დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.02.2014
საქმის ნომერი
761აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№761აგ-13 26 თებერვალი, 2014 წელი

დ-ი ც.- 761აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ც. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ც. დ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ც. დ-ს სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2004 წლის 8 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და ც. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 მაისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ივლისის განაჩენით ც. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 აპრილიდან. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3.500 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განაჩენით ც. დ-ს საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი – 10 წელი, 11 თვე, 27 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 12 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2011 წლის 19 აპრილიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3.500 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ც. დ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ც. დ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული 5 წლიდან – 3 წლითა და 4 თვით; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული 7 წლიდან – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განაჩენით სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ამ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის წინა განაჩენებით დანიშნულ სასჯელთა მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 11 თვე, 27 დღე და საბოლოოდ ც. დ-ს განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან - 12 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთიდან მოსახდელად დარჩა 8 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2011 წლის 19 აპრილიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ც. დ-ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისგან (გარდა ჯარიმისა).

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განაჩენით სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 1 წელსა და 6 თვეს - დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის - 3 წლისა და 4 თვის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 5 თვე, 9 დღე და ც. დ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის ჯარიმისა და სასჯელის ვადის ათვლის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით ც. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განაჩენით სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 1 წელსა და 6 თვეს - დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით, 5 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წელი, 6 თვე და ც. დ-ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ც. დ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენებით პატიმრობიდან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელები უნდა შეიკრიბოს არა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის, არამედ – იმავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რადგან მსჯავრდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ივლისის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განაჩენის გამოტანამდე - 2010 წლის 27 თებერვალს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა იმავე სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განაჩენის გამოტანამდე - 2008 წლის 11 ივნისს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ც. დ-ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ც. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენი ც. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი