი, 2013 წელი

გ-ა გ.- 52აპ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 26 ივლისს მსჯავრდებულების – გ. გ-ასა და გ. ს-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 26 ივლისს მსჯავრდებულების – გ. გ-ასა და გ. ს-ის მიმართ გამოტანილ იქნა განაჩენი, სადაც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის შესავალ ნაწილში გამორჩენილია პროცესის მონაწილე მხარეები.

სარეზოლუციო ნაწილის ბოლოს (როგორც განაჩენში, ასევე უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებაში) მითითებულია წინადადება: ,,გ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2012 წლის 6 აპრილიდან 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით“.

აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც აღმოფხვრილ უნდა იქნეს აღნიშნულ განაჩენში.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 26 ივლისს მსჯავრდებულების – გ. გ-ასა და გ. ს-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის შესავალი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სხდომის მდივან – გ. შ-ის

პროკურორ _ მ. ს-ის

დაზარალებულ – მ. კ-ის

ადვოკატების – ი. გ-ასა და მ. ს-ას

მსჯავრდებულების _ გ. გ-ასა და გ. ს-ის

მონაწილეობით განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის განაჩენზე“.

ხოლო სარეზოლუციო ნაწილის ბოლო ნაწილი (როგორც განაჩენში, ასევე უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებაში) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2012 წლის 6 აპრილიდან 2012 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით“.

სხვა ნაწილში განაჩენი და განჩინება დარჩეს უცვლელად.

აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განაჩენისა და იმავე რიცხვის განჩინების განუყოფელ ნაწილს.

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

№52აპ-13 26 ივლისი, 2013 წელი

გ-ა გ.- 52აპ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 26 ივლისს მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 26 ივლისს მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ გამოტანილ იქნა განაჩენი, სადაც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია წინადადება: ,,გ. ს-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ს-ს 1/4-ით შეუმცირდეს ზემოაღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2012 წლის 6 აპრილიდან 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2013 წლის 26 ივლისიდან“.

აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც აღმოფხვრილ უნდა იქნეს აღნიშნულ განაჩენში.

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 26 ივლისს მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ჩაიწეროს წინადადება: ,,გ. ს-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ს-ს 1/4-ით შეუმცირდეს ზემოაღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2012 წლის 6 აპრილიდან 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 დეკემბრის განკარგულებით გ. ს-ი, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან“.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი