დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.03.2014
საქმის ნომერი
768აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №768აგ-13 5 მარტი, 2014 წელი

თ-ი გ., 768აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. თ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის განაჩენით გ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 7 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივლისის განაჩენით გ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 3 თვე, 12 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 3 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის, 9 თვისა და 12 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 25 ივლისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. თ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით, 10 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ასევე 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით პირობითი მსჯავრი, 1 წლის, 10 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

2013 წლის 29 მაისს მსჯავრდებულმა გ. თ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 9 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წელი და 8 თვე რეალური სასჯელი, ასევე – 8 თვე პირობითი მსჯავრი და გ. თ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლისა და 5 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ასევე 8 თვე პირობითი მსჯავრი, 1 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივლისის განაჩენი და 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. თ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, გ. თ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. თ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენი გ. თ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე