შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#283აპ.-14 ქ. თბილისი
ჯ-ა ი.-283ap.-14 27 თებერვალი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – ი. ჯ-ასა და ჯ. თ-ას, ასევე – მსჯავრდებულ ი. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: ი. ჯ-ა, – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ჯ. თ-ა, – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წლის 8 მაისს თბილისში, ჯავახეთის ქ. №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ჯ-ა ჯ. თ-ასთან წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა. ბ-ის კუთვნილ საფულეს, რომელშიც იდო ფულადი თანხა – 55 ლარი და 40 თეთრი. აღნიშნული საფულე მან მაშინვე გადასცა თანმხლებ პირს – ჯ. თ-ას, რის შემდეგაც თბილისის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ისინი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
3. აღნიშნული ქმედებისათვის ი. ჯ-ასა და ჯ. თ-ას განესაზღვრათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოთ 2013 წლის 8 მაისიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა. მსჯავრდებულმა ჯ. თ-ამ ითხოვა განაჩენის გაუქმება იმ მოტივით, რომ დანაშაული მარტომ ჩაიდინა, ხოლო მსჯავრდებულმა ი. ჯ-ამ ითხოვა განაჩენის გაუქმება და გამართლება იმ მოტივით, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. პროკურორმა მ. ჩ-ემ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორები: მსჯავრდებული ი. ჯ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ბ-ა საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა კრიტიკულად არ შეაფასეს საქმისათვის მნიშვნელოვანი დეტალები, არ გააანალიზეს და ობიექტურად არ შეაფასეს იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც გამოიყენეს ი. ჯ-ასათვის წაყენებული ბრალის დასადასტურებლად და საქართველოს კონსტიტუციის მე-40, საქართველოს სსსკ-ის 259-ე, 269–ე და 273-ე მუხლების დარღვევით გამოიტანეს უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი; სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულ ჯ. თ-ას ჩვენებები და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მხოლოდ იმ მოწმეთა არაობიექტურ და მიკერძოებულ ჩვენებებზე დაყრდნობით, რომლებიც თბილისის შს სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლები არიან.
7. კასატორთა აზრით, ი. ჯ-ას დანაშაული რომ ჩაედინა, აუცილებლად დადასტურდებოდა დანაშაულის ადგილზე დამონტაჟებული კამერებით, მაგრამ სასამართლომ არ გამოითხოვა ჩანაწერი; ასევე არ ჩატარდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ნივთმტკიცებად ცნობილ ტყავის საფულეზე; ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; ი. ჯ-ას ბრალეულობა არ დასტურდება არც მოწმეთა ჩვენებებით და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით; მისი საქმე განიხილებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევებით.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ი. ჯ-ა და ადვოკატი ლ. ბ-ა ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და ი. ჯ-ას გამართლებას.
9. მსჯავრდებული ჯ. თ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არასწორად შეფასდა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები; აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ჯ. თ-ა ითხოვს საქმის განხილვას და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. ჯ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ჯ. თ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ი. ჯ-ასა და ჯ. თ-ას მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ა. ბ-ის კუთვნილი საფულის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ი. ჯ-ასა და ჯ. თ-ასთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:
3. დაზარალებულ ა. ბ-ის ჩვენებით, ჯ. თ-ას პირადი ჩხრეკის ოქმითა და ნივთის ამოცნობის ოქმით უტყუარად დადგენილია, რომ 2013 წლის 8 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ თბილისში, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ბ-ს ჩანთიდან ფარულად ამოაცალეს წითელი ფერის ტყავის საფულე, რომელიც ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ჯ. თ-ასგან, ხოლო მოგვიანებით აღნიშნული საფულე ამოიცნო დაზარალებულმა ბ-მა.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმე რ. რ-ემ განმარტა, რომ არის შსს-ს თანამშრომელი. 2013 წლის 8 მაისს ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი მიზანი იყო ჯიბის ქურდების გამოვლენა. ვარკეთილის მეტროსთან შეამჩნიეს ორი მოქალაქე: ერთი ახალგაზრდა (თ-ა), მეორე უფრო ხანში შესული (ჯ-ა). ისინი საეჭვოდ იქცეოდნენ, კერძოდ: აკვირდებოდნენ მოქალაქეებს ჩანთებსა და ჯიბეებზე. თ-ა ჩამოშორდა ჯ-ას, წინ გაუსწრო ქალბატონს, შემოტრიალდა და ჩანთაზე დაუწყო დაკვირვება. ამ დროს ჯ-ა უკნიდან მიუახლოვდა ქალბატონს და მარცხენა მხრიდან ამოაცალა საფულე. შემდეგ თ-ა უკან დაბრუნდა, მიუახლოვდა ჯ-ას, გამოართვა საფულე, ამოიდო მარცხენა იღლიაში და გზა გააგრძელა, რა დროსაც დააკავეს. მოწმემ განმარტა: ,,შემთხვევის დროს ისინი (ჯ-ა და თ-ა) კონტაქტობდნენ და ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. რომ ჩამოშორდნენ ერთმანეთს, მაშინაც შემობრუნდა თ-ა და თვალებით ეკონტაქტებოდა“.
5. რ. რ-ის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა: დ. დ-იმ, ლ. ზ-ემ, დ. ო-მა და გ. მ-ამ. მათ თანმიმდევრულად და დეტალურად აღწერეს ორივე ბრალდებულის ქცევა და მიუთითეს მათ არავერბალურ კომუნიკაციაზე (თვალებით კონტაქტი, თავის დაქნევა) როგორც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის წინ, ისე უშუალოდ მისი ჩადენის მომენტში.
6. ზემოთ ხსენებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია ჯ. თ-ასა და ი. ჯ-ას მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქურდობის ჩადენის ფაქტი.
7. მსჯავრდებულ ი. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ას მიერ საჩივარში აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ჯ-ას უდანაშაულობა აუცილებლად დადასტურდებოდა დანაშაულის ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, მაგრამ ბრალდების მხარემ არ ისურვა მათი ამოღება, პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულია სს ,,თელასის“ ტექნიკური დირექტორის - მ. ქ-ას წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 2013 წლის 8 მაისს, 10:35 სთ-დან 16:45 სთ-მდე, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ჯავახეთის ქუჩაზე, ელექტროენერგია იყო გამორთული გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა საქმის არსებითი განხილვის დროს ჯავახეთის ქუჩის № ---ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მომუშავე მოწმე მ. ჭ-ემ.
8. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ წითელი ფერის ტყავის საფულეზე ბრალდების მხარეს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა. ისინი თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. შესაბამისად, დაცვის მხარე უფლებამოსილი იყო, საჭიროების შემთხვევაში თავად მოეპოვებინა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა.
9. რაც შეეხება მსჯავრდებულ ჯ. თ-ასთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის) ბრალად შერაცხვას, პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ჯ. თ-ას მიერ ქურდობის არაერთგზის ჩადენის თაობაზე და ბრალდების ამ ნაწილში მსჯავრდებული უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
11. საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განაჩენიდან ირკვევა, რომ ჯ. თ-ა გასამართლებულია 2005 წლის 10 აპრილს ჩადენილი ჯგუფური ყაჩაღობისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქციია), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლიდან გამომდინარე, იგი მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება.
12. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებული ჯ. თ-ა დაბადებულია 1987 წლის 24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედება კი ჩაიდინა 2005 წლის 10 აპრილს. ამ დროისათვის იგი იყო 18 წელს მიუღწეველი; საქართველოს სსკ-ის მე - 100 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმას, ვინც დანაშაული 18 წლამდე ჩაიდინა, მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას ნასამართლობა გაუქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ ჯ. თ-ამ საქმეში წარმოდგენილი ცნობის მიხედვით სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა 2009 წლის 8 აპრილს (სასჯელის კალენდარულად მოხდის გამო), მას ნასამართლობა გაუქარწყლდა 2012 წლის 8 აპრილს; შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის განაჩენით ბრალად შერაცხული ქურდობის ჩადენისას - 2013 წლის 8 მაისს - ის უკვე ნასამართლობა გაქარწყლებული იყო, რაც გამორიცხავს ჯ. თ-ასთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის ბრალად შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.
13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მოცულობის შემცირების გამო, მსჯავრდებულ ჯ. თ-ას უნდა შეუმსუბუქდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. ჯ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. მსჯავრდებულ ჯ. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ჯ. თ-ა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ჯ. თ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯოს 4 (ოთხი) წლითა დ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2013 წლის 8 მაისიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე