დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.01.2014
საქმის ნომერი
571აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №571აგ-13 23 იანვარი, 2014 წელი

შ-ი ზ., 571აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის განაჩენით ზ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით, მე-19,109-ე მუხლის „ა“, „დ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“, „ო“ პუნქტებით და მიესაჯა 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით მას საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2003 წლის 13 დეკემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის განჩინებით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინებით შეიცვალა: ზ. შ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2003 წლის 13 დეკემბრიდან.

2013 წლის 14 მაისს მსჯავრდებულმა ზ. შ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. შ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის განაჩენი, ასევე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ზ. შ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენის გაუქმებას და საბოლოო სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დანაშაულის რეციდივის მიუხედავად, თბილისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულს სასჯელი ნაწილობრივი შეკრებით განესაზღვრა.

მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი მსჯავრდებულ ზ. შ-ისთვის მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენი ზ. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე