დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №66აპ-14 ქ. თბილისი
ა-ა ბ 66აპ-14 29 ივლისი, 2014 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ რ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 14 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:
რ. ჭ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
რ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1443–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–43–ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით - 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. ჭ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით - 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
დ. ჭ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
დ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1443–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, ,,ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–43–ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით - 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ჭ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით - 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დ. ჭ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
მ. ქ-ა საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მასვე მოეხსნა საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
მ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1443–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–43–ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ მას ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით - 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მ. ქ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
ბ. ა-ა საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მასვე მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 333–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ბ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1443–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–43–ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ მას ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით - 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ბ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 2 მარტიდან.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების - ბ. ა-ს, მ. ქ-ს, დ. ჭ-ა და რ. ჭ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 23 დეკემბრის № ბრძანების საფუძველზე ბ. ა-ა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ და წარმოადგენდა მოხელეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის № ბრძანების საფუძველზე რ. ჭ-ე დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის № ბრძანების საფუძველზე მ. ქ-ა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 16 იანვრის № ბრძანების საფუძველზე დ. ჭ-ა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.
2006 წლის გაზაფხულზე ბ. ა-მ გადაწყვიტა სხვადასხვა უკანონო გზით გაექარწყლებინა მის მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემისა და დამცირების თაობაზე საქართველოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ხმები. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან გამოიყენა იმჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული პ. მ-ი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრობაზე უარის თქმა და შესაბამისი განცხადებაც ჰქონდა გაკეთებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინა ხელმძღვანელობასთან, თუმცა ეს განცხადება არ იყო ცნობილი სხვა კრიმინალური ავტორიტეტებისათვის. შესაბამისად, პ. მ-ი მათ წრეში კვლავ ე.წ. „კანონიერ ქურდად“ იყო ცნობილი და ბ. ა-ნ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულების კრიმინალური ავტორიტეტების საერთო თანხის ე.წ. „ობშიაკის“ ადგილსამყოფლის დადგენა ჰქონდა დავალებული. 2008 წლის იანვარ–თებერვალში, რიცხვი ზუსტად არ არის დადგენილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბ. ა-მ უფლებამოსილების გადამეტებით 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის საქართველოს სსსკ–ის 150–ე მუხლის მე–5 ნაწილის, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის მეორე ნაწილისა და 90–ე მუხლის მოთხოვნათა უხეში უგულებელყოფით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. ქ-ს, როგორც მასთან დაახლოებულ და ნდობით აღჭურვილ პირს, დაავალა ამავე საპყრობილეში მყოფი პატიმრის - პ. მ-ს მიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში – მის სამუშაო კაბინეტში. აღნიშნული უკანონო ბრძანების შესასრულებლად მ. ქ-მ გადაამეტა მისი, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რაც იმაში გამოიხატა, რომ რამდენიმე დაუდგენელ პირთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 31 დეკემბრის №–ე ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირებისა და ძებნის წესდების“ მე–17 თავით გათვალისწინებული ბადრაგირების წესების სრული იგნორირებით, ამავე დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ პ. მ-ს გადააცვა სპეცდანიშნულების რაზმელის ფორმა, გაუკეთა ნიღაბი, კერძო პირის ავტომანქანით უკანონოდ გაიყვანა №7 საპყრობილის ტერიტორიიდან და მიიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობაში, თავმჯდომარის კაბინეტში. აქ მას დახვდნენ ბ. ა-ა, ამავე დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური განყოფილების უფროსი რ. ჭ-ე, დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ა. ხ-ა და საქართველოს შს კუდ-ის მეორე სამმართველოს უფროსი გ. დ-ე, მეტსახელად „მ-ა“. ბ. ა-ს სამუშაო კაბინეტში შემდგარ ერთობლივ საუბარში გ. დ-მ პ. მ-ს დაავალა დამამტკიცებელი საბუთის მოპოვება, რომლის გამოქვეყნებითაც საზოგადოების თვალში გაქარწყლდებოდა ბოლო პერიოდში მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ხმები ბ. ა-ს მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემისა და დამცირების შესახებ. გ. დ-მ პ. მ-ს გააცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც, პატიმრების გასეირნების დროს, მას შემდეგ, რაც პატიმრები დატოვებდნენ საცხოვრებელ ფლიგელს, ე.წ. „კანონიერი ქურდების“ პალატის წინ მდებარე დერეფანში გარედან დაამონტაჟებდნენ ფარულ ვიდეო და აუდიოკამერას. ამის შემდეგ დაწესებულების დირექტორის განკარგულებით აღნიშნულ დერეფანში ჩამოიყვანდნენ პატიმარ ზ. ვ-ს, რომელიც დაწესებულების კრიმინალურ წრეებში მოიაზრებოდა, როგორც დაწესებულების ე.წ. ,,მაყურებელი“. პ. მ-ს, როგორც „კანონიერ ქურდს“, ფარული კამერის მხედველობისა და სმენადობის არეში ზ. ვ-ნ უნდა ესაუბრა დაწესებულებაში კრიმინალური ავტორიტეტებისათვის შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რაშიც უნდა დაედანაშაულებინა ბ. ა-ა. აქედან გამომდინარე, ბ. ა-ს ხელოვნურად დისკრედიტაციის მიზნით უნდა დაევალებინა ზ. ვ-ს, რომ მას შეერჩია რომელიმე გაუხმაურებელ საქმეზე საზოგადოებისათვის ასე თუ ისე ცნობილი პატიმარი, რომელიც იმავდროულად იქნებოდა მისთვის სანდო კაცი. ზ. ვ-ს ამ პატიმრისათვის უნდა შეეთავაზებინა, რომ სხეულზე მიეყენებინა რაიმე სახის მსუბუქი თვითდაზიანება, შემდგომ ეჩივლა უფლებადამცველ ნ. კ-ნ და ამ დაზიანების მიყენებაში დაედანაშაულებინა ბ. ა-ა. ბ. ა-ს გეგმით პ. მ-ა და ზ. ვ-ს შორის შემდგარი საუბარი ჩაიწერებოდა ფარული კამერით. მას შემდეგ, რაც ზ. ვ-ს მიერ შერჩეული პატიმარი მიიყენებდა თვითდაზიანებას და იჩივლებდა ნ. კ-ნ, რომელიც თავის მხრივ ამ ფაქტს პრესასა და ტელევიზიაში მისცემდა რეზონანსს, ამ მომენტში ბ. ა-ა გამოაქვეყნებდა პ. მ-ა და ზ. ვ-ს შორის შემდგარი საუბრის ვიდეო და აუდიოჩანაწერს, რითაც საზოგადოებას მოატყუებდა, რომ მასზე გავრცელებული ხმები პატიმრებთან არასათანადო მოპყრობის თაობაზე ინსცენირებულია კრიმინალური ავტორიტეტების მიერ, მათთვის დეპარტამენტის არასასურველი თავმჯდომარის ხელოვნურად დისკრედიტაციის მიზნით. ბ. ა-ა და მისი თანმხლები პირები პ. მ-ს დავალების შესრულების შემთხვევაში დაჰპირდნენ დახმარებას უზენაეს სასამართლოში, სადაც მას გასაჩივრებული ჰქონდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები. პ. მ-ი იძულებული იყო, დათანხმებოდა შეთავაზებულ წინადადებას. ამის შემდეგ უთხრეს, რომ ა. ხ-ა მას გადასცემდა მობილურ ტელეფონს, რისი საშუალებითაც მუდმივად იქნებოდა მასთან კავშირზე და მიღებულ დავალებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე ჩააყენებდა საქმის კურსში. ორი დღის შემდეგ ა. ხ-მ მართლაც გადასცა სად-ის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ პ. მ-ს მ. ქ-ნ მისთვის გადასაცემად მიღებული მობილური ტელეფონი ჩართული სიმბარათით. მიღებული დავალების შესრულებამდე პ. მ-ი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა ზ. ვ-ს და ფარული კამერით ჩაწერამდე შეეცადა გაეგო მისი აზრი რომელიმე ცნობილი პატიმრის თვითდაზიანების მიყენებაზე დათანხმების შესაძლებლობის შესახებ. ზ. ვ-ა, რომელიც ნაკლებად ენდობოდა პ. მ-ს და ეჭვიც კი ჰქონდა მისი ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის თაობაზე, ბოლომდეც კი არ მოუსმინა მას და გაეცალა. პ. მ-ი მიხვდა, რომ დავალებას ვერ შეასრულებდა, თუმცა ამის თაობაზე არაფერი უთქვამს ბ. ა-ს, მასთან შეხვედრაც არ მოუთხოვია. დანაშაულებრივი გეგმის განხორციელების უზრუნველსაყოფად ბ. ა-მ გადაამეტა თავისი, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის უფლებამოსილებას, საკუთარი არაკანონიერი განზრახვის განხორციელება შენიღბა კანონიერი ფორმით და 2006 წლის 25 მარტს № წერილით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროს გ. მ-ს. მან წერილში იცრუა, რომ თითქოს მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, 2006 წლის 25 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ კანონიერ ქურდებს უნდა გაეკეთებინათ მოწოდება ამავე დაწესებულებაში მოთავსებული სპეცკონტინგენტისათვის იმის თაობაზე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების დეზორგანიზაციის მიზნით მიეყენებინათ ერთმანეთისათვის ფიზიკური დაზიანება ან - თვითდაზიანება. მან პროკურატურისგან მოითხოვა ნებართვა ფარულ ვიდეო და აუდიოჩაწერაზე მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა დ. ზ-მ 2006 წლის 25 მარტს გამოიტანა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერის გამოყენების შესახებ. იმავე დღეს, 18.30 საათზე, სად-ის სამკურნალო დაწესებულების ე.წ. „ქურდების ფლიგელის“ დერეფანში დამონტაჟდა ფარული კამერა. ბ. ა-ს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, პატიმრების, მათ შორის პ. მ-ს პალატაში დაბრუნების შემდეგ დაწესებულების დირექტორის - მ. ს-ს განკარგულებით პ. მ-ს საკანში შეიყვანეს ზ. ვ-ი, რომელმაც არ იცოდა მისი იქ მიყვანის მიზეზი. პ. მ-ა ზ. ვ-ს ნდობის მოსაპოვებლად მასთან გამართულ საუბარს, რომელიც დამონტაჟებული ფარული კამერის ხილვადობისა და სმენადობის გარეშე მიმდინარეობდა, დაასწრო მასთან ერთად პალატაში მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ მ. ზ-ი, რომელმაც ასევე არაფერი იცოდა დაგეგმილი საუბრის შინაარსისა და ფარული კამერის შესახებ. მათ შორის საუბარი შედგა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზ. ვ-ი ეჭვის თვალით უყურებდა, პ. მ-ა საერთოდ აღარაფერი თქვა ბ. ა-ს მიერ მიცემული დავალების თაობაზე. საუბარი მიმდინარეობდა 2006 წლის 25 მარტს, 18.50 საათიდან 19.10 საათამდე, რაც ჩაიწერა ვიდეო და აუდიოფირზე. აღნიშნულ საუბარს დაწესებულების დირექტორის - მ. ს-ს სამუშაო კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული განყოფილების უფროსის - დ. ჭ-ს დავალებით, მონიტორის საშუალებით უთვალთვალებდა ამავე განყოფილების თანამშრომელი გ. შ-ა. მან საუბრის დასრულების შემდეგ ფირი გადაწერა მეხსიერების ბარათზე, ე.წ. „ფლეშკაზე“ და გადასცა დ. ჭ-ს, რომელმაც ეს ფირი გადასცა ბ. ა-ს. ფირის მოსმენის შემდეგ ბ. ა-ა დარწმუნდა, რომ პ. მ-ა დავალება არ შეასრულა და განიზრახა მისთვის და ზ. ვ-ს ანგარიშის გასწორება. 2006 წლის 27 მარტს, დაახლოებით 01.00 საათზე, იგი მასთან დაახლოებულ და სანდო პირებთან - მ. ქ-ნ, დ. ჭ-ა და რ. ჭ-ნ, ასევე №7 საპყრობილის დირექტორ გ. ფ-ა და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა სად-ის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და მოითხოვა დირექტორის კაბინეტში მიეყვანათ მსჯავრდებულები - პ. მ-ი და ზ. ვ-ი. მან ასევე მოითხოვა ამავე დაწესებულების პატიმრების - გ. ა-ა და ლ. ც-ს მოყვანაც, რომელთაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ პ. მ-ა და ზ. ვ-ნ, რათა შეენიღბა მისი უკანონო დავალების შეუსრულებლობისათვის ანგარიშსწორების მიზანი. პირველად დირექტორის კაბინეტში შეიყვანეს პ. მ-ი, რომელსაც ბ. ა-მ დაანახა მის ხელთ არსებული ვიდეოკასეტა და უთხრა, ,,შენ ხომ მაინც არ გააკეთე, რასაც შეგვპირდი, ახლა დედას გიტირებთო“. პ. მ-ი დასვეს და სხვა პატიმრების თვალწინ მ. ქ-მ დაიწყო მისთვის თმების შეჭრა. შეჭრილ თმებს უწყობდა ჯიბეში, რითაც მას, როგორც ავტორიტეტს, ამცირებდნენ, აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. ამის შემდეგ კაბინეტში შეიყვანეს ზ. ვ-ი და გ. ა-ი. ბ. ა-ა რიგრიგობით ეკითხებოდა მათ, თუ რა დღე, რიცხვი და რომელი წელი იყო, რითაც ახდენდა პატიმრების პროვოცირებას კონფლიქტზე. გ. ა-ნ მან მიიღო პასუხი – „მე რას მეკითხები, თვითონ არ იცი, რა რიცხვიაო?“ ამაზე ბ. ა-ა მივიდა და დამცირების მიზნით სახეში შეაფურთხა გ. ა-ს, რითაც შეურაცხყო მისი პირადი ღირსება და პატივი. გ. ა-ა მას საპასუხოდ ხელი გაარტყა. ამის შემდეგ ბ. ა-მ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და დ. ჭ-ნ, მ. ქ-ნ, რ. ჭ-ა და სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად დაუწყო ცემა თავისუფლებაშეზღუდულ გ. ა-ს, ზ. ვ-ა და პ. მ-ს. ბ. ა-ა თანნაქონი პისტოლეტის ტარს ურტყამდა გ. ა-ს, რითაც პატიმრებს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენეს. პარალელურად ბ. ა-მ რაციის საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში გამოიძახა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმი. ამის შემდეგ ისინი გაათრიეს სამკურნალო დაწესებულების პირველი სართულის დერეფანში, სადაც სპეცრაზმელებმა ასევე მიიყვანეს გამოძახებული პატიმარი ლ. ც-ი, რომელიც ბ. ა-ს დავალებით დ. ჭ-მ, მ. ქ-მ, რ. ჭ-მ და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, დამცირების, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, სცემეს და მიაყენეს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. ამის შემდეგ ისინი გაიყვანეს დაწესებულების ეზოში, სადაც კვლავ სცემეს. ბოლოს დაწესებულების საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გაიყვანეს საბადრაგო ავტომანქანის სადგომზე. იქ პატიმარ ზ. ვ-ს დაეწყო ეპილეფსიის შეტევა. დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ისინი ჩასვეს საბადრაგო ავტომანქანაში და კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულებაში. რამდენიმე ხანში იქვე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულების პატიმრები - მ. ზ-ი და ნ. მ-ე. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ პატიმრები - პ. მ-ი, ე.წ. „კანონიერი ქურდები“, ინვალიდის სავარძელში მჯდომი მ. ზ-ი, ასევე სმენადაკარგული და მეტყველებისუნარმოკლებული ნ. მ-ე იმყოფებოდნენ დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ისინი საჭიროებდნენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას და სპეციფიკურ მოვლას. სწორედ სამკურნალო და არა სხვა დაწესებულების პირობებში, ნ. მ-ს ადეკვატური მკურნალობის გაგრძელება შეეძლო მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის ტუბ-დაწესებულებაში, თუმცა მისი იქ გადაყვანა ოპერატიული თვალსაზრისით არ იყო გამართლებული, ხოლო მსგავსი პირობების შექმნა შეეძლო მხოლოდ სამკურნალო დაწესებულებას. ამდენად, ამ სამი პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას შეეძლო, გამოეწვია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაირღვა მათი კანონით დაცული უფლება, გაევლოთ დაავადების ადეკვატური მკურნალობის კურსი შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. გარდა ამისა, პ. მ-ს, მ. ზ-ს, ნ. მ-ს, ზ. ვ-ს, გ. ა-ს, ლ. ც-ს ბადრაგირებით დაირღვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 31 დეკემბრის №–ე ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირებისა და ძებნის წესდების 6.3 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და 19.7 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ: მსჯავრდებულთა ბადრაგირებისას არ იქნა გათვალისწინებული დაცული კონტინგენტი, კრიმინალური ავტორიტეტები და მათი მოქმედების შესაძლო ხასიათი. ადმინისტრაციის ასეთ კანონშეუსაბამო მოქმედებას მოჰყვა დესტაბილიზაციის მცდელობა, კერძოდ, ყველას დასანახად პატიმრების, მათ შორის მსჯავრდებულებში გავლენის მქონე კრიმინალური ავტორიტეტების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ გამოიწვია სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, ასევე მღელვარების ტალღის გადაცემა მეზობლად მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 და №1 საპყრობილეებზე და მათი ფუნქციონირების მოშლა, საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება და პროტესტი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 14 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად, კერძოდ:
ბ. ა-ა საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მასვე მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 333–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ბ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1443–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–43–ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ მას ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით - 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ბ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 2 მარტიდან.
მხედველობაში იქნა მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის № 2013 წლის 3 ნოემბრის განკარგულებით ბ. ა-ა შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 1443–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და მოეხსნა ნასამართლობა.
მ. ქ-ა საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მასვე მოეხსნა საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
მ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1443–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–43–ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ მას ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით - 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მ. ქ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიები ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი რ. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 14 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულების - ბ. ა-ა და მ. ქ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ეთანხმება 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მოსაზრებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დამაჯერებელი, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა მსჯავრდებულების - ბ. ა-ა და მ. ქ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც ბრალდების ფორმულირების მიხედვით გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის იანვარ-თებერვალში, ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბ. ა-მ უფლებამოსილების გადამეტებით, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 150–ე მუხლის მე–5 ნაწილის, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 90–ე მუხლის მოთხოვნათა უხეში უგულებელყოფით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. ქ-ს, როგორც მასთან დაახლოებულ და ნდობით აღჭურვილ პირს, დაავალა ამავე საპყრობილეში მყოფი პატიმრის - პ. მ-ს მიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მის სამუშაო კაბინეტში. აღნიშნული უკანონო ბრძანების შესასრულებლად მ. ქ-მ გადაამეტა მისი, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რაც იმაში გამოიხატა, რომ რამდენიმე დაუდგენელ პირთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 31 დეკემბრის №-ე ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირებისა და ძებნის წესდების 27-ე თავით გათვალისწინებული ბადრაგირების წესების სრული იგნორირებით, ამავე დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ პ. მ-ს გადააცვა სპეცდანიშნულების რაზმელის ფორმა, გაუკეთა ნიღაბი, კერძო პირის ავტომანქანით უკანონოდ გაიყვანა №7 საპყრობილის ტერიტორიიდან და მიიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობაში, თავმჯდომარის კაბინეტში, სადაც მას დახვდნენ ბ. ა-ა, ამავე დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური განყოფილების უფროსი რ. ჭ-ე, დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ა. ხ-ა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე–2 სამმართველოს უფროსი გ. დ-ე, მეტსახელად „მ-ა“. ბ. ა-მ პ. მ-ს დაავალა დამამტკიცებელი საბუთის მოპოვება, რომლის გამოქვეყნებითაც საზოგადოების თვალში გაქარწყლდებოდა ბოლო პერიოდში მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ხმები ბ. ა-ს მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემისა და დამცირების შესახებ, რაც დაზარალებულმა პ. მ-ა არ შეასრულა.
კასატორი თავის საკასაციო საჩივარში ავითარებს იმ მოსაზრებას, რომ დანაშაული ჩადენილია დახურულ დაწესებულებაში, სადაც ინფორმაციის მფლობელ პირთა წრე საკმაოდ მწირი და შეზღუდულია, რის გამოც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას. საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ, მართალია, კანონი არ უშვებს გამონაკლისს, რომ თუ დანაშული ჩადენილია ისეთ ადგილას, სადაც ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მფლობელ პირთა წრე მწირია, დაზარალებულის ჩვენებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა და მხოლოდ მისი ჩვენებაა საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სწორედაც დაზარალებულის ჩვენება უნდა შემოწმდეს გულდასმით მისი თანმიმდევრობისა და სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით შესაბამისობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულის ჩვენება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებად და მივიღოთ მხედველობაში.
ბრალდების მხარე მსჯავრდებულების - ბ. ა-ა და მ. ქ-ს ბრალდების ამ ეპიზოდში ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებად წარმოადგენს პ. მ-ს ჩვენებას. ამ ჩვენების მიხედვით, პ. მ-ი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმყოფებოდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, უარი ეთქვა კანონიერ ქურდობაზე. 2005 წლის ოქტომბერში დახმარებისათვის მიმართა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს იმდროინდელ დირექტორ გ. მ-ს. მან აღუთქვა დახმარება. ორი დღის შემდეგ დაუძახა გ. მ-ა და უთხრა, რომ მის საკითხზე ესაუბრა იუსტიციის მაშინდელ მინისტრ კ. კ-ს, რომელსაც შემოუთვლია, რომ დაეწერა ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე და თანაც ვიდეოკამერების წინ დაეფიქსირებინა, რომ უარს ამბობდა ქურდობაზე. პ. მ-ა მართლაც დაწერა ოფიციალური ხელწერილი და გ. მ-ა ვიდეოკამერით ჩაიწერა მისი უარყოფა. ხელწერილი და ვიდეოკასეტა დარჩა გ. მ-ნ. 2006 წლის 14 იანვარს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში პ. მ-ი შემთხვევით შეეჩეხა მ. ქ-ს, რომელსაც მანამდე არ იცნობდა. იგი ციხის ეზოში ესაუბრებოდა ერთ–ერთ პატიმარს, სახელად ბ-ს, რომლის გვარიც აღარ ახსოვს. როგორც შემდეგ გაიგო, ეს ბ. იყო მ. ქ-ს ბავშვობის მეგობარი. ბ. მ-ს მასზე რაღაც ანიშნა, პ. მ-ი ვერაფერს მიხვდა. ნახევარი საათის შემდეგ გამოიძახეს დირექტორის კაბინეტში და უთხრეს, გაემზადე, ეტაპით უნდა გადაგიყვანოთ მე-7 იზოლატორშიო. ერთ საათში უკვე №7 დაწესებულებაში იყო. მიყვანისთანავე ითხოვა დირექციასთან შეხვედრა. შემოვიდა №7 დაწესებულების მაშინდელი დირექტორი - მ. ქ-ა, რომელსაც უთხარი, რომ აღარ იყო ქურდი და სთხოვა მისი უკან - სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნება. თუ არ დააბრუნებდნენ, ითხოვა, რომ არ შეეყვანათ კანონიერი ქურდების კამერაში. ქ-მ მისი თანდასწრებით დაურეკა ბ. ა-ს და გადასცა ყველაფერი, რაც მას უთხრა. პ. მ-ი შეიყვანეს მე-9 საკანში, სადაც ქურდები არ იყვნენ და უთხრეს, რომ მის საკითხს გაარკვევდნენ. 2006 წლის 2 თებერვალს, ღამის 2 საათზე, ციხის კონტროლიორმა გამოიყვანა საკნიდან და შეიყვანა ექიმის კაბინეტში, სადაც დახვდა მ. ქ-ა. მან ჩააცვა პოლიციელის ფორმა, თავზე ჩამოაცვა ნაქსოვი ნიღაბი, რათა მისი სახე არ გამოჩენილიყო, თუმცა იგი ყველაფერს ხედავდა და ჩაიყვანა №7 დაწესებულების ეზოში, სადაც ჩასვეს შავი ფერის ,,მერსედესში“. საჭესთან დაჯდა მ. ქ-ა, იგი იჯდა უკან და აქეთ-იქიდან ესხდნენ სპეცრაზმელები. მიიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ეზოში. მანქანაში დაახლოებით 15 წუთი ისხდნენ. ამ დროს დეპარტამენტის ეზოში შემოვიდა ,,ბმვ-ს“ მარკის BMW- ყავისფერი ავტომანქანა, რომლის სახ. ნომერი ახლა აღარ ახსოვს. ბ. ა-ა დაცვის თანხლებით გადმოვიდა და შევიდა შენობაში. რამდენიმე წუთში მ. ქ-მ შეიყვანა შენობაში. ავიდნენ მე-2 სართულზე, შეიყვანეს ბ. ა-ს კაბინეტში. გაცნობის შემდეგ ბ. ა-მ პ. მ-ს ჰკითხა, შენს გარდა ვინ იცის, რომ არ ხარ კანონიერი ქურდიო. მან უპასუხა, რომ ეს იცოდნენ გ. მ-ა და კ. კ-მ, – სხვა არავინ. ამავდროულად უთხრა, რომ გ. მ-ნ ინახებოდა მისი ხელწერილი და ვიდეოკასეტა. ბ. ა-მ იმ წუთში გაგზავნა ქ-ა ხელწერილისა და კასეტის მოსატანად. პ. მ-ს კი გამოჰკითხა, რამდენი ჰქონდა მისჯილი და დაინტერესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. დაახლოებით ნახევარ საათში ქ-მ მოიტანა ხელწერილი და კასეტა, რომლებიც გ. მ-ს თურმე სახლში ჰქონია წაღებული. ქ-მ გადასცა ეს ყველაფერი ბ. ა-ს. ა-მ პ. მ-ს უთხრა, ჩვენგან რას მოითხოვო, მან უპასუხა, რომ იყო მძიმე ავადმყოფი, რასაც მისი ისტორიაც ადასტურებდა და ითხოვდა მიეცათ მკურნალობის საშუალება, დაებრუნებინათ სამკურნალო დაწესებულებაში. ა-მ უთხრა, კარგია, რომ ქურდი აღარ ხარ და ამის შესახებ არავინ არ იცისო. სწორედ შენისთანა კაცი გვჭირდებოდა და გამოგვადგებიო. აუცილებლად გადაგიყვანთ სამკურნალო დაწესებულებაში. ამავდროულად მოგეხმარებით სააპელაციო სასამართლოში, რათა საერთოდ გამოხვიდეო, თუმცა ამისათვის ჩვენი ერთი-ორი პირობა უნდა შეასრულოო, კერძოდ, პ. მ-ს უნდა გაეგო ქურდებისა და მაყურებლების მე-7 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ ვის დაუტოვეს ქურდებმა საერთო - ანუ ,,ობშიაკის“ ფული და სიები, ვის რამდენი ჰქონდა შეტანილი და გატანილი ამ თანხიდან. ,,საერთო“ გააჩნდა ყველა დაწესებულებას. იმ პერიოდისათვის №5-ში იყო შეკრებილი თვითონ №5-2 სამკურნალო დაწესებულებისა და №1 (კრიტი) დაწესებულების საერთო ფული, ხოლო ქურდებისა და მაყურებლების გადაყვანის შემდეგ ეს ფული და სიები, სავარაუდოდ, დარჩა რომელიმე „კაი ბიჭს“. სწორედ მისი ვინაობის დადგენას ითხოვდნენ მისგან. პ. მ-ა უთხრა, რომ გაიგებდა, ვისთან ინახებოდა თანხა და სიები. ამის შემდეგ გადაიყვანეს ისევ №7 დაწესებულებაში და 16 თებერვალს, ისევ ღამის 02 საათზე, კვლავ პოლიციელის ფორმით ნიღაბჩამოფარებული, მიიყვანეს ისევ ბ. ა-ს კაბინეტში. იქ დახვდნენ ბ. ა-ა, ნ. ხ-ა, გ. დ-ე, მეტსახელად „მ-ა“ და რ. ჭ-ე. აქაც შედგა იგივე საუბარი. ბ. ა-მ და ,,მ-მ“ მოითხოვეს ,,საერთოს“ ადგილსამყოფლის გარკვევა. პ. მ-ს აზრით, ამ შეხვედრაზე ხ-ა და ,,მ-ა“ იმიტომ მოიყვანეს, რომ თვითონ ბ. ქ-ა და ჭ-ე ციხის საქმეში გამოუცდელები იყვნენ. ხ-ა კი პროფესიონალია, იგი წლების განმავლობაში აკონტროლებდა ციხის აგენტურას და მას შეეძლო დაზუსტებით ეთქვა, ცრუობდა თუ არა. პ. მ-ი ამით დროს იგებდა. მას არ შეეძლო გაეგო, სად იყო ,,საერთო“, მაგრამ რომ არ ემკურნალა, ახლა მკვდარი იქნებოდა. 20 თებერვალს სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და მოათავსეს ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარე შენობაში. ადრე აქ განთავსებული იყვნენ მსჯავრდებული ქალები. ეს შენობა სხვა შენობებისაგან გამიჯნული იყო დიდი რკინის კარით. საკნების ფანჯრები გადიოდა აკრძალულ ზონაში, ასე რომ იქიდან რაიმე კონტაქტის დამყარება შეუძლებელი იყო. თავიდან იყო მარტო, მეორე დღეს მიიყვანეს ვიღაც გ. ჩ-ე, რომელიც იყო ფეხში დაჭრილი. იმავე დღეს პ. მ-ნ მივიდა ნ. ხ-ა და ბ. ა-ს დავალებით გადასცა ,,ჯეოსელის“ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონი. ამ ტელეფონის საშუალებით უნდა დაემყარებინა კავშირი გარესამყაროსთან. 23-დან 24 მარტამდე ღამე პ. მ-ნ მივიდნენ ბ. ა-ა, მ. ქ-ა, დ. ჭ-ა, რ. ჭ-ე და ,,მ-ა“. ესენი იყვნენ ს-ს კაბინეტში, სადაც ის შეიყვანეს. მ-მ დაუწყო ლაპარაკი, რომ პრესასა და ტელევიზიაში ბ. ა-ს წინააღმდეგ აგორებული იყო უსიამოვნო ამბები, მათ შორის იმაზე, რომ თითქოს ბ. ა-ა თავის ხელქვეითებთან ერთად მთვრალი მიდიოდა და უმიზეზოდ სცემდა პატიმრებს. ,,მ-მ“ თქვა, რომ სჭირდებოდა ამის გამაქარწყლებელი საბუთი, რომლის მოპოვებაშიც პ. მ-ი უნდა დახმარებოდა. კერძოდ, მათი გეგმა იყო ასეთი: ერთ-ერთი გასეირნების დროს, მას შემდეგ, რაც პატიმრები გამოვიდოდით პალატიდან, ისინი სასწრაფოდ მათ ფლიგელში, კერძოდ, დერეფანში დაამონტაჟებდნენ ფარულ ვიდეოკამერას. ამის შემდეგ ს-ს თანხმობით შემოიყვანდნენ ფლიგელში ზ. ვ-ს და პ. მ-ს უნდა ჩამოეგდო საუბარი ციხეში არსებულ აუტანელ მდგომარეობაზე, რომ ყველაფრის მიზეზი იყო ბ. ა-ა და როგორმე უნდა მოეხდინა მისი დისკრედიტაცია. მას უნდა დაევალებინა ზ. ვ-ს, რომელიც მათი მხრიდან მოიაზრებოდა, როგორც ციხის მაყურებელი, რომ მას მოეძებნა სანდო პატიმარი, რომელიც იქნებოდა გახმაურებულ საქმეში გამავალი ასე თუ ისე ცნობილი ადამიანი. ამ ადამიანს უნდა მიეყენებინა სხეულზე თვითდაზიანება, შემდეგ ეჩივლა ამის შესახებ უფლებადამცავ ნ. კ-ნ და სხვებთანაც, რომ ეს დაზიანებები მას თითქოსდა მიაყენა ბ. ა-მ. ფარული კამერით ეს საუბარი ჩაიწერებოდა. როცა ეს პატიმარი საჩივრით მიმართავდა რომელიმე უფლებადამცავს და ატყდებოდა სკანდალი, ბ. ა-ა ამ მომენტში გამოაქვეყნებდა აღნიშნულ ჩანაწერს, რითაც მთელ ქვეყანას დაუმტკიცებდა, რომ ქურდები მის წინააღმდეგ აწყობდნენ პროვოკაციებს და ყველაფერს აბრალებდნენ. თუკი მე იგი ე.წ. ,,ოპერაციას“ წარმატებით შევასრულებდი, ისინი პ. მ-ნ აღარ მოითხოვდნენ საერთოს ადგილსამყოფლის პოვნას და დაეხმარებოდნენ სასამართლოში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ არის დადგენილი, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით იყო გავრცელებული ბ. ა-ს მიერ ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას პატიმრების ცემისა და დამცირების ფაქტები და რის გამოც მან გადაწყვიტა უკანონო გზებით გაექარწყლებინა მის მიმართ არსებული ეს ინფორმაცია.
თავად დაზარალებული პ. მ-ი სხვადასხვა ეტაპზე მიცემულ არათანმიმდევრულ ჩვენებებში ცალსახად უთითებს იმ გარემოებას, რომ მან კანონიერ ქურდობაზე უარის თქმის შესახებ მიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორ გ. მ-ს და ის შეჰპირდა, რომ საქმის კურსში ჩააყენებდა იმჟამინდელ იუსტიციის მინისტრ კ. კ-ს. შემდეგ აჩვენებს, რომ მან დაწერა კიდეც განცხადება (კანონიერ ქურდობაზე უარის თქმის შესახებ) და ვიდეო ფირზეც დააფიქსირა თავისი პოზიცია, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება აღნიშნული ფაქტი. ბრალდების მხარეს არც განცხადება და არც ვიდეო ფირი არ გააჩნია. ამასთან, ბრალდების მხარემ პ. მ-ს ჩვენების ეს ნაწილი არ გადაამოწმა თავად პ. მ-ს მიერ დასახელებული პირების - გ. მ-ა და კ. კ-ს დაკითხვით, რაც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, გადაემოწმებინა დაზარალებულ პ. მ-ს ჩვენების სარწმუნოობა აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებით.
ბრალდებას დადგენილად მიაჩნია, რომ მ. ქ-მ №7 საპყრობილეში მყოფ მსჯავრდებულ პ. მ-ს გადააცვა სპეცდანიშნულების რაზმელის ფორმა, გაუკეთა ნიღაბი, კერძო პირის ავტომანქანით უკანონოდ გაიყვანა №7 საპყრობილის ტერიტორიიდან და მიიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობაში, თავმჯდომარის კაბინეტში. იქ მას დახვდნენ ბ. ა-ა, ამავე დეპარტამენტის მსჯავრდებულთა სოციალური განყოფილების უფროსი რ. ჭ-ე, დეპარტამენტის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ა. ხ-ა და საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსი გ. დ-ე, მეტსახელად ,,მ-ა“.
ასევე საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მ. ქ-მ გადააცვა პ. მ-ს სპეცდანიშნულების რაზმელის ფორმა. პირიქით, ბრალდების მხარე ამ ფაქტთან მიმართებით წინააღმდეგობაში მოვიდა პ. მ-ს ჩვენებასთან, რომელიც ამბობს, რომ მას მ. ქ-მ პოლიციელის ფორმა გადააცვა და ისე მიიყვანა.
2006 წლის 27 მარტის ციხის ბუნტთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს პ. მ-ი ხან ამტკიცებდა და ხან უარყოფდა იმ ფაქტს, რომ მ. ქ-მ მიიყვანა ის ბ. ა-ნ კაბინეტში მოსალაპარაკებლად, კერძოდ: პ. მ-ი 2006 წლის 13 აპრილს (დაკითხვას ესწრებოდნენ პროკურორი და ადვოკატი) მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ კანონიერ ქურდობაზე უარის თქმის მიზეზი იყო ის, რომ კანონით დასჯადი გახდა კანონიერი ქურდობა. 2006 წლის 5 ივნისს სახალხო დამცველი ს. ს-ი და მისი აპარატის თანამშრომლები ხვდებიან პ. მ-ს და იწყებენ მის გამოკითხვას, სადაც ამბობს, რომ №7 საპყრობილეში ის გადაიყვანეს 14 იანვარს. მ. ქ-ს უთხრა, რომ უარს ამბობდა თავის ტიტულზე და თუ შეღავათები ექნებოდა და გაათავისუფლებდნენ, ითანამშრომლებდა მათთან. კითხვაზე, თუ სად მოხდა ეს შეთანხმება, პ. მ-ი პასუხობს - ს-ს კაბინეტში. ასევე კითხვაზე, თუ ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას, ის პასუხობს, რომ ესწრებოდნენ მ. ქ-ა და ბ. ა-ა. ამდენად, პ. მ-ი ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ მისი პირველი შეხვედრა ბ. ა-ნ მოხდა ს-ს კაბინეტში, მაშინ, როდესაც სხვა ჩვენებებში უთითებს სხვა ადგილებს. ს. ს-ს მიცემული ახსნა-განმარტების საფუძველზე იგი დამატებით იქნა დაკითხული 2006 წლის 12 ივნისს, მის დაკითხვას ესწრებოდნენ პროკურორი და მისი ორი ადვოკატი. პ. მ-ი უარს აცხადებს ჩვენების აუდიო და ვიდეოჩაწერაზე და კატეგორიულად უარყოფს მის მიერ ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულ ფაქტებს, ასევე იმ ფაქტს, რომ ის იყო გადაყვანილი ბ. ა-ს კაბინეტში და უარყო ყოველგვარი მოლაპარაკება მასთან. მას უნდოდა, რომ ამ საქმით დაინტერესებულიყვნენ პროკურატურა და საზოგადოება, რის გამოც მიუთითა ახსნა-განმარტებაში ეს ფაქტი. კანონიერ ქურდობაზე უარი თქვა ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის გამო, სურს ისევ დააზუსტოს, რომ არანაირ კავშირს და შეთანხმებას ბ. ა-ნ ადგილი არ ჰქონია, ა-ს კაბინეტში ის არ ყოფილა და ნანახი ჰყავდა მხოლოდ ტელევიზიით. ადვოკატის კითხვაზე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ფაქტთან დაკავშირებით, ის პასუხობს, რომ მის მიერ მიცემული (დღევანდელი) ჩვენება არის სრული სიმართლე, მანამდე საქმეს იძიებდნენ იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლები, რომლებსაც იგი არ ენდობოდა.
ამდენად, აღნიშნული და შემდგომში მიცემული მისი ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ სარწმუნოობას.
ამასთან, პ. მ-ს ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი ადასტურებს მ. ქ-ს მიერ მისი ბ. ა-ს კაბინეტში მიყვანის ფაქტს, წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების ფორმულირებასთან, რომლის მიხედვით, ის ერთხელ იყო მიყვანილი ბ. ა-ს კაბინეტში, სადაც მან მიიღო ა-ნ დავალება და დაპირება, მაშინ, როდესაც თავად პ. მ-ი მ. ქ-ს მიერ მისი ორჯერ მიყვანის ფაქტს ადასტურებს ბ. ა-ს კაბინეტში. ამასთან, პ. მ-ს ჩვენებით, ბ. ა-ს კაბინეტში სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა ა. ხ-ა, რომელმაც შემდგომში გადასცა მას ,,ჯეოსელის“ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონი. ბ. ა-ს მიერ მისთვის დავალების მიცემას და საუბარს ბოლომდე ესწრებოდა მ. ს-ე, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა კამერის დამონტაჟებისთვის და უნდა შემოეშვა ზ. ვ-ი მის საკანში. ასევე აცხადებს, რომ 25 მარტს გამოიყვანეს სასეირნოდ და ამ დროს მ. ს-ა და დ. ჭ-ს მონაწილეობით დაამონტაჟეს მათ ფლიგელში ვიდეოთვალი. მაშინ, როდესაც ბრალდების ფორმულირების მიხედვით, ბ. ა-ს კაბინეტში პ. მ-ს მიყვანის დროს არ უთითებენ იქ მ. ს-ს ყოფნას, თავად მ. ს-ე თავის ჩვენებაში აცხადებს, რომ სწორედ მან გადასცა მობილური ტელეფონი პ. მ-ს, რაც შეეხება დამონტაჟების ფაქტს, მან ამის შესახებ არაფერი იცის და პირველად გაიგო გამომძიებლისაგან. აღნიშნული ჩვენებით მ. ს-ე წინააღმდეგობაშია როგორც ბრალდების ფორმულირებასთან, ისე პ. მ-ა და ა. ხ-ს ჩვენებებთან. ა. ხ-ა თავის ჩვენებაში აჩვენებს, რომ ზუსტად თვე არ ახსოვს, დაახლოებით თებერვალში, ბ. ა-მ დაუძახა თავის კაბინეტში, სადაც დახვდნენ ა-ა, ჭ-ე და დ-ე. ცოტა ხანში იქ მივიდა 5-8 სპეცრაზმელი, ერთ-ერთს რომ მოხადეს ნიღაბი, აღმოჩნდა კანონიერი ქურდი პ. მ-ი, მას დავალება მისცეს ,,ობშიაკთან“ დაკავშირებით, ასევე პატიმრების მიერ თვითდაზიანების მიყენებაზე, რომელიც უნდა დაბრალებოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას. ეს ყველაფერი აღიბეჭდებოდა ფირზე და საჭირო დროს გამოქვეყნდებოდა. როგორც აღვნიშნეთ, ბრალის დადგენილების მიხედვით, პ. მ-ა ერთხელ მიიღო დავალება და სხვა დროს დავალების მიცემაზე საუბარი არ არის. პ. მ-ს ჩვენებით, ამ დავალების მიცემას ესწრებოდა მ. ს-ე და მას დაევალა ვიდეოთვალის დამონტაჟება, თუმცა არც ა. ხ-ა ამბობს რამეს მ. ს-ე და არც მ. ს-ე ახსენებს მას. ამასთან, ა. ხ-ს ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მან გადასცა მობილური ტელეფონი პ. მ-ს, წინააღმდეგობაშია მ. ს-ს ზემოაღნიშნულ ჩვენებასთან, რომ ტელეფონი მან გადასცა.
ამდენად, საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ წინააღმდეგობრივ, არათანმიმდევრულ ჩვენებებს ვერ მიიღებს დამაჯერებლად ბ. ა-ა და მ. ქ-ს ბრალის დასადასტურებლად ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში, ხოლო საქმეზე ჩატარებულ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოკასეტაზე არსებული ჩანაწერის ფონოგრამაში გამოიკვეთა სამი დიქტორი, სამივე მამაკაცი და აღნიშნულ ჩანაწერს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, ასევე საკასაციო პალატა ვერ მიიღებს ბ. ა-ა და მ. ქ-ს ბრალის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, რადგან ამავე ექსპერტიზის დასკვნით ამ სამი მამაკაცის ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაცია შეუძლებელია, სათანადო მეთოდიკის არარსებობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ბრალდების მიერ წარმოდგენილ, ზემომითითებულ თითოეულ მტკიცებულებას აფასებს რა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, თვლის, რომ ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში არ არის წარმოდგენილი მსჯავრდებულების - ბ. ა-ა და მ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო, გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მხოლოდ ვარაუდი, რომ შესაძლებელია მათ მართლაც ჩაიდინეს დანაშაული, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო ეჭვი, რომელიც წარმოიშვა მტკიცებულებების შეფასებისას, უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ. ამდენად, განაჩენი მსჯავრდებულების - ბ. ა-ა და მ. ქ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი