დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№815აგ-13 18 ნოემბერი, 2013 წელი
გ-ი ა, 815აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 246–ე მუხლის მე-2 ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება; სსკ–ის 116–ე მუხლის 1–ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 261–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ა. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 8 ივნისიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ა. გ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 246–ე მუხლის მე-2 ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება; სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 261–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ა. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 8 ივნისიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით მჯავრდებულ ა. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი. ა. გ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ–ის 261–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან. მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ამავე განჩინებით ა. გ-ს ¼–ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 246–ე მუხლის მე–2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვრა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ასევე ¼–ით შეუმცირდა 3 წლის ვადით ჩამორთმეული საექიმო საქმიანობის უფლება და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით.
ა. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საექიმო საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 2 წლისა და 3 თვის ვადით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
2013 წლის 21 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. გ-ა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომელიც ამსუბუქებს მის მდგომარეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული ა. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვასა და სასჯელის შთანთქმის წესით დანიშვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ა. გ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელებისგან და მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ა. გ-ს მოსახდელად დარჩა მხოლოდ ერთი - სსკ-ის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი, სასჯელთა შთანთქმის პრინციპი კი გულისხმობს რამდენიმე სასჯელის არსებობას. მსჯავრდებულ ა. გ-ნ მიმართებით კი სახეზეა მხოლოდ ერთი სასჯელი, რის გამოც დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ა. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე