ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 24.10.2014
საქმის ნომერი
2კ-35-I-14
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.10.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№351-14 24 ოქტომბერი, 2014 წელი

თ-ი რ, 351-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ჯ. უ-ს

ადვოკატ - დ. ჯ-ს

მსჯავრდებულ - რ. თ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის განაჩენით რ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. ს-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 3000 ლარი, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. მ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 3000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 6000 ლარი.

2013 წლის 18 იანვარს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. კ-მ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. თ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. თ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

რ. თ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. მ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

რ. თ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2099 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. ს-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 1/3–ით და მოსახდელად დარჩა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული რ. თ-ი დააკავეს 2014 წლის 25 სექტემბერს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. თ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მათ საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული რ. თ-ი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; ამავე კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 23 დეკემბრით დათარიღებული დაზარალებულ ე. ს-ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც ირკვევა, რომ იგი თანხმობას აცხადებს, მსჯავრდებულ რ. თ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია, არ გააჩნია არანაირი პრეტენზია და თანახმაა, იგი გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული რ. თ-ი უნდა გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. ს-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, რ. თ-ი გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. ს-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

მსჯავრდებული რ. თ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. სხირტლაძე