დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №269აგ-13 16 დეკემბერი, 2013 წელი
შ-ი ც.- 269აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ც. შ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ც. შ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან.
ამავე განაჩენით სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრი დაედოთ: დ. კ-ას, ლ. ბ-ას, ნ. ს-ასა და ე. კ-ას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის განაჩენით ცვლილება შევიდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენში, კერძოდ:
ც. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან.
ამავე განაჩენით დ. კ-ა, ლ. ბ-ა და ე. კ-ა ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა - თითოეულს 11 წელი, ხოლო ნ. ს-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 376-ე მუხლზე და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის განაჩენზე საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულების - ც. შ-ისა და დ. კ-ას საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 მაისის განჩინებით ც. შ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ც. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ც. შ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 7 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო - 2007 წლის 20 ივნისიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით ც. შ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ იქნა დაშვებული განსახილველად. სააპელაციო პალატამ განჩინების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ც. შ-ს მისი ქმედების სსკ-ის 172-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ ანალოგიურ მოთხოვნაზე უარი ეთქვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, ხოლო იმავე შინაარსის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 მაისის განჩინებით ასევე დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დარჩა ძალაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განჩინების თაობაზე ც. შ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, იმ საფუძვლით, რომ დანაშაულის ჩადენის დროს არ არსებობდა აღნიშნული ნორმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას შვილად აყვანის მიზნით, არასრულწლოვნის გაყიდვის ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებისათვის, რაც, როგორც საკასაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, მან ჩაიდინა.
ც. შ-ის პირადი საქმის მასალების მიხედვით, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე - 1 წლით, 3 თვითა და 8 დღით ადრე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ - 2011 წლის 19 მაისის განჩინებაში, რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ც. შ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ც. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ც. შ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი