დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№927აგ-13 16 იანვარი, 2014 წელი
დ-ე გ, 927აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განაჩენით გ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 261–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 263–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 მარტიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. დ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
გ. დ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 262–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე გათავისუფლდა სსკ–ის 261–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 263–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლეიბს აღკვეთა და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 21 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. დ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განაჩენში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. დ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 262–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტით შემცირებულ სასჯელს - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას, სსკ–ის 59–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სსკ–ის 263–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან ნაწილობრივ დაემატა 1 წელი და 3 თვე და საბოლოოდ მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 მარტიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. დ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში, გ. დ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. დ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი