დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№201–14 11 აპრილი, 2014 წელი
კ-ა თ.- 201–14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – ლელა სანიკიძის
პროკურორ _ ნ. რ-ას
ადვოკატების – ვ. ქ-ის, ა. ი-ასა და ლ. შ-ას
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – თ. კ-ას
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – თ. კ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ვ. ქ-ის, ა. ი-ას, მ. ბ-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ დ-ში დააკავეს უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე თ. კ-ა, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, რეგისტრირებული და მცხოვრები უკრაინაში, კრამატორსკში, პ-ას ქუჩის №...-ის ბინა №...–ში.
თ. კ-ას საექსტრადიციო მასალების თანახმად, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე თ. კ-ას მიმართ, უკრაინის სსკ-ის 186–ე მუხლის მე–3 ნაწილით (სხვისი ქონების ღიად მიტაცება (ძარცვა), ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, რამაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი); 186–ე მუხლის მე–2 ნაწილით (სხვისი ქონების ღიად მიტაცება (ძარცვა), ჩადენილი განმეორებით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ); 186–ე მუხლის მე–5 ნაწილით (სხვისი ქონების ღიად მიტაცება(ძარცვა), ჩადენილი განმეორებით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით); 186–ე მუხლის მე–4 ნაწილით (სხვისი ქონების ღიად მიტაცება (ძარცვა), რომელსაც თან ახლავს ძალადობა, რაც არ არის სახიფათო დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ჩადენილი განმეორებით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის თავდასხმის (ყაჩაღობის) ობიექტის მიმართ გამოყენებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებით.
გარდა აღნიშნულისა, ქალაქ ოდესის პრიმორსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენით თ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ უკრაინის სსკ-ის 186–ე მუხლის მე–4 ნაწილით (სხვისი ქონების ღიად მიტაცება (ძარცვა), ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
2013 წლის 26 იანვარს თ. კ-ას მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ქალაქ კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. კ-ას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით თ. კ-ას შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს პროკურორ ნ. რ-ას შუამდგომლობა და ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს - თ. კ-ას საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა 3 თვით - 6 თვემდე, 2014 წლის 3 აპრილამდე.
აღნიშნული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განჩინებით (საექსტრადიციო ვადის გაგრძელების შესახებ) დაკმაყოფილდა პროკურორ ნ. რ-ას შუამდგომლობა და ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს - თ. კ-ას საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა 3 თვით - 9 თვემდე, 2014 წლის 3 ივლისამდე.
თ. კ-ას საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2013 წლის 3 ოქტომბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განჩინებით პროკურორ ნ. რ-ას შუამდგომლობა თ. კ-ას მიმართ უკრაინის რესპუბლიკაში მისი ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა.
დაუშვებლად იქნა ცნობილი თ. კ-ას უკრაინაში ექსტრადიცია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 186–ე მუხლის მე–4 ნაწილით (სხვისი ქონების ღიად მიტაცება (ძარცვა), ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ქ. ოდესის პრიმორსკის რაიონული სასამართლოს მიერ 2011 წლის 15 დეკემბერს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების მიზნით.
დასაშვებად იქნა ცნობილი თ. კ-ას უკრაინაში ექსტრადიცია უკრაინის სსკ-ის 186–ე მუხლის მე–3 ნაწილით (სხვისი ქონების ღიად მიტაცება (ძარცვა), ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, რამაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი); 186–ე მუხლის მე–2 ნაწილით (სხვისი ქონების ღიად მიტაცება (ძარცვა), ჩადენილი განმეორებით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ); 186–ე მუხლის მე–5 ნაწილით (სხვისი ქონების ღიად მიტაცება (ძარცვა), ჩადენილი განმეორებით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით); 186-ე მუხლის მე–4 ნაწილით (სხვისი ქონების ღიად მიტაცება (ძარცვა), რომელსაც თან ახლავს ძალადობა, რაც არ არის სახიფათო დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ჩადენილი განმეორებით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განჩინების თაობაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა – თ. კ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ვ. ქ-ემ, ა. ი-ამ და მ. ბ-ამ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორებმა საჩივარში აღნიშნეს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი არის პირადი და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი.
უკრაინის გენერალური პროკურატურიდან მიღებული მასალების მიხედვით, თ. კ-ამ დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა 2009 წლის 21 ივლისს, 2009 წლის 17 სექტემბერს, 2010 წლის 11 იანვარს, 2011 წლის 9 თებერვალს და 2012 წლის 4 ნოემბერს. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ თ. კ-ა ხელოვნურად შეკრებილი მტკიცებულებებისა და ყალბი ბრალდების საფუძველზე წარდგენილი ბრალდების ერთ–ერთი ეპიზოდის ჩადენისას (2009 წლის 21 ივლისი) იმყოფებოდა საქართველოში, რაც დასტურდება შსს–ს მიერ გაცემული ცნობით და თვით პროკურატურის მიერ გაცემული ინფორმაციით. ამ ინფორმაციით იგი საქართველოში შემოვიდა 2009 წლის 30 მაისს და გავიდა 2009 წლის 31 ივლისს.
მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მასზე არაკანონიერად ახდენდნენ ზეწოლას, რის გამოც მას უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურის ლუგანსკის ოლქის სამმართველომ 2014 წლის 18 თებერვალს შეუწყვიტა ვითომდა ყალბი დოკუმენტების წარდგენით მიღებული უკრაინის მოქალაქეობა, ხოლო მას შემდეგ, რაც თ. კ-ამ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თხოვნით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ და ეს ცნობილი გახდა უკრაინის შსს–თვის, უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურმა გააუქმა თავისი გადაწყვეტილება და მას კვლავ აღუდგინა უკრაინის მოქალაქეობა.
უკრაინაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, იგი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ და არაადამიანურს ან ღირსების შემლახავ მოპყრობას. თ.კ-ას უკრაინაში ექსტრადიციისას, მის მიმართ განხორციელებული უკანონო დევნის ფონზე, მაღალია რისკი „სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა“ (ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6 მუხლი). ექსტრადიცია საფრთხეს შეუქმნის თ. კ-ას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
აღნიშნულიდან გამოადინარე, კასატორებმა ითხოვეს საქართველოს სსსკ–ის 206–ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ექსტრადიციის შესახებ 2014 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმება და თ. კ-ას უკრაინაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თ. კ-ა საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2013 წლის 3 ოქტომბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
რაც შეეხება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – თ. კ-ას და დაცვის მხარის პოზიციას, რომ მისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან იგი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სურვილი. შესაბამისად, ექსტრადირებული პირის პოზიცია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან მას არ ჩაუდენია დანაშაული, არის პირადი და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, დაიბადა საქართველოში, არის ქართველი, საშუალო და უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოში, გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური, არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სპორტული ტურნირების პრიზიორი და გამარჯვებული, წლების განმავლობაში ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, სურს იყოს ქვეყნის ღირსეული მოქალაქე, ექსტრადიციით მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე - მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ცნობს და აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს პროკურორ ნ. რ-ას შუამდგომლობა თ. კ-ას ექსტრადიციის შესახებ, უკრაინის სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების გამო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. კ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ. ქ-ის, ა. ი-ას, მ. ბ-ას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი